Monday, November 14, 2011

„რაღაა იგი ნათელი, რასაცა(რ) ახლავს ბნელია...“




იწურება ნოემბერი. მალე დეკემბერიც შემოგვიღებს კარს. ჩემთვის ეს პერიოდი უკვე მყარად ასოცირდება სასიამოვნო მოლოდინთან. ამ მოლოდინის წყარო კი უკვე ტრადიციად ქცეული თბილისის კინოფესტივალია.

ფესტივალი, რომელიც მიუხედავად საკმაოდ მცირე ბიუჯეტისა, მაინც ყოველთვის ახერხებს გაახაროს კინოსმოყვარულები, მოუმზადოს სასიამოვნო სიურპრიზები, საფესტივალო კვირა გადააქციოს უკვე აღიარებამოხვეჭილ თუ ნაკლებადცნობილ, რამ ამა თუ იმ ნიშნით ყურადსაღებ ახალ ფილმებთან, საინტერესო კინემატოგრაფისტებთან და არანაკლებ საინტერესო პიროვნებებთან შეხვედრის ეპიცენტრად...., განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მათთვის, ვისაც ჩემსავით უკვე თვითმფრინავის ფორმაც კი დაავიწყდა.

აღარაფერს ვამბობ სპეციფიკურ საფესტივალო ატმოსფეროზე თავისი მსუბუქი აღგზნებულობით, მუდმივი არჩევანის პრობლემებით, გაუთავებელი ზუზუნით, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტია რჩევები და რჩევების ძიება, უცვლელი კითხვები სეანსამდე: ვარგა? ღირს ნახვა? შენ რაზე შედიხარ? და ემოციური, მაგრამ ლაკონური შეფასებები სეანსის შემდეგ.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ცნობილი ფაქტია, სრულყოფილების ცნება იდეალურის სფეროდანაა. მზესაც კი აქვს ლაქები, თუმცა მზისგან განსხვავებით საფესტივალო ლაქების ამოშლა არა მგონია, გადაუწყვეტელი ამოცანა იყოს.

მთავარი და ფესტივალის მუდამ თანამდევი „ბნელი“ – თარგმანის მრავალკომპონენტიანი პრობლემა. პირველი კომპონენტი – რბილად რომ ვთქვათ, უხარისხო თარგმანია, რომელიც ფესტივალის დამთავრების შემდეგაც დიდხანს ართობს კინომოყვარულებს ანეკდოტების სახით – დაწყებული ფრაზით „ნუ გაიკეთებ კერპს“ და დამთავრებული „მე აშამედი მქვია“–თი, რაც I am Ashamed-ის თარგმნით მივიღეთ.

მეორე კომპონენტი და სიტუაცია, როცა ფილმი თავიდან სუბტიტრებით მიდის, შემდეგ კი უცებ სუბტიტრები წყდება და ... არაფერიც არ ხდება, მაყურებელს შეუძლია დატკბეს ინგლისურის, ირანულის თუ თურქულის უფასო გაკვეთილებით. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ფილმი „უეცრად“, ეტყობა ორგანიზატორებისთვისაც მოულოდნელად მხოლოდ უცხოენოვანი სუბტიტრებით მიდის; როცა ეს, დავუშვათ, ინგლისურია, დარბაზი ასე თუ ისე გაგებით ხვდება ამ ამბავს (საყველპურო ინგლისური უკვე ყველამ ვისწავლეთ და თუ ვერ ვისწავლეთ, ამის აღიარება უკვე „ტეხავს“); მაგრამ თუ სუბტიტრები ფრანგული ან სხვაენოვანია, აუდიტორია „თამამდება“ და უკვე უშუალოდ დარბაზში, მაყურებლებში იწყება ამ ენების მცოდნეთა ძებნა და ხვეწნა–მუდარა.

შემთხვევითობისგან არავინ არის დაზღვეული და დარწმუნებული ვარ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგრამ, ვფიქრობ, დაზღვევა მაინც შესაძლებელია, თუნდაც სამარქაფოდ ენის მცოდნეების მობილიზებით; და თუ ესეც პრობლემაა, ბოდიშს მაინც რა უდგას წინ?

თუმცა უკან მიდევნებული ბოდიში ბევრი ვერაფერი ნუგეშია მაყურებლისთვის. ორგანიზატორებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ ფესტივალის ფილმებზე ბილეთებიც იყიდება. შეიძლება ბევრი არა და მაყურებლის ძირითადი მასას პრესა და კინოპროფესიონალები შეადგენენ, მაგრამ ის ნაწილიც, მიუხედავად რიცხოვნებისა, ვფიქრობ, იმსახურებს პატივისცემას. ამ პატივისცემის გამოხატვა კი თუნდაც იმით შეიძლება, რომ სალაროსთან მაინც გაიკრას წარწერა, რა ფორმით იქნება ფილმი დემონსტრირებული: ორიგინალში, უცხოენოვანი თუ ქართული სუბტიტრებით და ა.შ.

ისევ თარგმანთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი საფესტივალო ცხოვრებიდან: შეხვედრებზე, მასტერკლასებზე რამდენჯერმე გაიჟღერა შეკითხვამ: თარგმანი საჭიროა? საბოლოოდ შეხვედრა მაინც თარგმანის თანხლებით მიდიოდა, მაგრამ თავად შეკითხვამ საკმაოდ უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა. როგორც ვიცი, არსად გამოცხადებულა, რომ ფესტივალის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, რომ ეს კონკრეტული შეხვედრა წარიმართებოდა ინგლისურად, მაშ რატომ ვკითხულობთ? რამდენადაც ვიცი, ინგლისური არც სახელმწიფო ენაა (ჯერჯერობით მაინც) და არც სავალდებულო, მით უმეტეს, ვიმეორებ, მაყურებლისთვის, რომელმაც ბილეთი იყიდა.

ხშირად გამიგია ამაყად წარმოთქმული ფრაზა, რომ ჩვენში წვეთი აღარ დარჩა საბჭოური. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ალბათ უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა. და ესეც განა საბჭოთა ღირებულებების გამოძახილი არ არის, რადაგან სწორედ საბჭოეთი გამოირჩეოდა ცალკეული, რიგითს რომ ვუწოდებთ ხოლმე, იმ ადამიანის უგულებელყოფით და ზოგადად ადამიანის ღირებულებათა სკალის ყველაზე დაბალ საფეხურზე განთავსებით.

ძალიან რთულია, პატივი ვცეთ ადამიანის ელემენტარულ უფლებას მიიღოს ის, რასაც შეპირდნენ? არა მგონია – მთავარია, მოვინდომოთ.

რაღაც ძალიან გადავვარდი პუბლიცისტიკაში და დასასრულიც თითქოს მკაცრი გამომივიდა. არადა, არ მინდოდა. უბრალოდ, მართლა მიყვარს „ჩემი ფესტივალი“ და მისი ხილვა ლაქების გარეშე მსურს.

Monday, May 23, 2011

რა გვაცინებს?!

რამდენიმე ხნის წინათ პირველ არხზე შემთხვევით გადავაწყდი 90-იანი წლების სატელევიზიო ფილმს „რა გაცინებს?!“ (1996) გადავაწყდი. ალბათ მედეა ჩახავას იუბილეს გამო გაახსენდა ეს უფრო საახალწლო დღეებისთვის შესაფერისი ფილმი.

ასე იყო თუ ისე, ტელევიზორთან შევრჩი და ამან ჩემთვის საინტერესო (თუმცა არა მოულოდნელ) აღმოჩენამდე მიმიყვანა.

აღმოჩენა კი იმაში მდგომარეობდა, რომ თურმე ფილმი სულაც არ მოძველებულა; სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. საბედნიეროდ - ფილმისთვის, სამწუხაროდ - ჩვენთვის, საზოგადოებისთვის. მართალია, შუქის წასვლა-მოსვლა დღეს აღარ არის აქტუალური, მაგრამ დანარჩენი... მეცნიერების დაკნინებით დაწყებული, ყველაფრის გაყიდვით გაგრძელებული და მხოლოდ გარედან მოსული სასწაულის იმედით დამთავრებული ძალზე თანამედროვედ ჟღერს.

და ისევ აქტუალურია - რა გვაცინებს?!

არ მოძველებულა სხვა ასპექტშიც.

და ისევ - ვაი, ჩვენ!

ცოტა კი მეუხერხულება ამაზე საუბარი, რადგან ფილმის დამდგმელი ოპერატორი ჩემი მეუღლეა, მაგრამ საყოველთაო თვითრეკლამის ეპოქაში, ვეცდები დავძლიო უხერხულობა და ვთქვა, რომ თვალში მეცა გამოსახულების მაღალი ხარისხი. ნება მომეცით გამოვიყენო ავტოციტატა, თვალში მეცა „კადრზე ნაფიქრი კადრი“. ეს ციტატა „მზის კინოკლუბის“ გადაცემიდანაა, როცა კახა მელითაურისა და თინა მენაბდის ფილმის „როგორც ლურჯა ცხენები“ ხელახლა ნახვისას ვიგრძენი ეს მონატრება და აღმოვაჩინე რა შორს წავსულვართ .... უკან.

„რა გაცინებს?!“ ერთ-ერთი პირველი მხატვრული ვიდეოფილმია (ჩვეულებრივ ბეტაკამზე გადაღებული) და როგორც კულისებთან ახლო მდგომ ადამიანს კარგად მახსოვს ტელევიზიის თანამშრომელთა გაოცებანარევი სიცილი, როცა გადამღებ ჯგუფს გასანათებელი აპარატურით სავსე სატვირთო მანქანა გაჰყავდა გადასაღებ ობიექტზე. შემდეგ ფილმის ჩვენებაზე კოლეგა ოპერატორების გაოცებული და იჭვნარევი სახეებიც მახსოვს, როცა ჩაძიებით და უკვე მერამდენედ კითხულობდნენ, მართლა ბეტაკამზე იყო ფილმი გადაღებული თუ არა.

და თუ ეს უშუქო და უსასო 90-იან წლებში, ჩვენში ვიდეოტექნიკის ათვისების საწყის პერიოდში იყო, რა გვჭირს ახლა, რომ დღევანდელი ბრტყელი, ცარიელი ან ბრჭყვიალა სილამაზით გადატვირთული კადრების შემხედვარე უკვე საქებარი გამხდარა, თუ აშკარა შეცდომებმა თვალი არ მოგჭრა, თუ კადრმა არ გაგაღიზიანა.

უკვე ამოვშალეთ კადრი კინემატოგრაფის გამომსახველობითი საშუალებებიდან? კადრით მეტყველება მოდაში აღარ არის? თუ შემფასებელ-დამფასებელს ვეღარ ვხედავთ და აღარ ვიწუხებთ თავს? თუ აღარც კი ვიცით, როგორ შევიწუხოთ თავი?...

Wednesday, April 20, 2011

მენეჯმენტი და მარკეტინგი ქართულად

კინომცოდნის ბედი ასეთია - ხასიათზეა თუ არა, პროფესიდან გამომდინარე ვალდებულია თვალი ადევნოს თანამედროვე კინოპროცესს. ვალდებულების ტვირთი კიდევ უფრო იზრდება, როცა საქმე ქართულ კინოპროცესს ეხება.

როცა სიამოვნებაში და გართობაში იხდი ფულს, გასაგებია - ეს შენი არჩევანია; როცა ვალდებულებაში, რომელიც ხშირად სულაც არ არის შერწყმული სიამოვნებასთან - ცოტა უფრო მძიმე; როცა პროფესიული მოვალეობის შესრულება საერთოდ არ არის ანაზღაურებადი და ჰობის მსგავსად, იძულებული ხარ იქით აფინანსო - ეს უკვე გამაღიზიანებელი ხდება.

ამ სიტუაციის მცირედ მაინც შესამსუბუქებლად (ქართული პროდუქციის სულ უფრო მზარდი რიცხვის ფონზე) კინემატოგრაფისტთა კავშირს საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი მოლაპარაკებების ჩატარება მოუწია თბილისის კინოთეატრების ადმინისტრაციასთან. როგორც იქნა, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და კავშირის წევრ კინომცოდნეებს კინოსეანსებზე თავისუფალი დასწრების უფლება დაგვრთეს.

მაგრამ...

მხოლოდ პირადი გამოცდილება:

ჯერ კინოთეატრ „რუსთაველში“ ერთ-ერთი ფილმის ჩვენებისას ზრდილობიანად მითხრეს უარი: რეჟისორმა ითხოვა, ჩემს ფილმზე კინომცოდნეებს ნუ შემოუშვებთო;(!!) შემდეგ, ასევე ზრდილობიანად, კ/თ „რუსთაველიდან“ „ამირანში“ გადაგვამისამართეს: შეთანხმება „ამირანს“ ეხებოდაო; შემდეგ უარი გვეთქვა საპრემიერო კვირაზე; სულ ბოლოს, ათიოდე დღის წინ - ქართულ ფილმებზე. ამჩნევთ, რა ფართო ნაბიჯებით მივიწევთ ფინალისკენ?

ვიყოთ რაციონალურები და შევეცადოთ ამ პროგრესის თუ რეგრესის რაციონალური მიზეზები მოვძებნოთ.

პირველი მიზეზი: ფინანსური?

რამდენი კაცია სიაში? სადღაც ოცამდე. დავთვალოთ, ეს თითოეულ ფილმზე მაქსიმუმ 120-200 ლარია. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ უკლებლივ ყველა დადის ყველა ფილმზე. რეალობაში ცალკეულ ფილმზე საშუალოდ შეიძლება 4-5 ადამიანი მივიდეს, ისიც სხვადასხვა სეანსზე, უმეტესწილად კი ამდენიც არა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფინანსურ ზარალზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როცა უფასო მნახველი ფასიანის ადგილს იკავებს - დანაკლისი საერთოდაც ნულს უტოლდება. ნუთუ დღეს კინოსეანსები ისეთი ანშლაგით მიდის (განსაკუთრებით ქართული ფილმების), რომ ერთი ბილეთიც არ რჩება გაუყიდავი? თქვენ გჯერათ? მე - არა.

მეორე მიზეზი: მაყურებელზე კინომცოდნეების „ცუდი ზეგავლენის“ შიში.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ კინოკრიტიკოსების უფრო ხშირად უარყოფითი აზრი არის იმის მიზეზი, რომ კითეატრებში რიგები არ დგება - ჩემი აზრით, ცდებიან. არ არის ჩვენს კინოსივრცეში ის სიტუაცია, რომ პრემიერის მომდევნო დილას მთელი საქართველო გულის ფანცქალით შლიდეს პრესას შეუვალი ავტორიტეტის შეფასების მოლოდინში, რომელიც გადაწყვეტდა ფილმის შემდგომი ყოფნა-არყოფნის ბედს.

არ იტყვის კინოკრიტიკოსი, იტყვის ჟურნალისტი, უბრალოდ მაყურებელი - თუნდაც ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ხდება ფილმის არაფორმალური შეფასება. მით უფრო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დიდია პირადი შეტყობინების ხვედრითი წილი და სხვათა შორის წონაც, ასე რომ, „მეგობარმა თუ მეზობელმა მითხრა“ ხშირად უფრო წონიანია, ვიდრე ე.წ. „პეროიანი“ კრიტიკოსების შეფასებები.

რა რჩება? სულმოკლე შურისძიება? ჩემი თვალსაწიერი სხვა მიზეზს ვეღარ სწვდება, თუმცა მირჩევნია ისევ ცუდ გათვლებზე ვიფიქრო, ვიდრე ასეთ დაწვრილმანებაზე. ასე რომ, სრულ გაურკვევლობაში ვარ, მაგრამ რას იზამ. ჩვენს სამყაროში იმდენი რამ არის შეუცნობელი, ამ ერთსაც ავიტან...

პ.ს. ისე, მე რომ მკითხოთ, ქართული ფილმების ჩვენებას არმცთუ უნდა გვამადლიდნენ, პირიქით, იქით უნდა გვიხდიდნენ ფულს და თანაც პოპკორნთან ერთად ზედ რძესაც აყოლებდნენ - თვალისთვის და ყურისთვის (აღარაფერს ვამბობ სულზე და გონებაზე) მავნე ინგრედიენტებთან ურთიერთობის გამო.

გაბრაზებული ფრაზაა? გასაგები გახდება, თუ ვიტყვი, რომ წუხელ „მამაჩემის გერლფრენდს“ ვუყურე და ჯერ კიდევ „შთაბეჭდილების“ ქვეშ ვარ.

მაგრამ ამაზე სხვა დროს...

Thursday, March 24, 2011

ჩუმი ტრაგედია - სერგო გოთორანი


მადლობა „პირწიგნაკს“, მადლობა ვასილ მაღლაფერიძეს და მადლობა ია ანთაძეს. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდე, რომ ასეთი ჩუმი, ასეთი სევდიანი და ასეთი კარგი ფილმი აღმოვაჩინე ქართულ კინოსივრცეში.
ფილმი 2009 წელს გამოჩნდა თბილისის ფესტივალზე. საფესტივალო სიტუაცია კი, თავად გესმით ალბათ, როგორია - მუდმივი არჩევანი და გამუდმებული ეჭვი უკვე გაკეთებული არჩევანის გამო. და როდესაც არჩევანის ერთ მხარეზე დგას ქართული პროდუქცია, რომელიც გაურკეველია, რას გიმზადებს და უფრო ხშირად, არც არაფერს - კარგს, ფილმებისგან ისედაც გადაღლილს პატრიოტიზმი აღარ გშველის.

ასე, განსაკუთრებული გამოხმაურების გარეშე, დაიკარგა ფილმი ქართველი მაყურებლის თვალთახედვიდან. მისთვის არ მოინახა ადგილი არც ერთ არხზე, არც ერთ გადაცემაში (თუმცა მართლაც ძნელი მოსაძებნია ჩვენს ტელესივრცეში გადაცემა, რომელიც ამ ფილმს მოირგებდა).
დავწერე „სევდიანი“ და დავფიქრიდი, რამდენად ზუსტად გამოხატავს ეს სიტყვა ჩემს შეგრძნებებს. არა, ირაკლი ფანიაშვილის ფილმი „სერგო გოთორანი“ სევდიანიც არის, მაგრამ ამის გარდა დამატებით სხვა ეპითეტსაც მოითხოვს.
„დამთრგუნველი“, „დამზაფვრელი“, ‘შემაძრწუნებელი“ ... თუმცა თითქოს არაფერი ასეთი ხმამაღალი არ ხდება ამ ორმოცდაექვსწუთიან ფილმში.
„ჩვეულებრივი“ ამბავი, დევნილთა ერთი ოჯახის „ჩვეულებრივი“ ისტორია (სიტყვიდან „ჩვევა“, „მიჩვევა). ჩუმი ტრაგედია, დრამა დრამატიზმის გარეშე, უფრო ზუსტად კი დრამატიზების გარეშე. მაშ რამ იმოქმედა ასე?
„ჩვეულებრივი“ ქართული კინო - გრძელი კადრები, ნელი რიტმი, უსახური ყოფა. მაშ რით განსხვავდება იგი იმ ფილმებისგან, რომლებსაც ასე ათვალისწუნებით განვლილ ეტაპად მოიხსენიებს ქართული კრიტიკა?

განსხვავება არის.
კადრები გრძელია, მაგრამ არასდროს ცარიელი. რიტმი ნელია, მაგრამ ეს რიტმია და არა უბრალოდ გაწელილი დრო. გამომსახველობითი საშუალებები ასკეტურია, მაგრამ რაც არის, გულდასმით შერჩეული და ზუსტი მახვილებით. გარემო უსახურია, მძიმე, დამთრგუნველი, მაგრამ ის ამ ადამიანების ყოფის, გნებავთ ყოფიერების დრამის ორგანული ნაწილია და არსად - კამერის ხაზგასმული ყურადღების ნაწილი, ხშირად ტკბობაში რომ გადადის.
და ბოლოს, დიალოგები, ბოლოდროინდელი ქართული კინოს აქილევსის ქუსლად ქცეული დიალოგები. ამ ფილმში ისინი თითქმის არ არის. პერსონაჟები უმეტესწილად დუმან, არის მხოლოდ ბიჭუნას, სერგოს კომენტარი და ბაბუის მონოლოგი; ბაბუის, რომელიც სერგოს დედის სიტყვებით, გიჟია, მამის სიტყვებით კი - თავს ისულელებს. არჩევანი ჩვენზეა, მაგრამ უდავოა, ეს ის კომპონენტია, რომლის გარეშეც ფილმი თავისი ზემოქმედების ძალის დიდ ნაწილს დაკარგავდა.
სინამდვილეში ბაბუა მუდმივ დიალოგშია გარშემომყოფებთან, მაგრამ მათი მდუმარების გამო ის მონოლოგად იქცევა. მოხუცი ხან სერგოს მოძღვრავს, ხან ხუმრობს, ხან მღერის, უფრო სწორად, ცდილობს იმღეროს, ბაბუის სიტყვები თითქოს მოკლებულია ემოციებს, ისინი მუდამ მხნედ ჟღერს, მაგრამ თვალები... ჩახედეთ თვალებში, ამის თამაში შეუძლებელია.
ერთიანობაში კი ბიჭუნას მშვიდი კომენტარი, მოხუცის სიტყვიერი ნაკადი და დანარჩენ პერსონაჟთა სიტყვაძუნწობა ერთმანეთს ეჯაჭვება და ქვეტექსტით მდიდარ, ძალზე ზუსტ ხმოვან ქარგას ქმნის.

მაშ რა გამოდის? თურმე თემა კი არ გაცვეთილა, მისადმი მიდგომამ მოაბეზრა მაყურებელს თავი; თურმე ისევ ძალაშია ფორმულა - მთავარია არა „რა“, არამედ „როგორ“. ხოლო კიდევ უფრო მთავარი - „ვინ“, ალაბათ მომავალში გამოჩნდება, თუ, რა თქმა უნდა, ირაკლი ფანიაშვილს მიეცა ამის ჩვენების საშუალება.

P.S. - და პოპკორნი?...
- ვინ გაბედა აქ პოპკორნის ხსენება?!

Sunday, March 13, 2011

შორეული ახლობლები „ხმელეთის 0, 074%“ -დან



თუ ხელოვნებას საერთოდ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ბუნებაზე, მაშინ ამ ფილმიდან ცოტა უკეთესები უნდა გამოვიდეთ.

საუბარია გელა კანდელაკის დოკუმენტურ ფილმზე „ხმელეთის 0,074%“, უფრო სწორედ მის პირველ ნაწილზე, რომელსაც ავტორმა „სოფელი“ უწოდა. „სოფელი“ არა როგორც პროვინცია, არამედ როგორც სამყარო, და ამავდროულად როგორც წუთისოფელი. ფილმი, რომლის სპეციალურ ჩვენებას (დაუმთავრებელი ფილმის სახით) შევესწარი სრულიად შემთხვევით ჯერ კიდევ სამი წლის წინ. და მას შემდეგ განვლილმა დრომ მცირედითაც ვერ მოახერხა შთაბეჭდილების გახუნება. უფრო მეტიც, 7 მარტს „ევროპულ სახლში“ გამართულ პრემიერაზე - ისევ სიახლის შეგრძნება, ისევ - ცოცხალი ემოცია, ისევ - ეკრანთან უშუალო კონტაქტის საოცარი გრძნობა.

ქართულ პრემიერამდე ფილმმა უკვე მოასწრო სტუმრობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მისი საპრემიერო ჩვენებები ბერლინსა და ლიტვაში შედგა. ფილმმა 2010 წელს საფრანგეთში სორეზის კინოფესტივალზე გრან-პრი აიღო; მონაწილეობა მიიღო კულტურების ასოციაციის მიერ შექმნილ კულტურათშორის საერთაშორისო კინოფესტივალში, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში, ლემპოში, მე-13 საუკუნის უნიკალური სასახლე შატო დე პადიეში იმართება. „ხმელეთის 0, 074%“ -მა დოკუმენტური კონკურსის მთავარი პრიზი – ბრინჯაოს ტოტების შეკვრა – დაიმსახურა.

ეს არც არის გასაკვირი. ფილმი მკვეთრად ეროვნულია და ამასთან მკვეთრად ინტერნაციონალური - შეუძლებელია არ შეეხოს ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რადგან ეკრანზეა არა ეთნოგრაფია, არა - ეგზოტიკა, არამედ უპირველეს ყოვლისა ადამიანი.

ეს არ არის ბუნებრივი ადამიანი ბუნებრივ გარემოში - როგორც ხშირად უყვარს დოკუმენტურ კინოს თავის მოჩვენება. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურობაში შემოეჭრათ გადამღები ჯგუფი.

ავტორი არ იმალება „ობიექტური“ კამერის მიღმა, არ თამაშობს ნეიტრალური დამკვირებლის როლს. ის იძლევა შეკითხვებს, ხშირად მაპროვოცირებელსაც კი, არც პერსონაჟებს უკრძლავს კონტაქტში შემოსვლას, კამერასთან პირდაპირ ურთიერთობას. ამდენად, პერსონაჟები ღიად თამაშობენ, რადგან კამერასთან ადამიანი ყოველთვის თამაშობს, ხან - ღიად, ხან - ფარულად, ხან - საკუთარ თავს, ხან - საოცნებო როლს; მაგრამ ისიც, თუ რას თამაშობს ადამიანი, ხშირად ძალზე მეტყველია. ეს მათი საკუთარი თამაშია, მათი ბუნებიდან, აღზრდიდან, ტრადიციიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. და ეს გაცხადებული „თამაში“ ეკრანზე საოცარი უშუალობით წარმოგვიდგება.

როგორც წესი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორები სინანულს გამოთქვამენ უამრავი ძვირფასი მასალის გამო, რომლის გამოყენების შესაძლებლობა აღარ მიეცათ მეტრაჟის შეზღუდვების გამო; აქ კი - „106 სა­ა­თი­ა­ნი მა­სა­ლი­დან ორსა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი ძლივს შევ­კა­რი. სოფ­ლე­ბი თით­ქ­მის დაც­ლი­ლია, ახალ­გაზ­რ­დებ­თან სა­უბ­რი­სას სა­ინ­ტე­რე­სოს ვე­რა­ფერს მო­ის­მენ. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს გაფ­რ­თხი­ლე­ბა და მოს­მე­ნა სჭირ­დე­ბა” ( ციტატა გაზეთ „24 საათისთვის“ მიცემული ინტერვიუდან).

მაგრამ საბედნიეროდ რეჟისორი არ ცდილა „დაბალანსებას“. "ამ ფილ­მ­ში ის სა­ქარ­თ­ვე­ლო აღ­ვ­წე­რე და იმ ადა­მი­ა­ნებს მო­ვუ­ყა­რე თა­ვი, ვინც მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სა­პი­რის­პი­რო გან­წყო­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღოს, მაგ­რამ მე ის სამ­ყა­რო არ მა­ინ­ტე­რე­სებს.“- ამბობს რეჟისორი. ასეთია გელა კანდელაკის არჩევანი და პირადად მე დიდად მადლობელი ვარ ამ არჩევანისთვის.