Sunday, June 1, 2014

ახალი ქართული კინო რეალობის ძიებაში ("პატარძლები")

„პატარძლები“ (2014) 94 წთ,   ფერადი                                                                                                   
სცენარის ავტორები: თინათინ ყაჯრიშვილი,
 დავით ჩუბინიშვილი
რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი
ოპერატორი: გიორგი (გოგა) დევდარიანი
როლებში: მარი კიტია (ნუცა), გიორგი მასხარაშვილი (გოგა),
თამარ მამულაშვილი, დარეჯან ხაჩიძე


მეჩვენება, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართულ კინოს ისევ უჩნდება ინტერესი გარემომცველი სინამდვილის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მასში ინდივიდების არსებობის პირობების მიმართ.
თუ   დავაკვირდებით ბოლოდროინდელ ქართულ ფილმებს, არ გაგვიჭირდება, შევამჩნიოთ შეიძლება ჯერ გაუბედავი, მაგრამ უდავოდ საინტერესო ნაბიჯები ყოველდღიური ყოფის დრამატიზმის განცდისა და პერსონაჟთა ფსიქოლოგიაში ჩაღრმავების მიმართულებით. მით უფრო საინტერესოა, რომ ეს მიმართულება ყოველთვის ქართული კინოს სუსტი წერტილი იყო. საუკეთესო წლებშიც კი,   საუკეთესო წლებშიც კი, ქართულ კინემატოგრაფს გაცილებით უკეთ გამოსდიოდა კონფლიქტების, პრობლემების, ხასიათების წარმოდგენა, ვიდრე მათი განცდა. 
 თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმიც „პატარძლები“ ამ მიმართულებით გადადგმული საყურადღებო ნაბიჯია. საგულისხმოა თემის არჩევანიც. ქვეყანაში, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში სამას ათასზე მეტი პატიმარზე ჰყავდა, მათ მდგომარეობაზე შფოთვა ჩვეულ მდგომარეობად იქცა, მაგრამ რა ტვირთის ზიდვა უწევთ მათ ოჯახებს, ახლობლებს - ეს ნაკლებად ხვდება საზოგადოებრივი აზრის ფოკუსში.
 თინათინ ყაჯრიშვილმა, დავით ჩუბინიშვილთან ერთად, სწორედ  „უფრო მნიშვნელოვანი“ საკითხების  ჩრდილს ამოფარებული  ამ თემის გამომზეურება გადაწყვიტა. როგორც თვითონ ამბობს, ამისკენ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა. არ ვიცი, რამდენად ზუსტად აისახა რეჟისორის გამოცდილება ფილმში, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ის კონკრეტულ პირად განცდებში ჩაძირვის და მისი სხვისთვის გაზიარების ნარცისულ საშუალებად არ დარჩა, არამედ შემოქმედების პროცესში   გადამუშავებული, ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ერთი, აქამდე მიჩუმათებული კუნჭულის  მეტყველ მხატვრულ სახედ წარმოგვიდგა.   
სახელმწიფო მხოლოდ ოფიციალურ ურთიერთობებს ცნობს, ამიტომ თუ გსურს „ახლობლად“ ჩაითვალო და სისტემისგან გადმოგდებული   მწირი  შესაძლებლობით მაინც ისარგებლო, სისტემის მიერ დადგენილი წესებით უნდა ითამაშო. ასე ჩნდებიან ციხეში „პატარძლები“ - ქალები, რომლებიც პატიმრებთან ოფიციალურ ქორწინებას აფორმებენ; ზოგი მათგანი უკვე შვილიშვილებითაა დახუნძლული, ერთს კი, სულ პატარა, შეშინებულ გოგონას, როგორც ჩანს, ყველასგან მალულად მიუღია მძიმე გადაწყვეტილება.
მათ შორის არის ფილმის მთავარი გმირი ნუცაც. ის ახალგაზრდა დედაა, ორი მცირეწლოვანი შვილით, რომლის მეუღლეც ათწლიანი სასჯელის უკვე მეოთხე წელს ითვლის ციხეში. და ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან მხოლოდ სისტემის მცველთა ფხიზელ თვალს გამოპარებული    წერილებითა და შეგზავნილი ჟურნალ-გაზეთების      მონიშნული სტრიქონებით არის შესაძლებელი.
მაგრამ დრო მიდის. იცვლება სისტემის წესებიც: გასარეცხ ტანსაცმელს მალულად გამოყოლებული წერილებიდან ოფიციალურ პაემნებამდე, მართალია შუშის მიღმა, თუმცა მაინც, შემდეგ მოულოდნელად შეიძლება 24–საათიანი პაემნებიც დაუშვან... იცვლება გრძნობებიც _ ტელეფონის ზარზე აფრთხიალებული გულიდან დანაშაულის განცდამდე მოულოდნელი გატაცების გამო; ამათ შუა კი ყოველდღიური რუტინა, აქაურ და იქაურ ცხოვრებას შორის გადებული ბეწვის ხიდის მძიმე ტვირთად ქცეული მოვალეობა.
ქართული კინოს რეალობიდან გამომდინარე, ამ ფილმის პლუსებად ითვლება არა მარტო ის, თუ რა არის მასში, არამედ ისიც, თუ რა არ არის; და არ არის ყალბი დიალოგები, ყალბი რეაქციები, არ არის ზედმეტი დრამატიზება. ფილმში ბევრი რამ არის დატოვებული კადრს მიღმა. მაგალითად, ავტორები გვერდს უვლიან პრობლემის ფინანსურ მხარეს. მათ უფრო პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა, მისი ხვეულები აინტერესებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კინოსურათის სიუჟეტი ვაკუუმში ვითარდება (შეგრძნება, რომელიც ბოლო ათწლეულის ქართული კინოში ძალზე ხშირია), სოციალური ყოფა პერსონაჟების ჩაცმულობაში, ქცევის ნიუანსებში, ვიზუალურ დეტალებშია გაბნეული, რაც ფილმის ერთი შეხედვით არააქტიურ, მაგრამ დამაჯერებელ ატმოსფეროს ქმნის.
ამგვარი ნიუანსები კი ფილმში ძალზე კარგად არის დამუშავებული. თითოეული პერსონაჟი, ეპიზოდურიც კი, გულდასმით არის შერჩეული. თითოეულის მიღმა იგრძნობა ხასიათი, სოციალური ადგილი, უფრო მეტიც _ ისტორია, მაგრამ მაინც გამორჩევით აღვნიშნავდი ნუცას როლის შემსრულებელს, მსახიობ მარი კიტიას. ის ღირსეულად ატარებს ფილმის სიუჟეტის მთელ ფსიქოლოგიურ სიმძიმეს (რა თქმა უნდა, გიორგი მასხარაშვილითან ერთად, რომელიც მისი ეკრანული მეუღლის, გოგას როლს ასრულებს). ამასთან ორგანულია ყველა სცენაში, საინტერესო ყოველ კადრში. ეს არცთუ ხშირი თვისებაა ქართულ კინემატოგრაფში. ამიტომ, შემიძლია მივულოცო შემოქმედებით ჯგუფს შესანიშნავი არჩევანი, ისევე როგორც მსახიობს  -  კარგი როლი.
ფილმის დიდ პლუსად მიმაჩნია ისიც, რომ ავტორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ გამძაფრებული ინტერესის საგნად და ბოროტების ეპიცენტრად ექციათ ციხე, როგორც რეპრესიული სისტემა. ციხის ეპიზოდები ძალზე ზომიერად და ზედმეტი „ჩერნუხის“ გარეშე არის გადაღებული. ალბათ სწორედ ასეთი „ნეიტრალურობის“ ფონზე კიდევ უფრო მძაფრად მუშაობს ავტორების მიერ ზუსტად მონახული ძუნწი ნიშნები: ფრაზები, სახეები, ფაქტურა. ეს ყველაფერი მშვენივრად ქმნის ცივი, გულგრილი მექანიზმის ხატს, რომლის სისატიკეზე ზედმეტ ხაზგასმას შეიძლება სწორედაც დაეშალა ფილმის სამყარო, ან სხვა მიმართულებით წაეყვანა ის. საბედნიეროდ, ავტორებმა გაუძლეს „მსუყე ლუკმის“ ცდუნებას და შედეგად მივიღეთ არა პოლიტიკური გამონათქვამი, არამედ ადამიანური დრამა.
საერთო დადებითი შთაბეჭდილების ფონზე, მაინც უნდა ვთქვა, რომ მომეჩვენა, რამდენჯერმე სიუჟეტს მკვეთრად „უბიძგეს“ სასურველი მიმართულებით: ახალი გრძნობის დაბადება, შემდეგ სინანული და ისევ მობრუნება ქმრისკენ _ ნაუცბათევად და ოდნავ მექნიკურად გამოიყურება. არ ვამბობ, რომ ასე არ ხდება, უბრალოდ ეკრანზე  არადამაჯერებლად გამოჩნდა. თითქოს ავტორებმა ვერ შეძლეს სცენებს შორის ნაპრალის ამოვსება, ნიუანსები არ ეყოთ გრძნობიდან გრძნობაზე გადასვლის პროცესში.
თუმცა ერთგვარი ჩავარდნა ფინალურმა ეპიზოდმა გამოისყიდა. ციხის პაემნის კულმინაციური სცენა _ თბილი და ტკივილიანი, რომანტიკული, თუმცა, ჩემი აზრით, მეტისმეტად უბიწო. ისევ ფოკუსი მთავარ გმირებზე და ამავე დროს ობერტონებით შექმნილი განწყობა. და ისევ განშორება სევდიანი, შიშნეული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ პაემნამდე დიდი დროა, უფრო იმიტომ, რომ არავინ იცის, იქნება თუ არა ის, არაფერია გარკვეული და მყარი, არც საკუთარი გრძნობები, არც პატიმრის ბედი, არც სისტემის მომდევნო ნაბიჯი.
ავტორი ისტორიას ვერ ამთავრებს. ისტორია გრძელდება; სულერთია, ბედნიერი დასასრული თუ ტრაგიკული წერტილი -  ფილმს ორივე ერთი ხელის მოსმით გადაიტანდა   სხვა ჟანრში, სავარაუდოდ, მელოდრამაში. მაგრამ ავტორები პოულობენ შესანიშნავ ფინალს, რომელიც მთელი ფილმის ტკივილს ერთ მუჭში აქცევს; მაგრამ ფინალზე (ისევე როგორც   სხვა ნიუანსებზე)  სხვა დროს - წერილი ალბათ ფილმის ქართულ ეკრანებზე გამოსვლამდე დაიბეჭდება, ამიტომ ვცდილობ, გავითვალისწინო მაყურებლის ინტერესიც და მეტისმეტად არ ჩავუღრმავდე დეტალებს.



                                                                      ჟურნალი filmprint N11 გაზაფხული, 2014