Thursday, March 24, 2011

ჩუმი ტრაგედია - სერგო გოთორანი


მადლობა „პირწიგნაკს“, მადლობა ვასილ მაღლაფერიძეს და მადლობა ია ანთაძეს. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდე, რომ ასეთი ჩუმი, ასეთი სევდიანი და ასეთი კარგი ფილმი აღმოვაჩინე ქართულ კინოსივრცეში.
ფილმი 2009 წელს გამოჩნდა თბილისის ფესტივალზე. საფესტივალო სიტუაცია კი, თავად გესმით ალბათ, როგორია - მუდმივი არჩევანი და გამუდმებული ეჭვი უკვე გაკეთებული არჩევანის გამო. და როდესაც არჩევანის ერთ მხარეზე დგას ქართული პროდუქცია, რომელიც გაურკეველია, რას გიმზადებს და უფრო ხშირად, არც არაფერს - კარგს, ფილმებისგან ისედაც გადაღლილს პატრიოტიზმი აღარ გშველის.

ასე, განსაკუთრებული გამოხმაურების გარეშე, დაიკარგა ფილმი ქართველი მაყურებლის თვალთახედვიდან. მისთვის არ მოინახა ადგილი არც ერთ არხზე, არც ერთ გადაცემაში (თუმცა მართლაც ძნელი მოსაძებნია ჩვენს ტელესივრცეში გადაცემა, რომელიც ამ ფილმს მოირგებდა).
დავწერე „სევდიანი“ და დავფიქრიდი, რამდენად ზუსტად გამოხატავს ეს სიტყვა ჩემს შეგრძნებებს. არა, ირაკლი ფანიაშვილის ფილმი „სერგო გოთორანი“ სევდიანიც არის, მაგრამ ამის გარდა დამატებით სხვა ეპითეტსაც მოითხოვს.
„დამთრგუნველი“, „დამზაფვრელი“, ‘შემაძრწუნებელი“ ... თუმცა თითქოს არაფერი ასეთი ხმამაღალი არ ხდება ამ ორმოცდაექვსწუთიან ფილმში.
„ჩვეულებრივი“ ამბავი, დევნილთა ერთი ოჯახის „ჩვეულებრივი“ ისტორია (სიტყვიდან „ჩვევა“, „მიჩვევა). ჩუმი ტრაგედია, დრამა დრამატიზმის გარეშე, უფრო ზუსტად კი დრამატიზების გარეშე. მაშ რამ იმოქმედა ასე?
„ჩვეულებრივი“ ქართული კინო - გრძელი კადრები, ნელი რიტმი, უსახური ყოფა. მაშ რით განსხვავდება იგი იმ ფილმებისგან, რომლებსაც ასე ათვალისწუნებით განვლილ ეტაპად მოიხსენიებს ქართული კრიტიკა?

განსხვავება არის.
კადრები გრძელია, მაგრამ არასდროს ცარიელი. რიტმი ნელია, მაგრამ ეს რიტმია და არა უბრალოდ გაწელილი დრო. გამომსახველობითი საშუალებები ასკეტურია, მაგრამ რაც არის, გულდასმით შერჩეული და ზუსტი მახვილებით. გარემო უსახურია, მძიმე, დამთრგუნველი, მაგრამ ის ამ ადამიანების ყოფის, გნებავთ ყოფიერების დრამის ორგანული ნაწილია და არსად - კამერის ხაზგასმული ყურადღების ნაწილი, ხშირად ტკბობაში რომ გადადის.
და ბოლოს, დიალოგები, ბოლოდროინდელი ქართული კინოს აქილევსის ქუსლად ქცეული დიალოგები. ამ ფილმში ისინი თითქმის არ არის. პერსონაჟები უმეტესწილად დუმან, არის მხოლოდ ბიჭუნას, სერგოს კომენტარი და ბაბუის მონოლოგი; ბაბუის, რომელიც სერგოს დედის სიტყვებით, გიჟია, მამის სიტყვებით კი - თავს ისულელებს. არჩევანი ჩვენზეა, მაგრამ უდავოა, ეს ის კომპონენტია, რომლის გარეშეც ფილმი თავისი ზემოქმედების ძალის დიდ ნაწილს დაკარგავდა.
სინამდვილეში ბაბუა მუდმივ დიალოგშია გარშემომყოფებთან, მაგრამ მათი მდუმარების გამო ის მონოლოგად იქცევა. მოხუცი ხან სერგოს მოძღვრავს, ხან ხუმრობს, ხან მღერის, უფრო სწორად, ცდილობს იმღეროს, ბაბუის სიტყვები თითქოს მოკლებულია ემოციებს, ისინი მუდამ მხნედ ჟღერს, მაგრამ თვალები... ჩახედეთ თვალებში, ამის თამაში შეუძლებელია.
ერთიანობაში კი ბიჭუნას მშვიდი კომენტარი, მოხუცის სიტყვიერი ნაკადი და დანარჩენ პერსონაჟთა სიტყვაძუნწობა ერთმანეთს ეჯაჭვება და ქვეტექსტით მდიდარ, ძალზე ზუსტ ხმოვან ქარგას ქმნის.

მაშ რა გამოდის? თურმე თემა კი არ გაცვეთილა, მისადმი მიდგომამ მოაბეზრა მაყურებელს თავი; თურმე ისევ ძალაშია ფორმულა - მთავარია არა „რა“, არამედ „როგორ“. ხოლო კიდევ უფრო მთავარი - „ვინ“, ალაბათ მომავალში გამოჩნდება, თუ, რა თქმა უნდა, ირაკლი ფანიაშვილს მიეცა ამის ჩვენების საშუალება.

P.S. - და პოპკორნი?...
- ვინ გაბედა აქ პოპკორნის ხსენება?!

Sunday, March 13, 2011

შორეული ახლობლები „ხმელეთის 0, 074%“ -დან



თუ ხელოვნებას საერთოდ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ბუნებაზე, მაშინ ამ ფილმიდან ცოტა უკეთესები უნდა გამოვიდეთ.

საუბარია გელა კანდელაკის დოკუმენტურ ფილმზე „ხმელეთის 0,074%“, უფრო სწორედ მის პირველ ნაწილზე, რომელსაც ავტორმა „სოფელი“ უწოდა. „სოფელი“ არა როგორც პროვინცია, არამედ როგორც სამყარო, და ამავდროულად როგორც წუთისოფელი. ფილმი, რომლის სპეციალურ ჩვენებას (დაუმთავრებელი ფილმის სახით) შევესწარი სრულიად შემთხვევით ჯერ კიდევ სამი წლის წინ. და მას შემდეგ განვლილმა დრომ მცირედითაც ვერ მოახერხა შთაბეჭდილების გახუნება. უფრო მეტიც, 7 მარტს „ევროპულ სახლში“ გამართულ პრემიერაზე - ისევ სიახლის შეგრძნება, ისევ - ცოცხალი ემოცია, ისევ - ეკრანთან უშუალო კონტაქტის საოცარი გრძნობა.

ქართულ პრემიერამდე ფილმმა უკვე მოასწრო სტუმრობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მისი საპრემიერო ჩვენებები ბერლინსა და ლიტვაში შედგა. ფილმმა 2010 წელს საფრანგეთში სორეზის კინოფესტივალზე გრან-პრი აიღო; მონაწილეობა მიიღო კულტურების ასოციაციის მიერ შექმნილ კულტურათშორის საერთაშორისო კინოფესტივალში, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში, ლემპოში, მე-13 საუკუნის უნიკალური სასახლე შატო დე პადიეში იმართება. „ხმელეთის 0, 074%“ -მა დოკუმენტური კონკურსის მთავარი პრიზიბრინჯაოს ტოტების შეკვრადაიმსახურა.

ეს არც არის გასაკვირი. ფილმი მკვეთრად ეროვნულია და ამასთან მკვეთრად ინტერნაციონალური - შეუძლებელია არ შეეხოს ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რადგან ეკრანზეა არა ეთნოგრაფია, არა - ეგზოტიკა, არამედ უპირველეს ყოვლისა ადამიანი.

ეს არ არის ბუნებრივი ადამიანი ბუნებრივ გარემოში - როგორც ხშირად უყვარს დოკუმენტურ კინოს თავის მოჩვენება. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურობაში შემოეჭრათ გადამღები ჯგუფი.

ავტორი არ იმალება „ობიექტური“ კამერის მიღმა, არ თამაშობს ნეიტრალური დამკვირებლის როლს. ის იძლევა შეკითხვებს, ხშირად მაპროვოცირებელსაც კი, არც პერსონაჟებს უკრძლავს კონტაქტში შემოსვლას, კამერასთან პირდაპირ ურთიერთობას. ამდენად, პერსონაჟები ღიად თამაშობენ, რადგან კამერასთან ადამიანი ყოველთვის თამაშობს, ხან - ღიად, ხან - ფარულად, ხან - საკუთარ თავს, ხან - საოცნებო როლს; მაგრამ ისიც, თუ რას თამაშობს ადამიანი, ხშირად ძალზე მეტყველია. ეს მათი საკუთარი თამაშია, მათი ბუნებიდან, აღზრდიდან, ტრადიციიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. და ეს გაცხადებული „თამაში“ ეკრანზე საოცარი უშუალობით წარმოგვიდგება.

როგორც წესი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორები სინანულს გამოთქვამენ უამრავი ძვირფასი მასალის გამო, რომლის გამოყენების შესაძლებლობა აღარ მიეცათ მეტრაჟის შეზღუდვების გამო; აქ კი - „106 სა­­თი­­ნი მა­სა­ლი­დან სა­­თი­­ნი ფილ­მი ძლივს შევ­კა­რი. სოფ­ლე­ბი თით­­მის დაც­ლი­ლია, ახალ­გაზ­­დებ­თან სა­უბ­რი­სას სა­ინ­ტე­რე­სოს ვე­რა­ფერს მო­ის­მენ. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ამ ადა­მი­­ნებს გაფ­­თხი­ლე­ბა და მოს­მე­ნა სჭირ­დე­ბა ( ციტატა გაზეთ „24 საათისთვის“ მიცემული ინტერვიუდან).

მაგრამ საბედნიეროდ რეჟისორი არ ცდილა „დაბალანსებას“. "ამ ფილ­­ში ის სა­ქარ­­ვე­ლო აღ­­წე­რე და იმ ადა­მი­­ნებს მო­ვუ­ყა­რე თა­ვი, ვინც მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ სა­პი­რის­პი­რო გან­წყო­ბის ფილ­მი გა­და­­ღოს, მაგ­რამ მე ის სამ­ყა­რო არ მა­ინ­ტე­რე­სებს.“- ამბობს რეჟისორი. ასეთია გელა კანდელაკის არჩევანი და პირადად მე დიდად მადლობელი ვარ ამ არჩევანისთვის.

Wednesday, March 9, 2011

გარიგება-2


ეეეჰ! ეს ღრმა ამოოხვრაა. როგორ მინდა, ამ ამოოხვრით არ იწყებოდეს ახალ ქართულ ფილმზე დაწერის ყველა მცდელობა. მაგრამ სად არის?! წელიწადში ერთხელ თუ გამიმართლებს. არადა, ქართული ფილმების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და უკვე თვალის მიდევნებაც კი ჭირს.
ამჯერად ამ ოხვრის გამომწვევი მიზეზი „გარიგება-2“ -ია, ახალი ქართული კომედია.

თავი დავანებოთ იმას, რომ ფილმის მსვლელობაში სულ რამდენჯერმე მოვახერხე გაცინება - სიცილი, ისევე, როგორც თვალზე მომდგარი კურცხალი, ფრიად სუბიექტური რამ არის: მე არ გამეცინა, სხვა - სიცილით მოკვდა. არც წვრილმანებს გამოვეკიდები, ამჯერად ფილმის დრამატურგიული აგება უფრო მაინტერესებს, რადგან მთლიანობაში ფილმის აღქმას სწორედ მისი კომპოზიცია განაპირობებს.
თავად ფაბულა არ არის ცუდი მოფიქრებული, მაგრამ სიუჟეტად ქცევის პროცესში უკვე სერიოზული ხარვეზები ჩნდება.
რა არის ფილმის დრამატურგიული ბირთვი? ალბათ ის, თუ ბედის ირონიით როგორ იკვეთება ისევ მაროსა და მიტუას ცხოვრების გზები 20 წლის განშორების შემდეგ, მაგრამ წარსულის დაბრუნება შეუძლებელი ხდება. მაშინ რატომ იწყება ამ ხაზის დამუშავება ფილმის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ? ერთსაათიანი ექსპოზიცია მეტისმეტი ხომ არ არის? ერთადერთი სუსტი ძაფი, რომელსაც მთავარი საკითხისკენ მივყავართ - ეკასა (კიმას ქალიშვილი) და გიგას (დიმიტრის ქალიშვილის შეყვარებულის) ურთიერთობის ეპიზოდია, რომელიც იმდენად გაკვრით და ზედაპირულად არის განხორციელებული, გარკვეული ძალისხმევა დამჭირდა, რათა მივმხვდარიყავი, რას ან ვის ეძებდა ღამის ქალაქში გავეშებული ეკა. დანარჩენი დრო კი ეთმობა მაროს, მის ახალ საქმიანობას, მის მეზობლებს (მომავალი რაზმის წევრებს) - ფაქტობრივად მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. ალბათ ავტორებმა ჩათვალეს, რომ ისინი ძალზე კოლორიტული პიროვნებები არიან და მაყურებელს მათი მახვილსიტყვაობა უფრო გაართობს, ვიდრე ფილმის სიუჟეტური განვითარება. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ფილმის კომპოზიციის ნგრევის ხარჯზე მაყურებლის გამხიარულება არასდროს იძლევა კარგ შედეგს, განსხვავებით იმ შემთხვევისა, როცა ეს ორი მიზანი პარალელურად ხორციელდება.
შედეგად მთავარი ხაზის განვითარებისათვის ავტორებს ძალზე მცირე დრო რჩებათ. თავისთავად დრო არცთუ ისე მცირეა, მაგრამ ის არსებული მიდგომის ფონზე აღმოჩნდება არასაკმარისი. როცა ფილმში ძალზე ბევრი არააუცილებელი სცენა თუ ეპიზოდია, რომლის არც ამოგდება დააკლებს საერთო სურათს რამეს და ვერც ჩასმა ვერაფერს მატებს. ან უკეთეს შემთხვევაში, თითო სცენა თითო მიზანს ემსახურება. ერთი განგვიმარტავს - რომ გელას რაღაც გრძნობები აქვს ეკასადმი, მეორე - რატომ დარჩა მიტუა-დიმიტრის ცოლ-შვილი ბათუმში (იმ ალოგიკურობას, რომ შუა საღამოდან გამქრალი ქმარი, რატომღაც თბილისში გამომგზავრებულად ჩათვალა და მხოლოდ თბილისში მოიკითხა, თავი დავანებოთ), და ა.შ.
თითქოს ჯერ აღმოუჩენელი ტერიტორიაა კინოს სინთეზური ბუნება, რომლის დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ შეუძლია ერთ, ძალზე მცირე კადრშიც ჩადოს სხვადასხვა ინფორმაცია, ემოცია, იმუშაოს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით.
აღარ გავაგრძელებ.

ერთს კი მაინც დავამატებ - სულ მიხაროდა, რომ კინო ჩემი ჰობიც იყო და პროფესიაც, და ვწუხვარ, რომ ახალი ქართული ფილმების გადამკიდეს, ის უფრო ხშირად მძიმე მოვალეობად მექცა. მით უმეტეს მაშინ, როცა ფილმის ავტორების მიმართ პიროვნულად ძალზე დადებითად და თბილად ვარ განწყობილი.

Thursday, March 3, 2011

ვიკრუტასები ანუ იღბლიანი ხრიკები


ამ ფილმს ყველაფერი აქვს, რომ მაყურებლის ცხოველი ინტერესი დაიმსახუროს: ჰოლივუდთან გაშინაურებული თემურ ბეკმამეტოვი (პროდიუსერის რანგში), რევაზ გაბრიაძის ვაჟი, ლევან გაბრიაძე (რეჟისორის რანგში), ლჲუკ ბესონის ჟანა დ’არკი - მშვენიერი მილა იოვოვიჩი და აუდიტორიის მდედრობით ნაწილში მეტად პოპულარული კონსტანტინ ხაბენსკი (ვარსკვლავების რანგში).

ამასთან ეს შემადგენლობა მკაფიოდ განსაზღვრავს მოლოდინებსაც: მკაფიო სქემაზე აგებული რომანტიკული კომედია, კომერციული გათვლა არა მარტო რუსულ, არამედ - საერთაშორისო ბაზარზეც, აქედან გამომდინარე - შესაბამი ხარისხის სტანდარტიც.

და უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ფილმი იმედგაცრუებას არ იწვევს. ეს არის საკმაოდ სასიამოვნო, მხიარული ფილმი სიყვარულზე გაუგებრობების კასკადით და ბედნიერი დასასრულით.

მაგრამ თავს იჩენს სხვა პრობლემა - ვერა და ვერ შევძელი „ფეოლას“ ჩრდილისგან განთავისუფლება (ალბათ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ნებისმიერი ქართველი მაყურებელი). რაც არ უნდა ამტკიცონ ფილმის ავტორებმა, რომ ეს სრულიად განსხვავებული სცენარია, ჩრდილს ვერ გაექცევი, ის ხომ ადამიანის ნების გარეშე ჩნდება და თვითშთაგონებას არ ექვემდებარება.

სცენარი კი მართლაც განსხვავებულია - ახალგაზრდა ფეოლას ისტორია რომანტიკული სიყვარულის ჩარჩოშია ჩასმული; მაგრამ გამოგიტყდებით, უპირობოდ მომეწონა მხოლოდ ფეხბურთის სცენები ვირტუოზული ტრიუკებით და ჩამთრევი დინამიკით. დანარჩენი... მეტ-ნაკლებად. რაც შედარებით კარგია - „ფეოლაა“, მაგრამ იპოლიტე ხვიჩიასთან შედარებას ხაბენსკი ვერაფრით უძლებს; ჩარჩო კი - ერთ სცენაში გადაღებული რომანტიკული სიყვარულის ისტორია, „უსიძეო ქორწილის“ ნაძალადევი კადრები - აშკარად სუსტია.

მაგრამ ფილმს აქვს ერთი დიდი პლიუსი - მასზე შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ ოჯახთან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმის გარანტიით, რომ მათთვის არც თვალებზე მოგიწევთ ხელის აფარება და არც ყურებზე. პოპკორნი კი მხოლოდ დამატებით გემოვნებით სიამოვნებას თუ შემატებს ეკრანულ სანახაობას.