Thursday, December 27, 2012

თუ ეძებთ სიყვარულს, ეწვიეთ საქართველოს! (სიყვარული აქცენტით)


http://www.geocinema.org.ge/index.php?pg_id=6&id=13566994424018&lang=1

 ეს ჩანაწერი ალბათ ძალიან მოკლე გამომივა. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არ ვარ განწყობაზე,  ღრმააზროვნად ვიმსჯელო სარეკლამო  ბუკლეტზე, თანაც დროში გაწელილსა და საკმაოდ მოსაწყენზე.  კარგი მსახიობების  და ცნობილი სახეების შესაშური სიუხვე და ემოციური მუხტის საოცარი სიმწირე; „ჰოპ–ჰოპ–ჰოპ–გადავირბინეთ–სიუჟეტზე“ ტიპის რეჟისურა და ასევე „შემოვირბინეთ საქართველოს“ ტიპის რეკლამა; გაგრძელება მგონი არ ღირს, თორემ უფრო მწარე ეპითეტებიც მომისწრებს.
ერთი კია, ფილმმა კიდევ უფრო განმიმტკიცა აზრი, რომ სარეკლამო, სააგიტაციო, პროპაგანდისტული – ნებისმიერი შეკვეთილი ფილმი შესანიშნავი  ტესტია  ნიჭისა და პროფესიონალიზმის თვალნათლივ წარმოჩენისთვის.
ჰო, კიდევ, პოპკორნი მავიწყდებოდა. ამ შემთხვევაში ის  მეტად საჭირო კომპონენტია,  რომელიც ფილმს  მეტ–ნაკლებად მისაღებს გახდის.  თუმცა ეს კინოთეატრში,  სახლის პირობებში კი შესაძლოა უფრო მძლავრი მხარდაჭერაც     აღმოჩნდეს აუცილებელი.

Friday, December 14, 2012

ფესტივალის დღიურები. დღე მეორე (გაგრძელება)




ფესტივალის დღიურები. დღე მეორე (გაგრძელება)


ისევ დოკუმენტური კინო – ამჯერად,  წლევანდელი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის, ირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმი „გამარჯობა, კინო! (Salaam cinema!).  ის კინემატოგრაფის 100 წლის იუბილესთვის არის გადაღებული და 1995 წელს აჩვენეს კანის ფესტივალზე. შესაბამისად, ფილმი  სიყვარულის ახსნაა კინემატოგრაფისათვის. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პირველი ეპიზოდი:  სტუდიის წინ შეკრებილი ადამიანების უსასრულო რიგი. რეჟისორის საგაზეთო განცხადებას   კასტინგის შესახებ ათასობით ირანელი გამოეხმაურა. ისინი შტურმით იღებენ კინოსტუდიის ჭიშკარს, რათა აისრულონ ოცნება – ითამაშონ კამერის წინ.   და აი,  პრეტენდენტები  რეჟისორის და კამერის პირისპირ  რჩებიან.   ამ ოცნების სახელით ისინი  მზად არიან იცინონ, იტირონ, იმღერონ და ზოგადად შეასრულონ  (ან ვერ შეასრულონ)  რეჟისორის ნებისმიერი ბრძანება. „სინემა ვერიტეს“ პრინციპით გადაღებული ფილმი ეკრანზე მოხვედრის წყურვილით შეპყრობილი ადამიანების უშუალო რეაქციებს, ემოციებს აფიქსირებს, ეს კი ყოველთვის საინტერესოა.

ფილმს   მასტერკლასი მოსდევს. დარბაზში ძირითადად ახალგაზრდა სახეებია და რეჟისორიც კონკრეტულ პროფესიულ საკითხებს ეხება: ორი კამერის უპირატესობა, 1800–ის წესი, კადრი–რეაქცია და მისი მნიშვნელობა, მსახიობებთან მუშაობის პირადი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული პრინციპები... არსებითად, ამაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო დამწყები კინემატოგრაფისტისთვისაც კი, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული რეჟისორისგან მოსმენილი და პირადი გამოცდილებით გამდიდრებული, სულ სხვა ღირებულებას იძენს. სწორედ ამის გამო, ცოტა არ იყოს შემაშფოთა ლექციის პირველმა ნაწილმა.
მახმალბაფმა გაიხსენა    თავისი ახალგაზრდობის გამოცდილება, რომელმაც იგავივით გაიჟღერა: ციხეში ჩვიდმეტი წლის მოხვდა და თავის ამხანაგებთან ერთად დაინტერესდა კინოთი. დაახლოებით ათამდე იყვნენ. ორიოდ წელიწადში  ნაწილმა, მათ შორის მახმალბაფმაც, პრაქტიკაზე გადასვლა გადაწყვიტა; დანარჩენებმა კი ჩათვალეს, რომ მათ ჯერ საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ ამისთვის და გააგრძელეს სწავლა; მათ დიდი ცოდნა დააგროვეს, მაგრამ არასდროს არაფერი აღარ გადაუღიათ – ისინი კრიტიკოსები გახდნენ. მორალი: თუ რაღაცის გაკეთება გინდა, უნდა გაბედო და დაიწყო; როცა ბევრი იცი, პერფექციონისტი ხდები, ეს დეპრესიაში გაგდებს და ვეღარაფერს აკეთებ.
ზოგადად აზრი თითქოს სწორია, მაგრამ ქართველი სტუდენტებისთვის რაღაც არ შემიმჩნევია ზედმეტი ცოდნა, პერფექციონიზმი და გაბედულების არქონა. უფრო –პირიქით. ამიტომ  კარგი იქნება, თუ ქართველი ახალგაზრდები მაინცდამაინც არ ჩაეჭიდებიან ცნობილი რეჟისორის ამ მოწოდებას და დროშად  არ ააფრიალებენ.
ახლა კი მხატვრული კინო.

სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის მონაწილე ქართული ფილმის  ჩვენებამ „ამირანის“ დიდ დარბაზში ანშლაგით ჩაიარა. ანშლაგი შეეხო არ მხოლოდ თავად დარბაზს, არამედ გასავლელებსაც –  შუქის ჩაქრობის შემდეგ გავლას მხოლოდ ცოცხალ სხეულებზე თუ მოახერხებდით. ეს არც არის გასაკვირი: რუსუდან ჭყონიას ფილმის „გაიღიმეთ“  საქართველოში ჩვენებას მასზე სხვადასხვა ფესტივალებიდან გავრცელებულმა ხმებმა ჩამოასწრო. ეს ხმები კი ერთხმად ირწმუნებოდნენ, რომ ფილმის ნახვა ღირდა.
ვფიქრობ, მაყურებელი გაწბილებული არ დარჩენილა. ფილმი მართლაც კარგია,  თუმცა არა უნაკლო. ფილმის პლიუსად მიმაჩნია, რომ რეჟისორი არ აყვა ამ თემაზე გადაღებული ფილმებისთვის ბუნებრივ, გლამურისკენ მისწრაფების ცდუნებას. სილამაზის კონკურსის  ეკრანული სახე ისევე ქართულია, როგორც კულისებსმიღმა ინტრიგები და ვნებათღელვანი, ხოლო არამომაბეზრებელი ირონია აქარწყლებს შესაძლო შენიშვნების სურვილს.  
თუმცა მაინც უნდა აღვნიშნო  ჩემთვის ერთი ყველაზე დიდი ნაკლი და შეცდომა –კონკურსის ორგანიზატორის როლზე გია როინიშვილის არჩევანი,  რის გამოც ფილმის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი არადამაჯერებელ და გაუგებარ ფიგურად იქცა. თუმცა ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მსახიობებზე საყვედური ნამდვილად არ ითქმის, რაც კიდევ  უფრო მიმტკიცებს აზრს, რომ ქართულ კინოში უფრო კარგი რეჟისორების დეფიციტია, ვიდრე კარგი მსახიობების.


           ამავე დღეს მაყურებელს შეეძლო ენახა ნანი მორეტის „ჩვენ გვყავს პაპი“ (Habemus Papam, 2011). ნამდვილად მშურს იმ ხალხის, ვინც პირველად ნახა, თანაც დიდ ეკრანზე ეს შესანიშნავი ფილმი – ძალიან, სასაცილო,   ირონიული და ზოგჯერ გროტესკულიც, ამასთან ღრმად სერიოზული და სევდიანიც კი.    თუმცა ვინც ვერ მოახერხა, ნუ დაიდარდებთ – ფილმი კარგა ხანია ხელმისაწვდომია ინტერნეტით. მართალია, იშტვან საბომ თავის მასტერკლასის ერთი მონაკვეთი სპეციალურად დაუთმო ახსნა–განმარტებას, რა ცუდია ინტერნეტიდან ფილმების ჩამოქაჩვა და მეკობრეობა (რაც ყველამ ისედაც მშვენივრად  ვიცით), რომ ეს ფაქტობრივად ჩვეულებრივი პროდუქტის ქურდობაა.  მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დიდი ეჭვი მაქვს, ეს ფილმი ჩვენმა კმერციულმა დისტრიბუციამ როდესმე შეიძინოს, ამდენად ჩვენ პოტენციურ მყიდველებად მაინც არ მოვიაზრებით  და ვერც ვერავის დავაზარალებთ. ასე რომ,  მიაშურეთ ინტერნეტს და გახსოვდეთ, რომ როდესაც კომერციულ კინოპროდუქტს ქაჩავთ, თქვენ პოტენციური ქურდი ხართ, ხოლო თუ არტ–ჰაუზს – ამის შანსი თითქმის არ გაქვთ.


Thursday, December 6, 2012

ფესტივალის დღიურები. დღე მეორე


გამოვტყდები და მიყვარს დოკუმენტური კინო, ამიტომ რადგან პარალელური პროგრამები საშუალებას მაძლევდა,  არჩევანი  გერმანულ ფილმზე „სამი სიცოცხლე: აქსელ შპრინგერი“ (რეჟ. სებასტიან დენჰარდტი, იობსტ კნიგე, მანფრედ ოლდენბურგი. 2012) შევაჩერე, მით უფრო, რომ ფილმის ობიექტიც – ლეგენდარული „ბილდის“ გამომცემელი, საინტერესოდ მეჩვენა.
მაგრამ თურმე შევცდი. ამას მაშინვე  მივხვდი, როცა ეკრანზე წარწერა „არტე“ დავინახე. ფილმი  „არტესთვის“ დამახასიათებელი ხარისხით, პროფესიულად გაკეთებული იყო, ინფორმაციაც – ძალიან საინტერესო და ბევრი ახალიც გავიგე,   მაგრამ თუმცა   სატელევიზიო  ეკრანზე ამგვარი  შემეცნებითი–საგანმანათლებლო დოკუმენტური კინოს წინააღმდეგი    სულაც არ ვარ, ფესტივალზე ცოტა სხვა ტიპის დოკუმენტალისტიკას ვანიჭებ უპირატესობას, აი, ისეთს – ჩემთვის რომ ნამდვილ დოკუმენტურად მოვიხსენიებ   და მსოფლიოში კი – შემოქმედებითს უწოდებენ (creative documentary).
სწორედ ამ ტიპის კინოს მიეკუთვნებოდა ორი ქართული ფილმი, რომლებიც „ქართული პანორამის“ პროგრამაში იყო წარმოდგენილი: „ფოცხოეწერი“  (ალექსანდრე კაკაბაძე, 2012) და „ინგლისურის მასწავლებელი“ (ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი, 2012). ერთი ტიპის, მაგრამ განსხვავებული ხარისხის.
 თუ გულწრფელი ვიქნები, პირველი უფრო შემოქმედებითი მიდგომის მცდელობა იყო, თუმცა შედეგი  – არც ისე კარგი გამოდგა. ძალზე მტკივნეული პრობლემა ცალკეულ, თუნდაც ეფექტურ სცენებად დაშლილი გამოვიდა და მოვლენების ზედაპირს ვერ გასცდა.  ფოცხოეწერის და ამ სიტყვაში გაერთიანებული პრობლემის განზოგადებული ხატის შექმნა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
ამის საპირისპიროდ, „ინგლისურის მასწავლებლის“ ავტორებმა მოახერხეს მართლაც შემოქმედებითად მისდგომოდნენ გადაღების ობიექტს. მათი გმირი იმ ასეულობით მასწავლებლიდან ერთ–ერთია,  „ასწავლე და ისწავლე“ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიოს ყველა კუთხიდან რომ მოიყარა თავი საქართველოში. ბრედლი სამხრეთ აფრიკიდანაა. ის  შორეულ და მისთვის სრულიად უცხო გარემოში, სამეგრელოს ერთ–ერთ სოფელში, საჯიჯაოში ჩამოდის მოწადინებული, სარგებელი მოუტანოს მისთვის უცნობ ადამიანებს, შეცვალოს რამე მათ ცხოვრებაში, თუმცა ძალიან მალე ხვდება, რომ ეს „შეუსრულებელი მისიაა“.

ავტორები ბრედლის თვალით გვაჩვენებენ ქართულ პროვინციას და, სხვისი არ ვიცი და, ჩემს განცდას შეძრწუნებას უფრო დავარქმევდი. არადა, თავად ფილმი, პირიქით,  იუმორის გრძნობით არის გამსჭვალული და ძალიან მშვიდი: არავითარი პედალირება, მხოლოდ ბრედლის მონოლოგები,   ყოფითი და ძალზე „ჩვეულებრივი“ კადრები, სიმპათიური ხალხი, სიმპათიური ურთიერთობები, მოსწავლეები სუფთა თვალებით  და... სრული შტილი. ნათელად ჩანს, აქ არაფერი შეცვლილა და არც შეცვლის პირი უჩანს. აქ ისევ საბჭოთა კავშირია, თანაც უძრაობის ხანის, მენტალური საბჭოთა კავშირი.  
ყველაზე კარგი ის არის, რომ ავტორებს ყოფნით გემოვნება თავი შეიკავონ მკვეთრი მესიჯებისგან და თავად მაყურებლის არჩევანზეა, ვის უთანაგრძნოს – თითქოს უწონადობის მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეებს, მათ აღმზრდელებს თუ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩენილ  ინგლისურის მასწავლებელს თავის ყურადღებით მოცულ მარტოობაში, უხილავი კედლის პირისპირ უსუსურობის განცდაში. და კიდევ მრავალი კითხვა, რომელსაც ბადებს ფილმი – თავად პროექტის შესახებ, სახელგანთქმული ქართული სტუმართმოყვარეობის და გულითადობის ირგვლივ, ქართული პროვინციის მომავალზე და ა.შ. ისევ „პასტორალი“, ამჯერად დოკუმენტური და თანაც ედუკის გარეშე.

დარჩით ჩვენთან, გაგრძელება იქნება!

Tuesday, December 4, 2012

ფესტივალის დღიურები. დღე პირველი

 
   დღეს, სამ დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის რიგით მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ალბათ ზედმეტად ხმამაღალი სიტყვაა, რადგან თბილისის ფესტივალს არ უყვარს გადაჭარბებული   პომპეზურობა, ტრადიციულად ის საქმიან სტილს აძლევს უპირატესობას.
ასევე ტრადიციული იყო ხალხით გადაჭედილი ფოიე და ნება–ნება მსვლელობა დარბაზისკენ. მიუხედავად ორგანიზატორების წინდახედულებისა, რომელთაც გაითვალისწინეს რა ჩვენი საზოგადოების სიყვარული უშუალო ურთიერთობის მიმართ,  აშკარად ამ მიზნით გამოაცხადეს გახსნის დროდ 19.30, მყურებლის მოტყუება მაინც არ მოხერხდა. არც ეს ნახევარი საათი აღმოჩნდა საკმარისი და გახსნის ცერემონიაც ტრადიციულად რვასაათსგადაცილებულს დაიწყო.
ტრადიციული იყო დარბაზის შემადგენლობაც – მის საკმაოდ დიდ  ნაწილს (შეიძლება უდიდესსაც)  შეადგენდა ხალხი, რომელიც, რომ არა მოსაწვევი, არც იფიქრებდა ამ ფილმის ნახვას და რომელთაც   შემდგომ დღეებში   თვალსაც ვეღარ მოკრავთ  საფესტივალო დარბაზებში, შეიძლება ისევ – დახურვაზე, ან სულაც – მომავალ გახსნაზე.
არ ვიცი, მოეწონათ თუ არა მათ გახსნის ფილმი, თუმცა დარბაზი არავის დაუტოვებია – 74 წლის უნგრელი რეჟისორის იშტვან საბოს თხოვნის  შესაბამისად, მათ უშურველად გაიღეს თავისი სიცოცხლის საათნახევარი   მისი ახალი ნამუშევრისთვის  – „კარი“ ჰელენ მირენით მთავარ როლში.
დედოფლის როლიდან ჯიუტი და უცნაური შინამოსამსახურის როლზე – შთამბეჭდავი ნახტომია, თუმცა არც ისეთი შთამბეჭდავი, რადგან, მიუხედავად სოციალური როლისა, მსახიობის პერსონაჟი აქაც საკმარისზე მეტად დედოფლურად გამოიყურება. საინტერესოა, რომ  რეჟისორის აღიარებით, ის ამ როლის იდეალურ შემსრულებლად    ნონა მორდიუკოვას  ხედავდა. სამწუხაროდ, მორდიუკოვა ცოცხალი აღარ არის და ჩვენ ვეღარასდროს გავიგებთ, რას შესძენდა მისი ფაქტურა და ტემპერამენტი ფილმს.
  ფესტივალი გაიხსნა. ხვალიდან სადაგი დღეები იწყება. ის კი, როგორც ჩანს,   წინა წლებთან შედარებით  გაცილებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. თითქოს გასული წლის უკონკურსო ფესტივალის ასანაზღაურებლად  ტრადიციულ სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსიც დაემატა; უკვე ჩვეულ „ევროპული კინოს ფორუმთან“,  ქართულ პანორამასთან და  მრავალფეროვან სპეციალურ ჩვენებებთან  ერთად „არტე საფრანგეთი“ და „არტე გერმანია“ დოკუმენტურ ფილმებს გვთავაზობს, „მაჰმალბაფის კინოს სახლი“  – მათი კინოოჯახის სხვადასხვა წარმომადგენლების ოთხ ფილმს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი –  სტუდენტურ ფილმებს, ფესტივალი „თოფუზი“ – ანიმაციურ  კინონაწარმოებებს, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული კულტურის ცენტრის ერთობლივი პროგრამა – კლასიკურ კინოსურათებს, სექცია „ფილმები საზღვრებს გარეშე“ – ახლო მეზობლების ბოლო წლების ნამუშევრებს, ფესტივალის საპატიო სტუმარი ჯანკარლო ჯანინი  – თავის ოთხ ფილმს; და კიდევ მასტერკლასები, შეხვედრები და დისკუსიები რეჟისორებთან, თითქმის ყოველი ფილმის შემდეგ.
 მართალი გითხრათ, ჩამოთვლითაც კი დავიღალე. ასე რომ, ჩაუსხედით ფესტივალის პროგრამას, შეეცადეთ გააკეთოთ კარგი არჩევანი და, რაც მთავარია, ძალიან არ დაიღალოთ „ამირანსა“ და „რუსთაველს“ შორის სირბილით.


Wednesday, November 14, 2012

წიწილა შავი ქლიავით





ცუდი რამ არის აღმატებული მოლოდინი –  რომ არა ვენეციის „ოქროს ლომის“ პრეტენდენტობა, მაღალი რეიტინგი კრიტიკოსთა შორის, ინტერნეტში  გაბნეული აღფრთოვანებული შეფასებები, ალბათ ამ ფილმსაც გავატარებდი, როგორც სხვა ბევრი გამიტარებია – სუსტი ფილმების რიცხვი ხომ განუზომლად სჭარბობს შედევრებს კი არა, უბრალოდ კარგ ფილმებსაც. მაგრამ გაცრუებული მოლოდინი ადამიანს შეუწყნარებელს ხდის.
არადა,   მარჯან სატრაპისა და  ვენსან პარონოს   ფილმს „ წიწილა შავი ქლიავით“  (Poulet aux Prunes, 2011) სუსტ ფილმსაც ვერ უწოდებ. ერთი შეხედვით, მისი მოწონებაც და დადებითი რეცენზიის დაწერაც საკმაოდ ადვილია:    ძალზე „სწორი“ და „დადებითი“ ფილმი  „სწორი“ და „დადებითი“ მესიჯებით: სიყვარული შთაგვაგონებს, „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...“,  ხელოვანის სული ფაქიზი და  უსუსურია ყოფისა   და  პრაგმატიზმის პირისპირ...  ამასთან ნოსტალგიის მსუბუქი ნისლით დაბურული ფილმის სახვითი მხარე ძალზე შთამბეჭდავია,   ლამაზი  არაბანალური  სილამაზით,  რომელსაც ჩანაფიქრით ალბათ სევდიანი და ამავე დროს იუმორით გამსჭვალული კინოზღაპრის ხორცშესხმა უნდა უზრუნველყო.
მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყო. მხოლოდ ზღაპრულად ლამაზი ვიზუალი ფილმის სხვა კომპონენტების ერთ  სხეულში ჰარმონიულად  ჩაქსოვის საკმარისი პირობა არ აღმოჩნდა. ფილმი ეკლექტური მეჩვენა, არა პოსტმოდერნისტული  დადებითი გაგებით, არამედ კლასიკური – უარყოფითი ნიშნით.
ძნელია ფილმის გმირის, ცნობილი მუსიკოსის ნასერის ტრფობის საგანში, მშვენიერი ირენის (ირანის) სახეში არ წაიკითხო  ირანის,   მარჯან სატრაპის სამშობლოს ალეგორია – სატრფოსი, რომელიც მას არ არგუნეს, რომლის ღირსადაც არ გახადეს  და რომელმაც  ნასერი (მისი წარმოდგენით) სრულიად ამოირეცხა გულიდან.
სატრფოს ხსოვნა იყო ის, რაც სულს შთაბერავდა ნასერის მუსიკას.  თანაც ვიოლინოც დაიმსხვრა, ამჯერად სრულიად პროზაული მიზეზით – ყოფაში ქმრის სრული გამოუსადეგარობის გამო გააფთრებული  ცოლის ხელით.  მუსიკის სულის დამკარგავი, ნასერი  ძველებურ შთაგონებას ვერცერთ ახალ ინსტრუმენტში ვეღარ პოულობს.
ალეგორიას ჯადოსნური ზღაპარი  ეჯაჭვება – ნასერმა სიკვდილი გადაწყვიტა და  სამ დღეში კვდება კიდეც, თუმცა ამ სამ დღეში ასწრებს წარსულისათვის თვალის გადავლებას, თავისი ოჯახის მომავლის  განჭვრეტას, სიკვდილის სხვადასხვა ხერხის შეფასება–დაწუნებასა და სიკვდილის ანგელოზთან პაექრობასაც კი.
 ამ დროს თხრობაში კიდევ ახალი ჟანრი შემოდის – მელოდრამა ყოფითი დეტალებით  (ოჯახური კონფლიქტებით, ქლიავით შენელებული  წიწილით და ა.შ. ) და ალაგ–ალაგ გროტესკული სცენებით.
სხვადასხვა ჟანრების და სხვადასხვა სტილისტური ფენების  შერევა დღეს აღარავის უკვირს, მაგრამ ამჯერად  ისინი ერთმანეთს კი არ აძლიერებენ, არამედ – თითქოს ანეიტრალებენ, მახვილგონივრული ეპიზოდები კი ცალკეულ ორნამენტებად რჩება, რომლებიც  საერთო სურათში თავის ადგილს ვერ პოულობს.
როგორც ამჟამად საყოველთაოდ მიღებულია, ფილმი საზოგადოებას წარუდგინეს როგორც დრამა/ კომედია – ასე, სუბორდინაციის გარეშე, ჩამოთვლით, ანუ – როგორც გენებოთ. ჩემთვის დრამის (მელოდრამის) განცდა შეუძლებელი აღმოჩნდა თხრობის და შესრულების დისტანცირებული, მაყურებლისგან გამაუცხოებელი მანერის გამო; იუმორის გრძნობა კი ან მე არ აღმომაჩნდა საკმარისი, ან ფილმის ავტორებს,   და ალბათ ამიტომაც დავრჩი ასე იმედგაცრუებული.

Monday, October 15, 2012

რამოდენიმე სიტყვა ისტორიისა და „ცუდი“ ფილმების დასაცავად




  კარგა ხანია ჩამომიყალიბდა და დღითიდღე მიმტკიცდება აზრი, რომ ქართველები ისტორიას ძალზე უპატივცემულოდ ვექცევით და, რაც მთავარია, ყოველდღიურ ცხოვრებაში საერთოდ არ გვახსოვს  მისი არსებობა.
ბევრს ალბათ გაუკვირდება – „ჩვენი გმირი წინაპრები“ „ისტორიული მემკვიდრეობა“, „გმირული წარსული“, „უნიკალური ისტორიული ძეგლი“ ყველა ქართველს ხომ პირზე გვაკერია. მე კი სულ სხვას ვგულისხმობ, დაახლოებით იმას, რამაც ილიას ათქმევინა: ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა ჩრდილშია მიყენებული".
ჩვენი ისტორია მართლაც მწვერვალების ისტორიაა და, რომ არა უცხოელი მოგზაურები, მისიონერები, ისტორიკოსები, ქართული ყოფის დეტალები კიდევ უფრო ბურუსით იქნებოდა მოცული. თუ მწვერვალების სიყვარულს   ქართული კინემატოგრაფზე გადავიტანთ ასეთ სურათს მივიღებთ:  ზოგ რეჟისორზე წერს ყველა, ზოგზე – არავინ; „ცისფერ მთებზე“ დაწერა თითქმის ყველამ, ვინც კი კინოზე წერდა, ისევე როგორც „მონანიებაზე“, მაგრამ სცადეთ და მოძებნეთ რამე იმავე, 1983 წელს გამოსულ  ფილმზე „გაზაფხული გადის“, ან „მონანიების“  კვალდაკვალ გამოსულ „ახალ არკადიაზე“ ან „მოდით, ვილაპარაკოზე“.    მერწმუნეთ,  გაგიჭირდებათ.
გასაგებია, უარყოფითი რეცენზიები წერა,  მით უმეტეს „უწყინარ“ ფილმებზე, ნაკლებად პოპულარული იყო;   შემოქმედებითი თვალსაზრისითაც წერა მაშინ უფრო საინტერესოა, როცა თავად ფილმი იძლევა ანალიზისთვის საინტერესო მასალას, მაგრამ   ვიღაცამ იმაზეც ხომ უნდა იფიქროს, რომ ისტორია აქ და ახლა, ყოველდღიური ქმედებებით იქმნება,  და რომ აქ და ახლა დაწერილ შეფასებას თუ ანალიზს ისტორიისთვის სულ სხვა ფასი აქვს.
კიდევ კარგი, რომ საბჭოთა პერიოდის პერიოდულ გამოცემებში ასე თუ ისე არსებობდა სარედაქციო პოლიტიკა, ყოველდღიური რუტინისადმი დაქვემდებარების ვალდებულება და საიუბილეო თარიღებზე მაინც ჩნდებოდა მწირი, ხშირად არაშემოქმედებითი, მაგრამ მაინც ინფორმაცია, შეკვეთილი რეცენზიები,   ისევე როგორც იყო ოფიციალური განხილვები, იწერებოდა და ინახებოდა ოქმები.    მაგრამ მიუხედავად ამისა, „შეუმჩნეველი“ ფილმებისა და კინემატოგრაფისტების  რაოდენობა მაინც სამწუხაროდ დიდია.
 შეიძლება თქვათ – კინო მაინც არაა თეატრი! რა მნიშვნელობა აქვს რეცენზიას, სპექტაკლისგან განსხვავებით ფილმი უცვლელი სახით   რჩება და ყოველთვის შეიძლება მისი გაანალიზება.
 მაგრამ ისტორიისთვის ფილმის თანადროული რეცენზია გარდა  მის რაობაზე წარმოდგენის შექმნისა, კიდევ სხვა ინფორმაციის მატარებელიცაა – დროის პრიორიტეტების, აზროვნების წესის, განწყობების და ისტორიისთვის საინტერესო უამრავი  სხვა  ნიუანსის შესახებ.
და მეორეც, არც ფილმის და ფირის უკვდავების შესახებ  არსებული შეხედულებაა მაინცდამაინც სწორი. ხან არქივი დაიტბორება (რეალური ფაქტი), ხან – ავტორის საწოლის ქვეშ შენახული ერთადერთი ასლი ბინიდან ბინაზე გადაბარგებისას არეულობაში სადღაც გაქრება (ფაქტი წარმოსახვის სფეროდან), ხან შენახვის შეუფერებელი პირობების გამო, უცბად აღმოვაჩენთ, რომ ფირის აღდგენა შეუძლებელია ...  რა, არ მომხდარა?! რამდენიც გნებავთ...
 საბედნიეროდ, საბჭოთა კავშირის პერიოდის ფილმები შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. ამ უკეთესი მდგომარეობის გარანტი კი ის არის, რომ საწყისი მასალები ჩვენ არ გვეკუთვნის და ის მოსკოვში ინახება. იმედია, ნელნელა მისი გამოსყიდვისთვისაც მოვიცლით, მაგრამ რა ეშველება დანარჩენებს, პოსტსაბჭოთა პროდუქციას, რომელთა უმეტესობა, ყველაფერთან ერთად, ვიდეო ფორმატშია გადაღებული?!  ამ ციფრული მატარებლების გადამკიდეთ, სულ ცოტა ხანში, მათ აღმოსაჩენად შეიძლება გათხრების ჩატარებამაც კი ვეღარ გვიშველოს,
ამ პირობებში, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ფილმების დაცულობის ერთ–ერთი გარანტი მსოფლიო აბლაბუდა და მისი მძლავრი სერვერებია,  რომელთა საშუალებითაც  ხანდახან ოფიციალურად,  უფრო ხშირად კი არაოფიციალურად  ცირკულირებს როგორც ძველი, ასევე ახალი ფილმებიც.
მაგრამ ამგვარი ცირკულაცია წინააღმდეგობაში მოდის საავტორო უფლებებთან და ამაზე, დიდი ხანი არაა, რაც ქართველმა კინემატოგრაფსტებმაც დაიწყეს ზრუნვა. და რაში გამოიხატა ეს ზრუნვა?
დაიხურა ქართული ფილმების ერთ–ერთი ყველაზე დიდი ბაზა – babaduli.de, დღეს ამ მისამართზე შესვლისას ასეთი განცხადება დაგვხვდებათ: საქართველოში მიიღეს კანონი რომელიც კრძალავს ქართული ფილმების განთავსებას საიტებზე. მართალია ჩემთვის გაუგებარია საბჭოთა ფილმები რატომ გახდა უცებ ვიღაცის საკუთრება მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის და არც სურვილი არ მაქვს კანონის დარღვევის. მითუმეტეს რომ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი საიტზე გაკეთებული იყო ხალხისთვის და საიტის არანაირი მოგება არ ქონია ამ ყველაფრიდან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება საიტი გამომერთო..და ექვსი წლის ნაწვალები ქარისთვის გამეტანებია. მე ბედნიერი ვარ თუ ამ წლების განმავლობაში ოდნავი სიხარული მაინც თუ შევიტანე თქვენს ცხოვრებაში. საიტი გამორთულია გტხოვთ ტყილად ნუ იწვალებთ შესვლაზე. პატივისცემით ბაბადული.“
მკვეთრად შემცირდა  ფილმების ნახვის შესაძლებლობა კინოცენტრის გვერდზეც, სადაც მხოლოდ ონლაინ შეიძლებოდა ფილმების ყურება და ისიც საკმაოდ ცუდი ხარისხით, ასე რომ მას მხოლოდ საინფორმაციო და არა კომერციული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა; თითქმის აღარ არის ქართული ფილმები მსხვილ გასართობ პორტალებზეც; სამაგიეროდ, აქა–იქ გაბნეულ   მრავალპროფილიან გვერდებზე  „ვინ რა და როგორიც იშოვას“ პრინციპით განთავსებული ფილმების აღმოჩენა მაინც შეიძლება.  
   სადავო არ არის, საავტორო უფლებების დაცვა საჭიროა, მაგრამ აქაც ალბათ გონიერების მოხმობით და ზომიერების დაცვით. ერთსიტყვიან  კანონებში  დღევანდელი ცხოვრების ყველა  წახნაგის მოქცევა ძალზე რთულია, მით უმეტეს, როცა ეს სიტყვაა „აიკრძალოს“.
  „საავტორო უფლებების  დაცვა“ გაგებულია, როგორც ცხრაკლიტულს იქით გადამალვა? პრაქტიკა არ ადასტურებს, რომ აკრძალვებით შეიძლება აიძულო მომხმარებელი იყიდოს ის, რის ყიდვასაც ის არ აპირებს. მით უმეტეს, რომ ყიდვის შესაძლებლობაც არ არის. გაყიდვაში ვერც ერთი ახალი ფილმის, კარგის თუ ცუდის,  ციფრულ ვარიანტს ვერ აღმოაჩენთ. არადა, დისკები შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ ცხელ კვალზე, მით უფრო  იმ ტიპის ფილმების როგორიცაა „ოცნების ქალაქის“, ან „გოგონა სლაიდიდან“.   სამი–ოთხი–ხუთი წლის შემდეგ   ემახსოვრება მაყურებელს  ეს ფილმები, რომ დისკი მოიკითხოს?  შეიძლება ავტორები სხვანაირად ფიქრობენ. ნეტარ არიან მორწმუნენი...
ჩემი აზრით, ქართულ კინოს დღეს პოპულარიზაცია უფრო სჭირდება, ვიდრე მისი ხელშეუხებლობის დაცვა და ამ გზაზე ხანდახან პირატული მიმოქცევაც არ დაიძრახება, თუმცა არსებობს ბევრად უფრო ცივილური მეთოდებიც. მთელ მსოფლიოში არსებობს კომერციული და არაკომერციული გაქირავების ცნება, ფილმოთეკები, საუნივერსიტეტო თუ სხვა ბაზები, რაც კვლევისთვის, ინფორმაციისთვის, განათლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფილმებს. ჩვენთან რატომღაც აკრძალვით დავიწყეთ,   დანარჩენი შემადგენელი ნაწილი კი დავივიწყეთ.
 წაგებული  კი ისევ ქართული კინო რჩება, განსაკუთრებით ე.წ. მეორე ეშელონის ფილმები. აბა, შევხედოთ:  არ იწერება რეცენზიები, ეკრანზე ძლებს ძალზე ცოტა ხანს: ერთი–ორი კვირა, ისიც საკითხავია რამდენად შევსებულ დარბაზში, შემდეგ – ერთი ჩვენება ტელევიზიით (ისიც კარგ შემთხვევაში) და დამთავრდა ... არსით ხმა, არსით ძახილი.
ცოტა ხანში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დღევანდელი  კინო ქართული კინემატოგრაფის ისტორიის თეთრი ლაქაა,  ან შემოინახოს მხოლოდ ფილმოგრაფიული მონაცემების სახით: ყოფილა ასეთი ფილმი და აღარ არის. რა თქმა უნდა,  ეს უპირატესად „ცუდ“,  „უხარისხო“, „უმნიშვნელო“ ფილმებს ემუქრება, მაგრამ ისტორიამ წესით ისიც უნდა გვასწავლოს, რომ  მხატვრული ნაწარმოების მნიშვნელობას   დრო განსაზღვრავს; და არავინ იცის, როდის და რა კუთხით აღმოჩნდება ისტორიისთვის საინტერესო ესა თუ ის ფილმი.
    ამერიკული ტრადიციით კინომცოდნეობითი პროგრამები, რომლებიც ძირითად აქცენტს კინოს ისტორიისა და თეორიის კულტუროლოგიურ შესწავლაზე აკეთებენ, როგორც წესი, არსებობს  ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის კათედრებზე.  აქ ფილმებს განიხილავენ როგორც ერთ–ერთ საშუალებას შეისწავლონ ქვეყნის ისტორია, საზოგადოებრივი ცხოვრების თავისებურებები, კულტურა – ფართო გაგებით. ამისთვის საუკეთესო მასალას კი სწორედ მეორე ეშელონის ფილმები იძლევა. მწვერვალები უფრო ხშირად მაინც ავტორის სულიერი სამყაროს ანარეკლია, რიგითი ფილმები კი, ხშირად თავისდა უნებურადაც,  თანამედროვეობის ტვიფარად გვევლინებიან.
მართალია, ქართული კინემატოგრაფი რეალობასთან უშუალო ურთიერთობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, მაგრამ გადაავლეთ გონების თვალი თავის დროზე ათვალწუნებულ „ჭრიჭინას“, „აბეზარას“, „თოჯინები იცინიანს“, „ნინოს“ და იმედი მაქვს  დაეთანხმებით ამ სტატიის პათოსს, როცა მასში ეპოქის შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ ძალზე საინტერესო ანარეკლს გადააწყდებით.
 Film Print  N5 ზაფხული