Monday, November 1, 2010

ყაზბეგელი მფრინავი

მშვენიერი გამოგონებაა ბლოგი, მყისიერი რეაგირების შეუდარებელ საშუალებას გვაძლევს; მაგრამ, გარდა ამისა, კიდევ ერთი (არ ვიცი, კარგი თუ ცუდი) თვისებით „გვანებივრებს“ - გვიმსუბუქებს პასუხისმგებლობის გრძნობას.

სხვაგვარად, ნამდვილად არც ვიფიქრებდი საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები ფილმზე, რომელსაც თარგმანის გარეშე, ორიგინალში ანუ ჰოლანდიურ, გერმანულ და ქართულ ენებზე ვუყურე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელია ფილმის ყველა ნიუანსის აღქმაზე თავის დადება, თუმცა ვეჭვობ ამ ნიუანსებში წვდომას დიდი გავლენა მოეხდინა საბოლოო შთაბეჭდილებაზე.

ფილმი უდავოდ ძალიან ლამაზია. იმდენად ლამაზია კუნძულის პეიზაჟები, რომ ზოგჯერ იფიქრებ კიდეც, ამ სილამაზის შემყურეს რაღა მთები აუტყდაო, მაგრამ რას იზამ, ოცნებას საზღვარს ვერ დაუწესებ. ჰოდა, რომანტიკული გოგონაც, სახელად მარიკა კუნძული ტექსელიდან, მთებზე ოცნებობს. მის ოცნებებში პეპლები დაფარფატობენ და სინათლის ათინათები თამაშობენ.

მაგრამ რომანტიზმი თურმე სულაც არ გულისხმობს სისუსტეს. მარიკა მეტად ძლიერი სულის პატრონი აღმოჩნდება. მას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლაც შეუძლია და სიყვარულისთვის თავგანწირვაც. სულაც არ ვარ ძლიერი ქალის წინააღმდეგი, მაგრამ მის გვერდით სუსტი და შესაბრალისი მამაკაცების ხილვა მაინც უხერხულობის შეგრძნებას იწვევს ჩემში. მარიკას ირგვლივ კი სულ ასეთი მამაკაცები არიან: მისი ჰოლანდიელი თაყვანისმცემელიც და მისი ქართველი შეყვარებულიც, ქართველი ჯარისკაცებიც ერთიანად შესაბრალისად საყვარლები არიან და უმწეობის შეგრძნებას იწვევენ (მაშინაც კი, როცა ბრძოლაში ერთვებიან). ერთადერთი ამირანი, ჩოხაში გამოწყობილი ქართველი ოფიცერი გამოიყურება მეტ-ნაკლებად მამაკაცურად (მაგრამ ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რატომ ჩოხა, როგორც ირკვევა, ისიც სხვების მსაგავსად ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცია და არა ძველი ემიგრაციის წარმომადგენელი). ყველაზე ბუნებრივად და უხერხულობის გრძნობის გარეშე ლაშა ბაქრაძის გმირი, გერმანელების ქართველი თარჯიმანი, ინჯია გამოიყურება და ისიც ქართველების ხელით იღუპება.

მხოლოდ მარიკაა ძლიერი და მოწოდების სიმაღლეზე, ისევე როგორც მისი იდეალი (როგორც მივხვდი) - მფრინავი ქალი არარსებული ფილმიდან „ყაზბეგელი მფრინავი“. ამ ეპიზოდზე კი ბევრი ვიცინე - არ ვიცი, პაროდია და შარჟი გათვალისწინებული იყო თუ უბრალო იმიტაციას ქართული ეგზოტიკა დაემატა, მაგრამ რამდენი ასეთი სცენა გვინახავს 30-40-იანი წლების ფილმებში და ისინი თავად დრომ აქცია პაროდიად.

დახვრეტის სცენაშიც სწორედ მარიკა ინარჩუნებს სულის სიმტკიცეს და სიმღერით ამხნევებს სიკვდილის წინაშე შემდრკალ შეყვარებულს. ვერაფერს იტყვი, მშენიერი საჩუქარია ფემინისტებისთვის.

საერთოდ, ფილმის ყურებისას სიბრალულის გრძნობას ვერსად გავექეცი... მთელი თავისი სილამაზის მიუხედავად საცოდავად გამოიყურება ფილმიც. სადაც გერმანელების გარნიზონი ათეული ჯარისკაცით არის წარმოდგენილი, აჯანყების მთელი ორგანიზაცია მარიკას მიერ გეგმის მოპარვით და ერთი კონსპირაციული შეხვედრით, თავად აჯანყება - ორიოდე აფეთქებით. არ ვიცი, რა ციფრით განისაზღვრებოდა ფილმის ბიუჯეტი, მაგრამ სიბრალულის გრძნობა ამგვარი კინემატოგრაფიული სიმწირის გამო ნამდვილად ჩნდება, თუმცა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის რიცხოვნება ნებისმიერ „მსხვილბიუჯეტიან“ ქართულ ფილმს შეშურდებოდა.

პოპკორნი კი... არ ვიცი... მგონი, დიდი ცოდვა არ უნდა იყოს.

31.10.2010