Sunday, February 3, 2013

ფესტივალის დღიურები. დღე მეოთხე



6 დეკემბერი ყველაზე  ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე დამქანცველი დღე აღმოჩნდა ჩემთვის.
მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ დღეს ფესტივალი მიხაელ ჰანეკეს  კინოსურათს „სიყვარულს“ აჩვენებდა - ფილმს, რომელსაც თითქმის ერთი წელი ველოდი. როგორც წესი, თბილისის ფესტივალის ორგანიზატორები  მაყურებლის მოსალოდნელ ინტერესს ყოველთვის ითვალისწინებენ და ასეთ ფილმებს,  შესაძლებლობის ფარგლებში, იმეორებენ ხოლმე.  მაგრამ ამჯერად,   „სიყვარული“ მხოლოდ ერთხელ და ისიც ყველაზე პატარა და ყველაზე მოუხერხებელ, „რუსთაველის“ N4 დარბაზში აჩვენეს, ჩემი ვარაუდით, სწორედ  შესაძლებლობის ფარგლების გამო:   ფილმი კინოფირზე იყო წარმოდგენილი და როგორც გავიგე, „რუსთაველს“ მხოლოდ ამ პატარა დარბაზში აქვს დატოვებული  ფირის საპროექციო აპარატი; ამას შესაძლოა, ჩვენების უფლებების შეზღუდვაც დაერთო და შედეგად - ფილმის ნახვის  გადაწყვეტილებით მოსულ მაყურებელთა დარბაზის მოცულობასთან შეუთავსებელმა რიცხვმა სასურველი ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლისას საკმაოდ არასასურველი სიტუაციები შექმნა.
თუმცა ფილმი ნამდვილად ღირდა საბრძოლველად. ხშირად ფილმის წინმსწრები ქება-დიდება გადაჭარბებულ მოლოდინს გიქმნის და შემდეგ გაბრაზებულს გტოვებს „უდანაშაულო“ კინოსურათის მიმართ, რომელსაც შენს გონებაში დაბადებული შედევრის ხატზე, შესაძლოა, პრეტენზია  სულაც არ ჰქონდა.
მაგრამ ამჯერად   „ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობია“-ს შემთხვევა უფრო იყო. ჰანეკე, მიუხედავად ისედაც მაღალი მოლოდინისა, წლიდან წლამდე ჯიუტად ახერხებს ყოველი ახალი ფილმის შემდეგ გაოგნებული დამტოვოს. 
ახლაც - მიუხედავად შემზადებისა, იგივე მეორდება. მაგრამ მიმოხილვითი ბლოგის ჟანრში რა უნდა ვთქვა ფილმზე, რომელზეც უკვე ბევრი დაიწერა?  ალბათ მხოლოდ ის, რომ ქედს ვიხრი რეჟისორის და მისი მსახიობების (85 წლის იმანუელ რივასა და 82 წლის ჟან-ლუი ტრენტინიანის) პიროვნული და შემოქმედებითი სიმამაცის წინაშე, აღარაფერს ვამბობ ოსტატობაზე.
ორი საათი  წამივით გაფრინდა ამ საკმაოდ მძიმე და ყოველგვარ გარეგნულ ეფექტებისგან თავისუფალ    ფილმზე და იქიდან გამოსული ფიქრობ, რომ წესით დღე ამით უნდა დაამთავრო და კიდევ რამის ნახვა, მით უმეტეს შეფასება, მკრეხელობაც კია. მაგრამ რას იზამ, როცა  ფესტივალს სხვა კანონები აქვს. წინ „ამირანისკენ“ - იქ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „კატინკას წვეულება“  (ინგლისურად Certain people, ორიგინალური სახელწოდება Katinkas kalas) მელოდება.

არჩევანი გარდა რეჟისორის ქართული წარმოშობისა, მისმა შარშან ნაჩვენებმა  მოკლემეტაჟიანი ფილმის („ბოლო საქმე“-Last Thing, 2008) მიერ მოხდენილმა კარგმა შთაბეჭდილებამაც განაპირობა. ვერ ვიტყვი, რომ ფილმი არ მომეწონა - საინტერესო პერსონაჟები, საინტერესო ურთიერთობები, მაგრამ, მაინც მაგრამ... არის რაღაც, რამაც თითქოს ძალიან ცოცხალი, ნამდვილი პერსონაჟები და მათი გულისტკივილი ჩემად ვერ გახადა. ვინ იცის, შეიძლება ეს ჰანეკეს „სიყვარულის“  „დამსახურებაც“ იყო  - კინომცოდნეც ადამიანია, ბოლოს და ბოლოს.
და ისევ შვედური კინო, ისევ უკან „რუსთაველში“,  ამჯერად  გაბრიელა პიხლერის ფილმზე „ძილი, ჭამა, სიკვდილი“. არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი, მაგრამ ფილმმა მოულოდნელად  მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. 16 წლის ალბანელი შვედი გოგონას, რაშას ისტორია  შვედური კეთილდღეობის და სამოთხის სრულიად სხვა მხარეს გვაჩვენებს.

ისტორია თითქოს ბანალურია - სამსახურის დაკარგვა, სპეციალური განათლების და მართვის მოწმობის გარეშე მისი ხელახლა შოვნის   შეუძლებლობა და ამასთან დაკავშირებული განცდები. მაგრამ დებიუტანტმა რეჟისორმა თავი აარიდა  ამ თემისთვის ასევე ბანალურ სიტუაციის დამძიმებას, დრამატიზმის პედალირებას, ტრაგიკულ ინტონაციებს.    ოპტიმისტური ტემპო-რიტმი და ენთუზიაზმით სავსე მუსიკალური გაფორმება  ფილმს ენერგიას და მსუბუქ სუნთქვას ანიჭებს, მაგრამ ამასთან ერთად ალბათ არასდროს დამავიწყდება სამსახურიდან განთავისუფლების სცენა, რაშას მზერა, დაძაბული რომ ადევნებს თვალს წარმოების მენეჯერს. და რა ხდება ასეთი? ის უბრალოდ სიით ხელში მოძრაობს სამუშაო სივრცეში და ზოგიერთ თანამშრომელს  ძალზე თავაზიანად ესაუბრება.  სიტყვები არ ისმის, მაგრამ რაშა და მასთან ერთად ჩვენც მშვენივრად ვხვდებით, რომ ეს სამსახურთან დამშვიდობებას ნიშნავს. 
ახალგაზრდა რეჟისორი მშვენივრად ახერხებს ერთმანეთს შეუთანხმოს დაძაბულობა და სიმსუბუქე, და რაც მთავარია, არა მარტო გვაგრძნობინოს ამ სიმსუბუქის მიღმა ტკივილი, არამედ კონკრეტული   პრობლემიდანაც გაგვიყვანოს და იმაზეც დაგვაფიქროს,  რა ცხოვრებაა ეს, როცა გამომფიტავი, მექნიკური სამუშაოც კი ცხოვრების აზრად იქცევა. ჭამა, ძილი და ბოლოს სიკვდილი.
 ფესტივალის  პროგრამა გრძელდება, სიმოვნებით ვნახავდი მოჰსენ მახმალბაფის ახალ დოკუმენტურ ფილმს „მებაღე“, მაგრამ  ისევ „ამირანისკენ“ გაბრუნების პერსპექტივას  ჩემი  შემართება აშკარად ვეღარ უძლებს. ამიტომ ფესტივალს ხვალინდელ დღემდე ვემშვიდობები.