Tuesday, June 6, 2017

გზები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ




ქართული დოკუმენტალისტიკის ინტერესის საგანი ყოველთვის იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ თვისტომთა ყოფა. თუმცა თავის დროზე ამ ინტერესს ყოველთვის წინ ეღობებოდა  საბჭოეთის  ირგვლივ აღმართული  ფიზიკური თუ იდეოლოგიური კედლები. დღეს როცა წინაღობები აღარ არის, ქართველ ემიგრანტებზე გადაღებული ფილმების რიცხვი დღითიდღე მატულობს. გავიხსენოთ თუნდაც ზურაბ  ინაშვილის „გურჯი ვარ, საქართველოდან“,  ლევან კოღუაშვილის „ქალები საქართველოდან“, ლევან ღლონტის „ხახვის ცრემლები“, დავით კანდელაკის „ამერიკა ერთ ოთახში“ და კიდევ სხვა მრავალი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა ხარისხის ფილმი.
ეს არც არის გასაკვირი - რა პრობლემას, რა კონფლიქტს, რა თემასაც არ უნდა იკვლევდეს დოკუმენტური კინო, მასში ყველაზე საინტერესო მაინც ადამიანია (ადამიანებია) თავისი ცოცხალი რეაქციებით, სხეულის ენით, კამერისთვის მინდობილი ფიქრებით. კიდევ უფრო საინტერესოა   მისთვის ჩვეულ გარემოს მოწყვეტილი,  უცხო კულტურის გარემოცვაში,  ექსტრემალურ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანი, ემიგრაცია კი ქართველისთვის, ჯერჯერობით მაინც, სწორედ ასეთ ექსტრემალურ მდგომარეობად აღიქმება.
ინტერესის  მეორე მიზეზი ალბათ ემიგრაციის ტალღის სიმძლავრეც არის. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ასაკის, განათლების, სოციალური სტატუსის ადამიანები მასობრივად ტოვებენ სამკვიდროს ახალი ცხოვრების საძიებლად. მიზეზი? შედეგი? - სწორედ ეს არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძიების საგანი როგორც  ფილმის ავტორებისთვის, ისე მაყურებლისთვისაც.
სწორედ ამ მხრივ აღმოჩნდა საინტერესო  თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე  „სინედოკზე“  ნათია არაბული-ვეგენის მიერ (ის თავად არის ფილმის სცენარისტიც, რეჟისორიცა და ოპერატორიც) წარმოდგენილი ფილმი „ვენის ვნების კვირა“.
ავსტრიის დედაქალაქი ვენა, ქართული სათვისტომოს და მისი ცალკეული წევრების ცხოვრების ეპიზოდები, საკუთარი ცხოვრების, საკუთარი პიროვნების კამერის წინ გააზრების მცდელობები. ფილმის ქსოვილი არ არის მკაფიო ვექტორის მიხედვით აწყობილი - მხოლოდ ეპიზოდების შეპირისპირებით, ზოგჯერ კამერის „დაჟინებული მზერით“ შეიძლება ვივარაუდოთ ავტორის ფიქრების მიმართულებაზე.   მაგრამ ამის  გამო პერსონაჟები გარკვეულწილად უფრო დამოუკიდებელი, თავისთავადი ჩანან და  ეს მაყურებელს რეალობის დოკუმენტურ საფუძველთან  თითქოს  უშუალო წვდომის საშუალებას აძლევს. და როცა რამდენიმე ეპიზოდში კამერა თითქოს გვკარნახობს რა დავინახოთ, რას მივაქციოთ ყურადღება, ეს უკვე „შეთანხმების“ დარღვევადაც კი აღიქმება.
ფილმს არ ყავს ერთი, ან თუნდაც რამდენიმე გმირი: ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი ემიგრანტების შვილები ქართულ ენას სწავლობენ;  აქვე არსებული ქორეოგრაფიული სტუდია, მისი მოსწავლეები; ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა ილია ჩადუნელი;  აწ გარდაცვლილი ავსტრიაში ცნობილი მხატვარი თამუნა სირბილაძე და მისი და, ქეთი, ექიმი; აკაკი-დავით მუსხელიშვილი, რუსულენოვანი პატიმრების ორგანიზაციის ხელმძღვანელი; იკო მინდაძე, მოქანდაკე და რესტავრატორი; ვენაში კაფეს მფლობელი ნანა ანსარი და მისი მეუღლე ნასერი. ისინი სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ამპლუაში არიან წარმოდგენილნი - ზოგი ვრცლად გვესაუბრება თავის ემიგრანტულ გამოცდილებაზე, ზოგიც ორიოდ სიტყვით  - თავის პროფესიაზე, ზოგს  სულაც მხოლოდ საქმიანობის პროცესში ვეცნობით; ერთმანეთს ეჯაჭვება მათი ნაფიქრალი რელიგიაზე და ავსტრიის ყოველდღიურობაზე,  ვენის მაცხოვრებლების ხასიათზე და   საკუთარ ადგილზე მათთვის უცხო კულტურაში,  თვითრეალიზაციაზე და უცხოობის ფენომენზე; თავის მხრივ კამერა იჭერს (ხან უნებურად, ხანაც მიზანდასახულად) მათი დღევანდელი ყოფის დეტალებს, ელემენტებს, გარემოცვას:   ქართველი ემიგრანტის დაკრძალვა  ვენის სასაფლაოზე  და ავსტრიული კაფეს ყოველდღიურობა, ქართული ეკლესიის მომზადება წირვისთვის და ღამის კლუბი, ერთ-ერთი პერსონაჟის სახელოსნო, სადაც ჯვარზე მიკი მაუსებსა და ბაჭიებს აკრავენ და   პატიმართა სია, რომელშიც ყოველი მეორე თუ არა, მესამე სახელი მაინც ქართულია. და ეს ყოველივე არა დაპირისპირებაში, არამედ უბრალოდ ერთმანეთის გვერდით.

ამგვარი წყობის გამო ფილმი გარკვეულწილად არათანაბარია;  ზოგ  ეპიზოდში გაურკვეველი რჩება - ვინ? სად? რა? რატომ?, და მხოლოდ ფინალური ტიტრები ალაგებს მეტ-ნაკლებად ჩვენს შთაბეჭდილებებს. მაგრამ ამავე წყობის გამო  სხვადასხვა და განსხვავებული პერსონაჟების მეშვეობით ერთგვარი მოზაიკა იქმნება, რომლის დალაგება, ერთმანეთისადმი მისადაგება და გააზრება მაყურებლის ნებაზე რჩება. შეიძლება ის უბრალო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საგნად დარჩეს, შეიძლება კი ფიქრისკენაც გვიბიძგოს - გზებზე, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ.   

Wednesday, April 19, 2017

ხელოვნების ნაწარმოებს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს კლიმაქსი!!

      
ქართულ ენაზე ძალადობას დიდი ხანია მივეჩვიეთ.  „შეცდომა ვის არ მოსვლია“ - მითქვამს და გამიტარებია, ან - ჩემთვის ჩამიცინია, ან - ჩემთვის გავბრაზებულვარ, ან - ახლობლებში მიჯიჯღინია, ან სულაც - კურიოზების სკივრში მომითავსებია და კიდევ ერთი ანეკდოტი მიმიმატებია გრძელ სიას.  “რომელი ლევან ღვინჯილია მე ვარ” - მითქვამს  და გამივლია.
        მაგრამ როცა ერთი და იგივე „შეცდომა“  სულ მოკლე დროში ზედიზედ რამდენიმე ავტორთან აღმოვაჩინე, როგორც სრულიად რიგითი ტერმინი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე უკვე შეცდომასთან კი არა, ტენდენციასთან გვაქვს და სწორედ მაშინ აღმომხდა სათაურში გამოტანილი წამოძახილი.
       დიახ , დიახ , ფილმებს არა აქვთ კლიმაქსი (რეჟისორს -  შეიძლება) და ფრაზები: „სათაურიდანვეა ცნობილი ფილმის კლიმაქსი“, „კლიმაქსის მოლოდინში“, „კლიმაქსის სცენაში“ - რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულად ჟღერს.
       თუ უხერხულობა ვერც თავად  იგრძენით და არც  ჩემი გჯერათ,  სამედიცინო ენციკლოპედიას მივმართოთ: „კლიმაქსი ანუ მენოპაუზა (ბერძნ. Climacter – საფეხური, ეტაპი) – ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როცა იცვლება ჰორმონალური ფონი, ქვეითდება საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქციები. ძირითადი კლინიკური სიმპტომი მენსტრუაციის შეწყვეტა.“
       ის, რისი თქმაც თქვენ გინდოდათ, კულმინაციაა - „ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (culmen ლათინურად ნიშნავს მწვერვალს, გუმბათს) -    ლიტერატურული ლექსიკონი. 
      სიტყვა არსებობს, ქართულ ტრადიციაში  დამკვიდრებულია, სხვათა შორის ისიც უცხოურია, რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება და თავის უხერხულობაში ჩაგდება?
       ყველა პროფესიონალმა მთარგმნელმა კარგად იცის   ე.წ.  „მთარგმნელის ხაფანგების ან    „მთარგმნელის ცრუ მეგობრების“ შესახებ. ეს ის სიტყვებია, რომლებიც სხვა ენაზე ისევე გამოითქმის, როგორც მშობლიურზე. აი, აზრი კი, ძალიან ხშირად შეიძლება სრულიად სხვაც იყოს. ასეთი სიტყვები ბევრია:  angina -არა ანგინა, არამედ სტენოკარდია,  film -  უფრო ხშირად ფირს აღნიშნავს და არა ფილმს, genial  კეთილია და არა გენიალური და ა.შ.
      პროფესიონალები უფრთხიან  ასეთ „ცრუ მეგობრებს“ და სიფხიზლეს არ ადუნებენ, არაპროფერსიონალები კი ძალიან ადვილად ებმებიან   ამგვარ მახეებში. 
      თუ მაინცდამაინც არ  გვცალია სიფხიზლისთვის და გადამოწმებისთვის,  მაშინ იქნებ როგორც იკითხება,  ისე მაინც დაწეროთ -   კლაიმექსი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისურიც ისევე ზერელედ იცით, როგორც ქართული.
      და კიდევ, არასდროს   აღარ დასცინოთ ადამიანებს, რომლებიც „ რენოს“„რენაულტს“ უძახიან, ჟან პიაჟეს „პიაგეტს“  და ა.შ. , და პირიქით, თავადაც მზად იყავით დაცინვისთვის, რადგან ამ ორ შემთხვევას შორის, მგონი,  არანაირი განსხვავება არც არის. 

      გილოცავთ 14 აპრილს - ქართული ენის დღეს!!