Wednesday, April 19, 2017

ხელოვნების ნაწარმოებს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს კლიმაქსი!!

      
ქართულ ენაზე ძალადობას დიდი ხანია მივეჩვიეთ.  „შეცდომა ვის არ მოსვლია“ - მითქვამს და გამიტარებია, ან - ჩემთვის ჩამიცინია, ან - ჩემთვის გავბრაზებულვარ, ან - ახლობლებში მიჯიჯღინია, ან სულაც - კურიოზების სკივრში მომითავსებია და კიდევ ერთი ანეკდოტი მიმიმატებია გრძელ სიას.  “რომელი ლევან ღვინჯილია მე ვარ” - მითქვამს  და გამივლია.
        მაგრამ როცა ერთი და იგივე „შეცდომა“  სულ მოკლე დროში ზედიზედ რამდენიმე ავტორთან აღმოვაჩინე, როგორც სრულიად რიგითი ტერმინი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე უკვე შეცდომასთან კი არა, ტენდენციასთან გვაქვს და სწორედ მაშინ აღმომხდა სათაურში გამოტანილი წამოძახილი.
       დიახ , დიახ , ფილმებს არა აქვთ კლიმაქსი (რეჟისორს -  შეიძლება) და ფრაზები: „სათაურიდანვეა ცნობილი ფილმის კლიმაქსი“, „კლიმაქსის მოლოდინში“, „კლიმაქსის სცენაში“ - რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულად ჟღერს.
       თუ უხერხულობა ვერც თავად  იგრძენით და არც  ჩემი გჯერათ,  სამედიცინო ენციკლოპედიას მივმართოთ: „კლიმაქსი ანუ მენოპაუზა (ბერძნ. Climacter – საფეხური, ეტაპი) – ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როცა იცვლება ჰორმონალური ფონი, ქვეითდება საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქციები. ძირითადი კლინიკური სიმპტომი მენსტრუაციის შეწყვეტა.“
       ის, რისი თქმაც თქვენ გინდოდათ, კულმინაციაა - „ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (culmen ლათინურად ნიშნავს მწვერვალს, გუმბათს) -    ლიტერატურული ლექსიკონი. 
      სიტყვა არსებობს, ქართულ ტრადიციაში  დამკვიდრებულია, სხვათა შორის ისიც უცხოურია, რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება და თავის უხერხულობაში ჩაგდება?
       ყველა პროფესიონალმა მთარგმნელმა კარგად იცის   ე.წ.  „მთარგმნელის ხაფანგების ან    „მთარგმნელის ცრუ მეგობრების“ შესახებ. ეს ის სიტყვებია, რომლებიც სხვა ენაზე ისევე გამოითქმის, როგორც მშობლიურზე. აი, აზრი კი, ძალიან ხშირად შეიძლება სრულიად სხვაც იყოს. ასეთი სიტყვები ბევრია:  angina -არა ანგინა, არამედ სტენოკარდია,  film -  უფრო ხშირად ფირს აღნიშნავს და არა ფილმს, genial  კეთილია და არა გენიალური და ა.შ.
      პროფესიონალები უფრთხიან  ასეთ „ცრუ მეგობრებს“ და სიფხიზლეს არ ადუნებენ, არაპროფერსიონალები კი ძალიან ადვილად ებმებიან   ამგვარ მახეებში. 
      თუ მაინცდამაინც არ  გვცალია სიფხიზლისთვის და გადამოწმებისთვის,  მაშინ იქნებ როგორც იკითხება,  ისე მაინც დაწეროთ -   კლაიმექსი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისურიც ისევე ზერელედ იცით, როგორც ქართული.
      და კიდევ, არასდროს   აღარ დასცინოთ ადამიანებს, რომლებიც „ რენოს“„რენაულტს“ უძახიან, ჟან პიაჟეს „პიაგეტს“  და ა.შ. , და პირიქით, თავადაც მზად იყავით დაცინვისთვის, რადგან ამ ორ შემთხვევას შორის, მგონი,  არანაირი განსხვავება არც არის. 

      გილოცავთ 14 აპრილს - ქართული ენის დღეს!!

No comments: