Sunday, February 27, 2011

ვთამაშობთ სუპერმენს - "მწვანე კრაზანა"


ბავშვობისდროინდელ ოცნებებს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთს უმართლებს და მოზრდილობაში მათ ასრულებას ახერხებს. რა თავბრუსდამხვევი გრძნობაა, რეალობაში მოირგო შენი ბავშვობის კერპის ქურქი, მით უმეტეს, როცა მამისგან მემკვიდრეობით ქალაქის მთავარ გაზეთთან ერთად ხელმარჯვე ოსტატი და დაუმარცხებელი მებრძოლი კატოც გერგო.
ეს ბედნიერება მოულოდნელად დაატყდა თავს სწორედ „მწვანე კრაზანას“ გმირს, საგაზეთო მაგნატის უსაქმურ შვილს, ბრიტ რიდს (სეთ როგენი).
„მწვანე კრაზანას“ დიდი ხანია ელოდება დიდი ეკრანი. პირველად ის 1936 წლის რადიოდადგმის სახით გამოჩნდა საზოგადოებაში. 1940 წელს უკვე კომიქსად იქცა და თითქმის ერთდროულად ტელეეკრანებზეც დაფუძნდა. 60-იან წლებში ამ სერიალში გამოჩნდა ბრუს ლი - ეს მისი პირველი ინგლისურენოვანი როლი იყო.
შემდეგ ხანგრძლივი გზა ეკრანისკენ და საბოლოოდ „მწვანე კრაზანას“ ეკრანული ნათლობის პატივი ფრანგ რეჟისორს მიშელ გონდრის ერგო, რომლისთვისაც ეს პირველი ზემსხვილბიუჯეტიანი ფილმია.
ფილმი იუმორით და ირონიის დიდი დოზით აღწერს სუპერმენის შიდა სამზარეულოს, საზოგადოების მხსნელის „ჭეშმარიტ“ სახეს, და ეს ირონია არის ის მთავარი კომპონენტი, რაც ფილმის ბევრ ხარვეზზე თვალის დახუჭვის საშუალებას იძლევა.
ფაქტობრივად ეს კლასიკური „აღზრდის რომანია“ - როგორ იქცევა უმაქნისი ბონვივანი ღირსეულ მოქალაქედ. თუმცა თავად სქემის მიმართ რეჟისორებს ირონია აღარ ეყოთ - საზოგადოების საყრდენი ბურჯები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.
სუბტიტრებიანი ფილმების შემოღებასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ ვერ ასწრებენ მათ წაკითხვას. საინტერესოა, რატომ არასდროს გამიგია ჩივილი, რომ ვერ ასწრებენ გამოსახულებისთვის თვალის მიდევნებას. თუნდაც ამ ფილმში - ორთაბრძოლის სცენების რიტმი ზღვრულ სისწრაფეს უახლოვდება. ჩანს, რომ რაღაც ხდება, გამოცდილებით შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ - რა, მაგრამ კონკრეტული ქმედების დიდი ნაწილის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება (ჩვენი სალამი ძიგა ვერტოვს!).
სამაგიეროდ, ამ თავბუდამხვევ სცენებს ენაცვლება საკმაოდ მშვიდი, რომ არ ვთქვათ, დუნე ეპიზოდები (ზემოთხსენებულ სცენებთან შეფარდებით).
ამდენად, პოპკორნის მისართმევად საკმაოდ თავისებური ფილმია. პოპკორნის მშვიდად (ხითხით-ხითხითით) დაგემოვნების პერიოდებს ცვლის ორთაბრძოლის სცენები, რომელთა მოახლობისთანავე პოპკორნი რამდენიმე წუთი სავარაუდოდ სადღაც პოპკორნის კოლოფსა და პირს შორის იყინება.
თუ არ ჩავთვლით ამ მცირე უხერხულობას, თამამად მიმართეთ პოპკორნს.