Tuesday, October 29, 2019

მანანა ლეკბორაშვილი. ყველას თავისი „შინდისი“ აქვს




 არ ვიტყვი არაფერს ახალს, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ხელოვნება ყოველთვის აგებს რეალობასთან „შეჯიბრში“, თუნდაც ის თავად რეალობის მასალით ძერწავდეს თავის სახეებს. აგებს არა ზემოქმედების ძალაში, ემოციების სიმძაფრეში, არამედ ყოვლისმომცველობაში, მრავალგანზომილებიანობაში. ფიზიკურ რეალობასთან ისეთ მჭიდრო კავშირში მყოფ ხელოვნებასაც კი, როგორიც კინემატოგრაფია, უცილობლად უწევს საკუთარი ხედვის წერტილის, მოდელის, მეთოდის შერჩევა,  საკუთარი კონცეფციის აგება, „თამაშის წესების“ გამომუშავება და ამ წესების მაყურებლისთვის შეთავაზება - ერთი სიტყვით, „რეალობის დავიწროება“ (კარგ შემთხვევებში, სიღრმეში ჩასვლის პარალელურად).
სხვა საქმეა, რამდენად უპასუხობს ეს კონცეფცია  მაყურებლის მოლოდინებს, რამდენად გაიზიარებს აუდიტორია ამ ხედვას და დაეთანხმება  შეთავაზებულ თამაშის წესებს. სწორედ ეს მხარე განაპირობებს ფილმის სამაყურებლო წარმატებას, მაგრამ არა ხარისხს. ხარისხი თავად კონცეფციის გამართულობაში, მისი შესრულების ოსტატობაში, საინტერესო მიგნებებშია საძებარი.
 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ძალზე მტკივნეული ეპიზოდის - შინდისის გმირობის საფუძველზე გადაღებული მხატვრული სურათის  ავტორებს აშკარად გულდასმით აქვთ ნამუშევარი ფილმის კონცეფციაზე და ხედვის კუთხეც  მკაფიოდ აღსაქმელია. ცუდი ის არის, რომ ეს მხოლოდ ფილმის ნახვის შემდეგ ხდება ნათელი:  წარმოების საკმაოდ ხანგრძლივი და მოლოდინით აღსავსე პერიოდის განმავლობაში მედიასაშუალებების მიერ მისი რეპრეზენტირება ხდებოდა, როგორც ფილმისა „შინდისის გმირებზე“; ეს კი მძაფრსიუჟეტიანი საომარი ფილმის სრულიად ჩამოყალიბებულ განწყობას  და საფუძვლიან მოლოდინს ქმნიდა,  მისთვის დამახასიათებელი ვრცელი ბატალური   სცენებით და ჰეროიკის წინ წამოწევით.
 „შინდისი“  უკვე გადის თბილისის კინოეკრანებზე, მაგრამ ვისაც  ჯერ არ უნახავს, განწყობის სწორი „მომართვისთვის“ სასარგებლოა იცოდეს, რომ    ფილმი  სრულიად სხვა პრინციპებზე  არის აგებული. გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლები არ არიან ფილმის   მთავარი მოქმედი გმირები, მათთან ერთად ამ პატივს სოფელ შინდისის მცხოვრებლები ინაწილებენ, და უფრო მეტიც, გარკვეულწილად ჯაბნიან კიდეც მათ. მიუხედავად  ალყაში მოქცეული მებრძოლების თავგანწირული ბრძოლის ოცწუთიანი ეპიზოდის სომძაფრისა და სიმძიმისა, ეს სულაც არ არის სიუჟეტის ცენტრალური მოქმედება. უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბრძოლა გადარჩენილი სიცოცხლის დასაცავად, ჩუმი გმირობა.
ფილმის ავტორებმა უარი უთხრეს ჰეროიკულ საგას, „ურაპატრიოტიზმში“ ადვილად გადადინებად გმირობით აღტაცებას. ისინი უფრო თავშეკავებული დრამატული განცდისკენ იღებენ გეზს. მახვილი   მოვლენის ტრაგიზმზე, მსხვერპლის განწირულობაზე კეთდება. მაყურებლის ცნობიერებაში, ყოველგვარი სიმბოლური მინიშნებების და პედალირების გარეშე ჩნდება დავითისა და გოლიათის სახე. ავტორებისთვის   ძვირფასია ამგვარი არასავალდებულო, „სხვაგვარად არ ძალმიძს“ თავგანწირვა, როგორც მებრძოლების, ისე მშვიდობიანი მცხოვრებლების მხრიდან.     
ამართლებს მსგავსი მიდგომა მოწინააღმდეგის მიმართაც. მიუხედავად იმისა, რომ   ფაქტები გაცილებით მწვავე და ეფექტური სურათის დახატვის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორებს ეყოთ გემოვნება თავი აერიდებინათ გროტესკისთვის, რომელიც ალბათ მაყურებელთა ნაწილს „გულს კი მოფხანდა“, მაგრამ ზოგადად ვერ გაექცეოდა ზედაპირულ შარჟად და წვრილმან შურისძიებად აღქმას.
თუმცა  თავად 2008 წლის ჭრილობა ქართველი აუდიტორიისათვის იმდენად მტკივნეული და თერთმეტი წლის შემდეგ  კვლავაც შეუხორცებელია, ხოლო ფილმის მოლოდინი იმდენად მძაფრი, რომ ადვილი გასათვალისწინებელი იყო იმედგაცრუებაც და უკმარისობის გრძნობაც  მაყურებლის მხრიდან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ქართული კინოს  ფორუმზე „ნახე პირველად ბაკურიანში“. ზოგისთვის ფილმი ნაკლებემოციური აღმოჩნდა, ზოგისთვის -   პირიქით,  პათეტიკურიც კი;  ზოგს რეალობა დააკლდა, ზოგმა კი ასახული რეალობა პლაკატურად აღიქვა; ზოგისთვის ზედმეტად პოლიტკორექტული იყო, ზოგისთვის - პირიქით და ა.შ., ვის რა დააკლდა და ვის - რა. არ არის გასაკვირი. ასე ხდება ხოლმე, როცა ფილმში მოთხრობილი ამბავის მიმართ მაყურებელს წინასწარ აქვს გამომუშავებული საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი სიმართლე. ამის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა ეკრანიზაციებია, რომელიც, რაც უფრო პოპულარული ნაწარმოების მიხედვით არის, მით უფრო ბევრ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
როგორც მაყურებელს, მეც გამიჩნდა ჩემი „დამაკლდა“. მთავარი, რაც დამაკლდა,  მებრძოლების ინდივიდუალიზაცის მცირე ხარისხია. მიუხედავად საწყისი, ხელის კამერით გადაღებული მონაკვეთისა, სადაც მებრძოლებს ვეცნობით, მიუხედავად ბრძოლის ეპიზოდის ცალკეულ სცენებად დანაწილებისა საკუთარი მოქმედი პერსონაჟებით, ეს არ გამოდგა საკმარისი ოცდაორი სახის, ოცდაორი ხასიათის გამოკვეთისთვის. ჭირს მათი ცალკეულ პიროვნებად აღქმა და დამახსოვრება; ისინი კოლექტიურ გმირად რჩებიან,  თვითიდენტიფიცირების ობიექტს მაყურებელი მათში ვერ პოულობს;   თანაგანცდის გრძნობას კი  სწორედ თვითიდინტიფიკაცია ხდის მძაფრს.  ამის გაკეთება   შემდგომ ეპიზოდებში უფრო ადვილი მოჩანს, როცა დაჭრილი ჯარისკაცები სოფელში არიან; ამისთვის სულაც არ იყო აუცილებელი დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზების გაშლა, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე შტრიხიც სხვადასხვა სცენაში, მაგრამ ეს შესაძლებლობაც არ იქნა გამოყენებული. შეიძლება, ესეც ავტორების საერთო კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, ვფიქრობ, ამ კუთხით ემოციური მუხტის აწევა მხოლოდ წაადგებოდა ფილმს.
დამაკლდა სასპენსი. მასზე პრეტენზია არ მექნებოდა, თავად ფილმი რომ არ მპირდებოდეს ამას. ფორმალურად სასპენსის პრინციპები შესამჩნევია, მაგრამ მოლოდინი არ მართლდება, დაპირებული ემოცია არ ჩნდება. განსაკუთრებით ეს მთლიანობაში ძალზე ღირსეულად გადაღებულ  ბრძოლის ეპიზოდს შეეხება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვულგარული პათეტიკის შიშით ზოგჯერ ემოციური მუხტის მინიმუმამდე დაყვანა მიზანმიმართულად ხდება, და არა მხოლოდ შეტაკების ეპიზოდში.
კიდევ შეიძლებოდა რამდენიმე „დამაკლდა“, თუმცა თავადვე ვაცნობიერებ, რომ მათგან უმეტესობა ისევ ჩემს მოლოდინებთან და წინასწარგანწყობებთან არის დაკავშირებული. რას ვიზამთ, თემაა ასეთი.
P.S. მაგრამ არყის ბოთლზე საცობი მაინც ნამდვილად „დამაკლდა“: არაყი თავღია არ (ვერ) ინახება.   

            27.10.2019