Tuesday, January 7, 2014

სამოციანელების “არასაბჭოთა” კინო

                                     

          ქართველ სამოციანელთა თაობა დღემდე რჩება იმ კინოს შემოქმედად, რომელიც ქართული კინოს შემოქმედებით მიღწევათა უდიდესი ნაწილი მოდის. განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ამ ფილმების უმეტესობას განვლილმა დრომ ბევრი ვერაფერი დააკლო და ისინი სულაც არ მოითხოვს ისტორიული მიდგომით გამართლებულ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას.
          ამ დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნა მარტივ ჭეშმარიტებაში დევს: ხანგრძლივი სიცოცხლე ხელოვნების იმ ნაწარმოების ხვედრია, რომელიც შეძლებს აქტუალობის გვერდის ავლით, ან მის მიღმა ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, მარადიულ კითხვებს შეეხოს.
          სამოციანელთა ფილმების დღევანდელი მომხიბვლელობა სწორედ იმ “ნაკლით” არის განპირობებული, რომელის გამოც მას გამუდმებით საყვედურობდა საბჭოთა იდეოლოგიის სადარაჯოზე მდგომი კინოკრიტიკა: არააქტუალობა, თანამედროვე პრობლემებისთვის გვერდის ავლა, რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტა. თუმცა, სინამდვილეში, საქმე ამაში არ იყო. უბრალოდ, ყველა ერიდებოდა ზუსტი დიაგნოზის აღმნიშვნელ სიტყვას:  ეს ფილმები “არასაბჭოური” იყო.
          სამოციანელთა კინო აქტუალობას ისტორიულ წარსულში, ლიტერატურულ კლასიკაში ან ხაზგასმით გროტესკულ სიტუაციებში ეძებდა, თანამედროვეობის პრობლემებს პოეტურ ან კომიკურ სამოსში ხვევდა და ამგვარად ცდილობდა რეალობის უფრო ღრმა ფენებს ჩასწვდომოდა, ვიდრე ეს კარგად ნაცნობი ნიშნების აღწერით გამოიხატებოდა.
         ქართველი რეჟისორები თავს არიდებდნენ სისტემასთან ღია დაპირისპირებას. მათ ბრძოლის სხვა გზა აირჩიეს – ცდილობდნენ “არ შეემჩნიათ” ის.  ამგვარი ტაქტიკა ფილმებს ცენტრალური ცენზორებისთვის გარკვეულწილად მოუხელთებელს ხდიდა, ტოვებდა რა მცირე სივრცეს ხელმოსაჭიდი ბრალდებებისთვის.
         თუმცა მარადფხიზელი და არცთუ სულელი ცენზურის აპარატი ფარ-ხმალს არ ყრიდა. წვრილმანი და ხშირად აბსურდული “გამoკიდებების” გარდა მის არსენალში რჩებოდა საკმაოდ ქმედითი იარაღი: ფილმისთვის მინიჭებული დაბალი კატეგორია, შესაბამისად ასლების უმნიშვნელო რაოდენობა და როგორც შედეგი, საბჭოთა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უჩინარი კინემატოგრაფი.
        მაგრამ როგორც ხელოვნებაში ხშირად ხდება ხოლმე, “ბოლო სიტყვა” სულაც არ არის “ბოლო”. გავიდა წლები, საბჭოთა სახელმწიფო ისტორიის კუთვნილებად იქცა, მის მიერ არათანამედროვედ და არააქტუალურად შერაცხული ფილმები კი აგრძელებს სიცოცხლეს და სულაც არ უჩივის ჯანმრთელობას.

P.S. ადრე და  სხვა დანიშნულებით დაწერილი, მაგრამ იყოს აქაც.