Sunday, January 31, 2010

დრო - გადის, პრობლემები - რჩება

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ?!

როგორია ქართული კინოს წარსული? ყველამ ვიცით და ყველა ვამაყობთ.

როგორია ქართული კინოს მომავალი? ყველას იმედი გვაქვს, რომ ბრწყინვალე (ჩვენ ხომ ოპტიმისტები ვართ).

როგორია ქართული კინოს აწმყო? აი, აქ უკვე ერთმნიშვნელოვანი და მისაღები პასუხის გაცემა პრობლემატური ხდება.

ერთის მხრივ, არიან ქართველი რეჟისორები, რომლებიც იღებენ წარმატებულ ფილმებს... მაგრამ ეს ფილმები არ არის ქართული: დიტო ცინცაძე გერმანიაში მუშაობს და გერმანული კინემატოგრაფის სახეს ქმნის; ოთარ იოსელიანი საფრანგეთში დამკვიდრდა და ქართულ მენტალიტეტზე დამყნილი ფრანგული ელეგანტურობით ატკბობს ევროპას; ალეკო ცაბაძის ”რუსული სამკუთხედი” თითქოს კი ერთობლივი ნაწარმია, მაგრამ ფილმის არც რეალიები და არც პრობლემატიკა ქართული არ არის; ქართული კინემატოგრაფის ბოლო წლების ყველაზე დიდი სიხარული და სიამაყე - გელა ბაბლუანის 2005 წლის კინოდებიუტი, ფილმი ”ცამეტი”, ასევე ევროპული კინოა და ამას ვერც მთავარი როლის ქართველი შემსრულებელი ცვლის და ვერც რეჟისორის ნებით თარგმანის გარეშე დატოვებული ქართული დასახელება...

თავად საქართველოში კინოსტუდია ”ქართული ფილმი” ფაქტობრივად აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, კინოპროცესში ის აღარ მონაწილეობს. დაწესებულება არის, მაგრამ რა ხდება მის კედლებს მიღმა არამც თუ ფართო, კინოსაზოგადოებისათვისაც უცნობია. ინიშნება და იცვლება სამეთვალყურეო საბჭოები, დროდადრო საინფორმაციო არეში ჩნდება ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები სარეანიმაციო გეგმების შესახებ, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ამის სანაცვლოდ ფუძნდება ახალი კერძო სტუდიები, საპროდიუსერო ფირმები. მათგან უმეტესობა საზღვარგარეთთან ეძებს კონტაქტებს და მეტ-ნაკლები წარმატებით მუშაობს ერთობლივი პროდუქციის შექმნაზე, სხვები ერთი ან ორი ფილმის წარმოებისთვის იქმნება და შემდეგ მოლოდინის რეჟიმში გადადის.

შესაბამისად ჩნდებიან ახალი სახეები, რომლებიც ასევე ქრებიან, ჩნდება ფილმები, რომლებიც მეორე დღეს აღარავის ახსოვს, მასმედიაში დროდადრო გაკრთება ინფორმაცია ამა თუ იმ ფილმის შიდა თუ საზღვარგარეთული პრემიერის, ჩვენების, ფესტივალზე თუ კინობაზრობაზე წარდგენის შესახებ, მაგრამ შედეგები უცნობი რჩება საზოგადოებისათვის, ალბათ უშედეგობის გამო.

ქართული კინოპროცესის განვითარების და გამთლიანების მიზნით შექმნილი და 2001 წლიდან მომქმედი ეროვნული კინოცენტრის მცდელობებს ამ მიმართებით ხელშესახები შედეგები არ მოუცია. მართალია, ის ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეულ თანხას ქართული ფილმების წარმოებისთვის, მაგრამ ამ მიზნით გამოყოფილი მწირი საშუალებები რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის დაფინანსებას (და ისიც ნაწილობრივს) თუ ჰყოფნის; და არც ამ დაფინანსების ღირსეული კანდიდატების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსებს აღმოუჩენიათ ჯერჯერობით ახალი ხედვა, ორიგინალური ფორმა ან ახალი, იმედისმომცემი სახე.

სამაგიეროდ, კინოცენტრის მიერ გამოცემული ქართული ფილმების კატალოგი კინოპროცესში არსებული ქაოტური მოძრაობის თვალსაჩინო დასტური გახდა. ამ იმედისმომცემად მოცულობითი გამოცემებით გამოწვეული სიხარული უმალვე ქრება, როგორც კი მის ფურცლებს გადაშლით: სულ რამდენიმე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დანარჩენ ფურცლებს კი მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები ავსებს. რა თქმა უნდა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ აქ მეტად ჭრელი ”საზოგადოება” არის წარმოდგენილი და უმრავლესობას კინოხელოვნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ჩანახატი, პუბლიცისტური გადაცემა, რეკლამა, შეკვეთილი საინფორმაციო ფილმი, პირველი სტუდენტური ცდები, home video-ს პრინციპით გადაღებული გაურკვეველი წარმონაქმნები - გულდასაწყვეტია, როდესაც არსებითად ეს პროდუქცია ავსებს კატალოგს, რომელსაც ”ქართული ფილმები” ეწოდება. ყოველივე ეს კი პროფესიული კრიტერიუმების, პროფესიული ორიენტირების დაცემაზე და გაუქმებაზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის ქართული კინოპროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი (და ეს ხშირად სრულმეტრაჟიან ფილმებსაც ეხება) საერთოდ არ ექვემდებარება პროფესიულ კრიტიკას, რადგან ის არ წარმოადგენს პროფესიული (აღარ მინდა ვიხმარო სიტყვა ”ხელოვნება”) კანონებით შექმნილ ნაწარმოებებს.

რა თქმა უნდა, შეიძლება შემოდავება, რომ მთლად ასე ტრაგიკულადაც არ არის საქმე. მართალია, არის ცალკეული წარმატებები, წინგადადგმული ნაბიჯები და ყველა მივესალმებით ქართული პროდუსერული საქმიანობის პირველ ნაბიჯებს, საინტერესო მიდგომას, თუნდაც ის იყოს ხარვეზებით იყოს; ყველას გვიხარია ქართული ფილმის მსოფლიო ასპარზზე თუნდაც უმნიშვნელო წარმატება, მადლიერებით ვიჭერთ მის მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ კეთილ სიტყვას, მაგრამ ერთეული დადებითი შედეგი მაინც არ ქმნის ტენდენციას.

ქართული კინემატოგრაფიის სფეროში არსებული ქაოტური მოძრაობა ვერა და ვერ გადავიდა კინოპროცესში. შეიძლება ამაში დამნაშავეა ისიც, რომ პროფესიულ განათლებასთან და კინოწარმოების ორგანიზებასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - ფილმის მაყურებელთან მიტანის - არის მორღვეული. ძალზე მარტივი იქნებოდა ამაში მხოლოდ კინოგაქირავება მოგვეაზრებინა. მე უფრო ფართოდ განვიხილავდი: ფილმის შექმნაში ჩართული ადამიანების მენტალიტეტს, საინფორმაციო უზრუნველყოფას, რეკლამას და დისტრიბუციას ერთობლიობაში.

ქართული ფილმი არ ეძებს თავის მაყურებელთან მისავალ გზებს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით თუნდაც სტუდენტური ფილმების ხილვისას - მათი უმეტესობა, პირველი საკურსოებიდან მოყოლებული აღჭურვილია ინგლისურენოვანი ტიტრებით. საკუთარ ბაზარს, საკუთარ მაყურებელს აღარავინ ენდობა, მისი აღიარება აღარავის აკმაყოფილებს. რა გაიყიდება უკეთესად, რა წარმოჩინდება უფრო მომგებიანად მსოფლიო საფესტივალო ეკრანებზე - ეს ფარული თუ გაცხადებული ფიქრი დევს ალბათ ყველა ქართული პროექტის საფუძველში.

ქართველი მაყურებელი კი იძულებულია დაკმაყოფილდეს მსოფლიო პრესის მწირე გამოძახილით, ან შინა პრემიერების ტელეექოთი. ამ ტენდენციის აბსურდამდე მისული მაგალითი იყო დიტო ცინცაძის ”რევერსის” ირგვლივ გამართული თოქ-შოუ, როცა განხილვაში მონაწილეთაგან მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ფილმი ნანახი.

ქართული ფილმის ნახვის საშუალებას ქართველი მაყურებელი ფაქტობრივად მოკლებულია. საშუალებას ვერ დავარქმევთ მათ ეკრანზე გასვლას დედაქალაქის სამად-სამ კინოთეატრში. ბილეთების ფასი მაყურებელთა ფართო მასისთვის მიუწვდომელია, ან თუ მისაწვდომია, მაინც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არჩევანის წინაშე აყენებს მაყურებელს: გარისკოს პატრიოტული გრძნობების გამო, თუ იგივე ფასად მიიღოს გარანტირებული თვალის სეირი მაღალი ტექნოლოგიური ხარისხის ამერიკული ნაწარმიდან. ქართული ფილმებისთვის ხელსაყრელი გაქირავების რეჟიმის შექმნაზე კი არავინ ზრუნავს. გათვლა ასეთია - ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.

თუ ბრდღვნაში მხოლოდ კომერციულ მოგებას ვიგულისხმებთ, ანგარიში სამართლიანია. მაგრამ შედეგად ქართული ფილმი რჩება საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაზე, ვერ ხდება საზოგადოებრივი განსჯის, კრიტერიუმების და ორიენტირები გამომუშავების საგანი, ეთიშება ეროვნულ ცნობიერებას. შესაბამისად ეთიშება რეალური ცხოვრების დუღილს კინოაზროვნებაც. ალბათ ნაწილობრივ ესეც იწვევს იმ ზედაპირულობას, რომელსაც ვერა და ვერ გასცდა ბოლო პერიოდის ქართული კინო.

წრე შეიკრა. ჩვენ ვმოძრაობთ, მაგრამ წინ ვერ მივდივართ; ვცოცხლობთ, მაგრამ ეს სიცოცხლე უფრო არსებობას წააგავს; ფილმები გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ქართული კინო; იმედი გვაქვს, მაგრამ თითქმის არაფერს ვაკეთებთ ამ იმედის ხორცშესხმისათვის; მხოლოდ ქართველი კაცის თანდაყოლილ ნიჭიერებაზე მინდობილთ, ვეჭვობ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, რათა თამამად დავიძახოთ: ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!!

მ.ლ.
გაზეთი "იბერია"
2007. სექტემბერი

P.S. ეს წერილი ორი, თითქმის სამი წლის წინ დაიწერა გაზეთისთვის. დღეს შემთხვევით გადავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ არაფერი ან თითქმის არაფერი შეცვლილა.

შეიძლება გაიზარდა კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი ფილმების რიცხვი (მაგრამ ლაპარაკია წილობრივ დაფინანსებაზე), შეიძლება გააქტიურდნენ კერძო საპროდიუსერო კომპანიები (გამოჩნდა ერთი-ორი ახალი სახელი),შეიძლება მოიმატა სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთო რაოდენობამაც (მაგრამ არა ხარისხმა),ქართველი მაყურებელსაც მეტი საშუალება აქვს იხილოს ახალი ქართული ფილმები, მაგრამ რის ხარჯზე? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

ქართული ფილმების რიცხვმა ეკრანებზე იმატა. თითქოს უნდა გვიხაროდეს, მაგრამ თუ ფილმების გამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან ერთად თავად ფილმებსაც ვნახავთ, სიხარული უცბად ჩაგვიქრება - თუ კინოს მოყვარული ხარ, შეუძლებელია მათი უმეტესობა პირად შეურაცხყოფად არ მიიღო.

ქართველმა "ფილმისმკეთებლებმა" (ძალიან უხდებათ ეს სიტყვა) რატომღაც გადაწყვიტეს, ქართველი მაყურებელი ყველაფერს გადაყლაპავს და დიდ ეკრანზე გამოფინეს ფილმები, რომლებიც ამ ცნებისგან საკმაოდ შორს დგანან.

ამჯერად არც თბილისისგან შორს მყოფი მაყურებელი იჩაგრება - ამ ფილმების უმეტესობამ საკმაოდ მალე გადაინაცვლა ტელეეკრანებზე. და რაზე მეტყველებს ეს?

ერთი, რომ "ფილმისმკეთებლები" თავადაც ხვდებიან, რომ ამ ფილმების საერთაშორისო პოტენციალი ნულის ტოლია (მადლობა ღმერთს, ხვდებიან) და მეორე, ამ ფილმებმა, როგორც ჩანს, კინოეკრანზეც საკმაოდ მალე ამოწურეს თავისი პოტენციალი (მადლობა მაყურებელს!).

Sunday, January 24, 2010

ცხელ გულზე

"ომი და ქორწილი"
სცენარისტები: პაატა ბერიკაშვილი,ნანა ჭავჭანიძე, ნათია გოგოჭური
რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
ოპერატორი: მინდია ესაძე
მხატვარი: მალხაზ კუხაშვილი
როლებში: ელენე კოლელიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, გივი ჩუგუაშვილი, აკაკი ხიდაშელი, ქართლოს მარადიშვილი, დავით ხურცილავა, დუტა სხირტლაძე, ბადრი კაკაბაძე, გრიგოლ წიტაიშვილი და სხვები.

კიდევ ერთი ქართული ფილმის პრემიერა. ამჯერად, თემა გაცილებით სერიოზულია - გუშინდელი ომის ისტორია. ისტორია, როგორც ავტორები გვეუბნებიან, რეალური - აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთ ქართულ სოფელში მართლაც გადაიხადეს ქორწილი.
რეალური ამბები თუ პერსონაჟები სხვაც ბევრია ამ ფილმში - ბევრჯერ მოსმენილი ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან: საქართველოში გაზრდილი რუსი გენერალი თუ რუსის ჯარში მომსახურე ქართველი გენერალი, "ცუდი" ოსები თუ "კარგი" ოსები, დაბნეული რეზერვისტები თუ მოკლული უცხოელი ჟურნალისტი, გადამწვარი სახლები თუ დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა, სარდაფებიდან გამოტანილი არაყის ბოცები თუ ყბადაღებული უნიტაზები.... ბევრია, ძალზე ბევრი...
ამბები იმდენად მტკივნეულია, რომ ესთეტიკური განცდისთვის ადგილი აღარც რჩება, მას უშუალო ემოციები ფარავს. გასაგებია, რომ ამ სიტუაციაში იყვნენ ალბათ ავტორებიც. ცხელ გულზე მათ მეტისმეტად ბევრის, თითქმის ყველაფრის ერთად ჩადება მოინდომეს ფილმში - გაგონილის, ნანახის, მოსმენილის თუ წაკითხულის, განცდილი ტკივილის, ბრაზის, სინანულის... როგორც ჩანს, მასალის ესთეტიკური გადამუშავებისთვის აღარც მათ დარჩათ დრო და ადგილი.
ალბათ ამიტომ ჟღერს ბევრი ფრაზა ლოზუნგივით და ბევრი პერსონაჟი ყოფითი საუბრებიდან გადმოსულ შტამპებად გამოიყურება, ამიტომ არ იწვევს სიცილს „მტრების“ კარიკატურული სახეები და გროტესკული სცენები, ხშირად ტკივილსაც იმედგაცრუების გემო დაჰყვება...
რას ვიზამთ, რთულია ხელოვნების ბილიკებზე სიარული. ერთით კი შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი, ფილმი ნამდვილად კეთილშობილური მიზნებით და ცხელი გულით არის გადაღებული, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ ბოლოდროინდელ ქართულ ფილმზე.
პოპკორნი კი... წესით პოპკორნი არც უნდა გაგახსენდეს...
მ.ლ.