Friday, December 14, 2012

ფესტივალის დღიურები. დღე მეორე (გაგრძელება)




ფესტივალის დღიურები. დღე მეორე (გაგრძელება)


ისევ დოკუმენტური კინო – ამჯერად,  წლევანდელი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის, ირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმი „გამარჯობა, კინო! (Salaam cinema!).  ის კინემატოგრაფის 100 წლის იუბილესთვის არის გადაღებული და 1995 წელს აჩვენეს კანის ფესტივალზე. შესაბამისად, ფილმი  სიყვარულის ახსნაა კინემატოგრაფისათვის. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პირველი ეპიზოდი:  სტუდიის წინ შეკრებილი ადამიანების უსასრულო რიგი. რეჟისორის საგაზეთო განცხადებას   კასტინგის შესახებ ათასობით ირანელი გამოეხმაურა. ისინი შტურმით იღებენ კინოსტუდიის ჭიშკარს, რათა აისრულონ ოცნება – ითამაშონ კამერის წინ.   და აი,  პრეტენდენტები  რეჟისორის და კამერის პირისპირ  რჩებიან.   ამ ოცნების სახელით ისინი  მზად არიან იცინონ, იტირონ, იმღერონ და ზოგადად შეასრულონ  (ან ვერ შეასრულონ)  რეჟისორის ნებისმიერი ბრძანება. „სინემა ვერიტეს“ პრინციპით გადაღებული ფილმი ეკრანზე მოხვედრის წყურვილით შეპყრობილი ადამიანების უშუალო რეაქციებს, ემოციებს აფიქსირებს, ეს კი ყოველთვის საინტერესოა.

ფილმს   მასტერკლასი მოსდევს. დარბაზში ძირითადად ახალგაზრდა სახეებია და რეჟისორიც კონკრეტულ პროფესიულ საკითხებს ეხება: ორი კამერის უპირატესობა, 1800–ის წესი, კადრი–რეაქცია და მისი მნიშვნელობა, მსახიობებთან მუშაობის პირადი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული პრინციპები... არსებითად, ამაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო დამწყები კინემატოგრაფისტისთვისაც კი, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული რეჟისორისგან მოსმენილი და პირადი გამოცდილებით გამდიდრებული, სულ სხვა ღირებულებას იძენს. სწორედ ამის გამო, ცოტა არ იყოს შემაშფოთა ლექციის პირველმა ნაწილმა.
მახმალბაფმა გაიხსენა    თავისი ახალგაზრდობის გამოცდილება, რომელმაც იგავივით გაიჟღერა: ციხეში ჩვიდმეტი წლის მოხვდა და თავის ამხანაგებთან ერთად დაინტერესდა კინოთი. დაახლოებით ათამდე იყვნენ. ორიოდ წელიწადში  ნაწილმა, მათ შორის მახმალბაფმაც, პრაქტიკაზე გადასვლა გადაწყვიტა; დანარჩენებმა კი ჩათვალეს, რომ მათ ჯერ საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ ამისთვის და გააგრძელეს სწავლა; მათ დიდი ცოდნა დააგროვეს, მაგრამ არასდროს არაფერი აღარ გადაუღიათ – ისინი კრიტიკოსები გახდნენ. მორალი: თუ რაღაცის გაკეთება გინდა, უნდა გაბედო და დაიწყო; როცა ბევრი იცი, პერფექციონისტი ხდები, ეს დეპრესიაში გაგდებს და ვეღარაფერს აკეთებ.
ზოგადად აზრი თითქოს სწორია, მაგრამ ქართველი სტუდენტებისთვის რაღაც არ შემიმჩნევია ზედმეტი ცოდნა, პერფექციონიზმი და გაბედულების არქონა. უფრო –პირიქით. ამიტომ  კარგი იქნება, თუ ქართველი ახალგაზრდები მაინცდამაინც არ ჩაეჭიდებიან ცნობილი რეჟისორის ამ მოწოდებას და დროშად  არ ააფრიალებენ.
ახლა კი მხატვრული კინო.

სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის მონაწილე ქართული ფილმის  ჩვენებამ „ამირანის“ დიდ დარბაზში ანშლაგით ჩაიარა. ანშლაგი შეეხო არ მხოლოდ თავად დარბაზს, არამედ გასავლელებსაც –  შუქის ჩაქრობის შემდეგ გავლას მხოლოდ ცოცხალ სხეულებზე თუ მოახერხებდით. ეს არც არის გასაკვირი: რუსუდან ჭყონიას ფილმის „გაიღიმეთ“  საქართველოში ჩვენებას მასზე სხვადასხვა ფესტივალებიდან გავრცელებულმა ხმებმა ჩამოასწრო. ეს ხმები კი ერთხმად ირწმუნებოდნენ, რომ ფილმის ნახვა ღირდა.
ვფიქრობ, მაყურებელი გაწბილებული არ დარჩენილა. ფილმი მართლაც კარგია,  თუმცა არა უნაკლო. ფილმის პლიუსად მიმაჩნია, რომ რეჟისორი არ აყვა ამ თემაზე გადაღებული ფილმებისთვის ბუნებრივ, გლამურისკენ მისწრაფების ცდუნებას. სილამაზის კონკურსის  ეკრანული სახე ისევე ქართულია, როგორც კულისებსმიღმა ინტრიგები და ვნებათღელვანი, ხოლო არამომაბეზრებელი ირონია აქარწყლებს შესაძლო შენიშვნების სურვილს.  
თუმცა მაინც უნდა აღვნიშნო  ჩემთვის ერთი ყველაზე დიდი ნაკლი და შეცდომა –კონკურსის ორგანიზატორის როლზე გია როინიშვილის არჩევანი,  რის გამოც ფილმის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი არადამაჯერებელ და გაუგებარ ფიგურად იქცა. თუმცა ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მსახიობებზე საყვედური ნამდვილად არ ითქმის, რაც კიდევ  უფრო მიმტკიცებს აზრს, რომ ქართულ კინოში უფრო კარგი რეჟისორების დეფიციტია, ვიდრე კარგი მსახიობების.


           ამავე დღეს მაყურებელს შეეძლო ენახა ნანი მორეტის „ჩვენ გვყავს პაპი“ (Habemus Papam, 2011). ნამდვილად მშურს იმ ხალხის, ვინც პირველად ნახა, თანაც დიდ ეკრანზე ეს შესანიშნავი ფილმი – ძალიან, სასაცილო,   ირონიული და ზოგჯერ გროტესკულიც, ამასთან ღრმად სერიოზული და სევდიანიც კი.    თუმცა ვინც ვერ მოახერხა, ნუ დაიდარდებთ – ფილმი კარგა ხანია ხელმისაწვდომია ინტერნეტით. მართალია, იშტვან საბომ თავის მასტერკლასის ერთი მონაკვეთი სპეციალურად დაუთმო ახსნა–განმარტებას, რა ცუდია ინტერნეტიდან ფილმების ჩამოქაჩვა და მეკობრეობა (რაც ყველამ ისედაც მშვენივრად  ვიცით), რომ ეს ფაქტობრივად ჩვეულებრივი პროდუქტის ქურდობაა.  მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დიდი ეჭვი მაქვს, ეს ფილმი ჩვენმა კმერციულმა დისტრიბუციამ როდესმე შეიძინოს, ამდენად ჩვენ პოტენციურ მყიდველებად მაინც არ მოვიაზრებით  და ვერც ვერავის დავაზარალებთ. ასე რომ,  მიაშურეთ ინტერნეტს და გახსოვდეთ, რომ როდესაც კომერციულ კინოპროდუქტს ქაჩავთ, თქვენ პოტენციური ქურდი ხართ, ხოლო თუ არტ–ჰაუზს – ამის შანსი თითქმის არ გაქვთ.


No comments: