Thursday, December 6, 2012

ფესტივალის დღიურები. დღე მეორე


გამოვტყდები და მიყვარს დოკუმენტური კინო, ამიტომ რადგან პარალელური პროგრამები საშუალებას მაძლევდა,  არჩევანი  გერმანულ ფილმზე „სამი სიცოცხლე: აქსელ შპრინგერი“ (რეჟ. სებასტიან დენჰარდტი, იობსტ კნიგე, მანფრედ ოლდენბურგი. 2012) შევაჩერე, მით უფრო, რომ ფილმის ობიექტიც – ლეგენდარული „ბილდის“ გამომცემელი, საინტერესოდ მეჩვენა.
მაგრამ თურმე შევცდი. ამას მაშინვე  მივხვდი, როცა ეკრანზე წარწერა „არტე“ დავინახე. ფილმი  „არტესთვის“ დამახასიათებელი ხარისხით, პროფესიულად გაკეთებული იყო, ინფორმაციაც – ძალიან საინტერესო და ბევრი ახალიც გავიგე,   მაგრამ თუმცა   სატელევიზიო  ეკრანზე ამგვარი  შემეცნებითი–საგანმანათლებლო დოკუმენტური კინოს წინააღმდეგი    სულაც არ ვარ, ფესტივალზე ცოტა სხვა ტიპის დოკუმენტალისტიკას ვანიჭებ უპირატესობას, აი, ისეთს – ჩემთვის რომ ნამდვილ დოკუმენტურად მოვიხსენიებ   და მსოფლიოში კი – შემოქმედებითს უწოდებენ (creative documentary).
სწორედ ამ ტიპის კინოს მიეკუთვნებოდა ორი ქართული ფილმი, რომლებიც „ქართული პანორამის“ პროგრამაში იყო წარმოდგენილი: „ფოცხოეწერი“  (ალექსანდრე კაკაბაძე, 2012) და „ინგლისურის მასწავლებელი“ (ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი, 2012). ერთი ტიპის, მაგრამ განსხვავებული ხარისხის.
 თუ გულწრფელი ვიქნები, პირველი უფრო შემოქმედებითი მიდგომის მცდელობა იყო, თუმცა შედეგი  – არც ისე კარგი გამოდგა. ძალზე მტკივნეული პრობლემა ცალკეულ, თუნდაც ეფექტურ სცენებად დაშლილი გამოვიდა და მოვლენების ზედაპირს ვერ გასცდა.  ფოცხოეწერის და ამ სიტყვაში გაერთიანებული პრობლემის განზოგადებული ხატის შექმნა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
ამის საპირისპიროდ, „ინგლისურის მასწავლებლის“ ავტორებმა მოახერხეს მართლაც შემოქმედებითად მისდგომოდნენ გადაღების ობიექტს. მათი გმირი იმ ასეულობით მასწავლებლიდან ერთ–ერთია,  „ასწავლე და ისწავლე“ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიოს ყველა კუთხიდან რომ მოიყარა თავი საქართველოში. ბრედლი სამხრეთ აფრიკიდანაა. ის  შორეულ და მისთვის სრულიად უცხო გარემოში, სამეგრელოს ერთ–ერთ სოფელში, საჯიჯაოში ჩამოდის მოწადინებული, სარგებელი მოუტანოს მისთვის უცნობ ადამიანებს, შეცვალოს რამე მათ ცხოვრებაში, თუმცა ძალიან მალე ხვდება, რომ ეს „შეუსრულებელი მისიაა“.

ავტორები ბრედლის თვალით გვაჩვენებენ ქართულ პროვინციას და, სხვისი არ ვიცი და, ჩემს განცდას შეძრწუნებას უფრო დავარქმევდი. არადა, თავად ფილმი, პირიქით,  იუმორის გრძნობით არის გამსჭვალული და ძალიან მშვიდი: არავითარი პედალირება, მხოლოდ ბრედლის მონოლოგები,   ყოფითი და ძალზე „ჩვეულებრივი“ კადრები, სიმპათიური ხალხი, სიმპათიური ურთიერთობები, მოსწავლეები სუფთა თვალებით  და... სრული შტილი. ნათელად ჩანს, აქ არაფერი შეცვლილა და არც შეცვლის პირი უჩანს. აქ ისევ საბჭოთა კავშირია, თანაც უძრაობის ხანის, მენტალური საბჭოთა კავშირი.  
ყველაზე კარგი ის არის, რომ ავტორებს ყოფნით გემოვნება თავი შეიკავონ მკვეთრი მესიჯებისგან და თავად მაყურებლის არჩევანზეა, ვის უთანაგრძნოს – თითქოს უწონადობის მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეებს, მათ აღმზრდელებს თუ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩენილ  ინგლისურის მასწავლებელს თავის ყურადღებით მოცულ მარტოობაში, უხილავი კედლის პირისპირ უსუსურობის განცდაში. და კიდევ მრავალი კითხვა, რომელსაც ბადებს ფილმი – თავად პროექტის შესახებ, სახელგანთქმული ქართული სტუმართმოყვარეობის და გულითადობის ირგვლივ, ქართული პროვინციის მომავალზე და ა.შ. ისევ „პასტორალი“, ამჯერად დოკუმენტური და თანაც ედუკის გარეშე.

დარჩით ჩვენთან, გაგრძელება იქნება!

No comments: