ცუდი რამ არის აღმატებული მოლოდინი – რომ არა ვენეციის „ოქროს ლომის“ პრეტენდენტობა,
მაღალი რეიტინგი კრიტიკოსთა შორის, ინტერნეტში გაბნეული აღფრთოვანებული შეფასებები, ალბათ ამ ფილმსაც
გავატარებდი, როგორც სხვა ბევრი გამიტარებია – სუსტი ფილმების რიცხვი ხომ განუზომლად
სჭარბობს შედევრებს კი არა, უბრალოდ კარგ ფილმებსაც. მაგრამ გაცრუებული მოლოდინი ადამიანს
შეუწყნარებელს ხდის.
არადა, მარჯან
სატრაპისა და ვენსან პარონოს ფილმს „ წიწილა შავი ქლიავით“ (Poulet aux Prunes, 2011)
სუსტ ფილმსაც ვერ უწოდებ. ერთი შეხედვით, მისი მოწონებაც და დადებითი რეცენზიის დაწერაც
საკმაოდ ადვილია: ძალზე „სწორი“ და „დადებითი“ ფილმი „სწორი“ და „დადებითი“ მესიჯებით: სიყვარული შთაგვაგონებს,
„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...“,
ხელოვანის სული ფაქიზი და უსუსურია
ყოფისა და პრაგმატიზმის პირისპირ... ამასთან ნოსტალგიის მსუბუქი ნისლით დაბურული ფილმის
სახვითი მხარე ძალზე შთამბეჭდავია, ლამაზი არაბანალური სილამაზით, რომელსაც ჩანაფიქრით ალბათ სევდიანი და ამავე დროს
იუმორით გამსჭვალული კინოზღაპრის ხორცშესხმა უნდა უზრუნველყო.
მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყო. მხოლოდ ზღაპრულად
ლამაზი ვიზუალი ფილმის სხვა კომპონენტების ერთ
სხეულში ჰარმონიულად ჩაქსოვის საკმარისი
პირობა არ აღმოჩნდა. ფილმი ეკლექტური მეჩვენა, არა პოსტმოდერნისტული დადებითი გაგებით, არამედ კლასიკური – უარყოფითი
ნიშნით.
ძნელია ფილმის გმირის, ცნობილი მუსიკოსის ნასერის ტრფობის
საგანში, მშვენიერი ირენის (ირანის) სახეში არ წაიკითხო ირანის, მარჯან სატრაპის
სამშობლოს ალეგორია – სატრფოსი, რომელიც მას არ არგუნეს, რომლის ღირსადაც არ გახადეს
და რომელმაც ნასერი (მისი წარმოდგენით) სრულიად ამოირეცხა გულიდან.
სატრფოს ხსოვნა იყო ის, რაც სულს შთაბერავდა ნასერის
მუსიკას. თანაც ვიოლინოც დაიმსხვრა, ამჯერად
სრულიად პროზაული მიზეზით – ყოფაში ქმრის სრული გამოუსადეგარობის გამო გააფთრებული ცოლის ხელით.
მუსიკის სულის დამკარგავი, ნასერი ძველებურ
შთაგონებას ვერცერთ ახალ ინსტრუმენტში ვეღარ პოულობს.
ალეგორიას ჯადოსნური ზღაპარი ეჯაჭვება – ნასერმა სიკვდილი გადაწყვიტა და სამ დღეში კვდება კიდეც, თუმცა ამ სამ დღეში ასწრებს
წარსულისათვის თვალის გადავლებას, თავისი ოჯახის მომავლის განჭვრეტას, სიკვდილის სხვადასხვა ხერხის შეფასება–დაწუნებასა
და სიკვდილის ანგელოზთან პაექრობასაც კი.
ამ დროს თხრობაში
კიდევ ახალი ჟანრი შემოდის – მელოდრამა ყოფითი დეტალებით (ოჯახური კონფლიქტებით, ქლიავით შენელებული წიწილით და ა.შ. ) და ალაგ–ალაგ გროტესკული სცენებით.
სხვადასხვა ჟანრების და სხვადასხვა სტილისტური ფენების შერევა დღეს აღარავის უკვირს, მაგრამ ამჯერად ისინი ერთმანეთს კი არ აძლიერებენ, არამედ – თითქოს
ანეიტრალებენ, მახვილგონივრული ეპიზოდები კი ცალკეულ ორნამენტებად რჩება, რომლებიც
საერთო სურათში თავის ადგილს ვერ პოულობს.
როგორც ამჟამად საყოველთაოდ მიღებულია, ფილმი საზოგადოებას
წარუდგინეს როგორც დრამა/ კომედია – ასე, სუბორდინაციის გარეშე, ჩამოთვლით, ანუ – როგორც
გენებოთ. ჩემთვის დრამის (მელოდრამის) განცდა შეუძლებელი აღმოჩნდა თხრობის და შესრულების
დისტანცირებული, მაყურებლისგან გამაუცხოებელი მანერის გამო; იუმორის გრძნობა კი ან
მე არ აღმომაჩნდა საკმარისი, ან ფილმის ავტორებს,
და ალბათ ამიტომაც დავრჩი ასე იმედგაცრუებული.
No comments:
Post a Comment