თუ ხელოვნებას საერთოდ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ბუნებაზე, მაშინ ამ ფილმიდან ცოტა უკეთესები უნდა გამოვიდეთ.
საუბარია გელა კანდელაკის დოკუმენტურ ფილმზე „ხმელეთის 0,074%“, უფრო სწორედ მის პირველ ნაწილზე, რომელსაც ავტორმა „სოფელი“ უწოდა. „სოფელი“ არა როგორც პროვინცია, არამედ როგორც სამყარო, და ამავდროულად როგორც წუთისოფელი. ფილმი, რომლის სპეციალურ ჩვენებას (დაუმთავრებელი ფილმის სახით) შევესწარი სრულიად შემთხვევით ჯერ კიდევ სამი წლის წინ. და მას შემდეგ განვლილმა დრომ მცირედითაც ვერ მოახერხა შთაბეჭდილების გახუნება. უფრო მეტიც, 7 მარტს „ევროპულ სახლში“ გამართულ პრემიერაზე - ისევ სიახლის შეგრძნება, ისევ - ცოცხალი ემოცია, ისევ - ეკრანთან უშუალო კონტაქტის საოცარი გრძნობა.
ქართულ პრემიერამდე ფილმმა უკვე მოასწრო სტუმრობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მისი საპრემიერო ჩვენებები ბერლინსა და ლიტვაში შედგა. ფილმმა 2010 წელს საფრანგეთში სორეზის კინოფესტივალზე გრან-პრი აიღო; მონაწილეობა მიიღო კულტურების ასოციაციის მიერ შექმნილ კულტურათშორის საერთაშორისო კინოფესტივალში, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში, ლემპოში, მე-13 საუკუნის უნიკალური სასახლე შატო დე პადიეში იმართება. „ხმელეთის 0, 074%“ -მა დოკუმენტური კონკურსის მთავარი პრიზი – ბრინჯაოს ტოტების შეკვრა – დაიმსახურა.
ეს არც არის გასაკვირი. ფილმი მკვეთრად ეროვნულია და ამასთან მკვეთრად ინტერნაციონალური - შეუძლებელია არ შეეხოს ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რადგან ეკრანზეა არა ეთნოგრაფია, არა - ეგზოტიკა, არამედ უპირველეს ყოვლისა ადამიანი.
ეს არ არის ბუნებრივი ადამიანი ბუნებრივ გარემოში - როგორც ხშირად უყვარს დოკუმენტურ კინოს თავის მოჩვენება. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურობაში შემოეჭრათ გადამღები ჯგუფი.
ავტორი არ იმალება „ობიექტური“ კამერის მიღმა, არ თამაშობს ნეიტრალური დამკვირებლის როლს. ის იძლევა შეკითხვებს, ხშირად მაპროვოცირებელსაც კი, არც პერსონაჟებს უკრძლავს კონტაქტში შემოსვლას, კამერასთან პირდაპირ ურთიერთობას. ამდენად, პერსონაჟები ღიად თამაშობენ, რადგან კამერასთან ადამიანი ყოველთვის თამაშობს, ხან - ღიად, ხან - ფარულად, ხან - საკუთარ თავს, ხან - საოცნებო როლს; მაგრამ ისიც, თუ რას თამაშობს ადამიანი, ხშირად ძალზე მეტყველია. ეს მათი საკუთარი თამაშია, მათი ბუნებიდან, აღზრდიდან, ტრადიციიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. და ეს გაცხადებული „თამაში“ ეკრანზე საოცარი უშუალობით წარმოგვიდგება.
როგორც წესი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორები სინანულს გამოთქვამენ უამრავი ძვირფასი მასალის გამო, რომლის გამოყენების შესაძლებლობა აღარ მიეცათ მეტრაჟის შეზღუდვების გამო; აქ კი - „106 საათიანი მასალიდან ორსაათიანი ფილმი ძლივს შევკარი. სოფლები თითქმის დაცლილია, ახალგაზრდებთან საუბრისას საინტერესოს ვერაფერს მოისმენ. ამიტომაც მგონია, რომ ამ ადამიანებს გაფრთხილება და მოსმენა სჭირდება” ( ციტატა გაზეთ „24 საათისთვის“ მიცემული ინტერვიუდან).
მაგრამ საბედნიეროდ რეჟისორი არ ცდილა „დაბალანსებას“. "ამ ფილმში ის საქართველო აღვწერე და იმ ადამიანებს მოვუყარე თავი, ვინც მიყვარს. შეიძლება ვინმემ საპირისპირო განწყობის ფილმი გადაიღოს, მაგრამ მე ის სამყარო არ მაინტერესებს.“- ამბობს რეჟისორი. ასეთია გელა კანდელაკის არჩევანი და პირადად მე დიდად მადლობელი ვარ ამ არჩევანისთვის.
No comments:
Post a Comment