Thursday, January 27, 2022

Juste la fin du monde, 2016, რეჟ. ქსავიე დოლანი

                                                                                 

 

Paroles, paroles, paroles ...ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია 

     გამოვტყდები და ქსავიერ დოლანის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ ფილმის ნახვა აქამდე დოლანის მოყვარული კრიტიკის არაერთგვაროვანმა და მეტიც, უარყოფითმა რეაქციით აღძრულმა ცნობისმოყვარეობამ მაიძულა.  

    34 წლის ლუი (გასპარ ულიელი), ცნობილი დრამატურგი, 12 წლის შემდეგ ბრუნდება პროვინციაში, თავის  ოჯახში  ერთადერთი მიზნით -  თავისი  გარდაუვალი და ახლო სიკვდილის შესახებ ამცნოს ოჯახის წევრებს. ასე იწყება თითქმის ყველა რეცენზია თუ გამოხმაურება. ბუნებრივია ასეთი აღწერის შემდეგ ელოდები ოჯახური დრამების კარგად ცნობილ სქემას კომუნიკაციის პრობლემებით და კარადიდან ჩონჩხების გადმოლაგებით .  

     თითქოს ასეც არის.    დრამა ნაცნობი სქემით იწყებს განვითარებას: გმირს ხვდება ზედმეტად ექსპრესიული და თავისთავზე კონცენტრირებული დედა (ნატალი ბეი), საკუთარი ცხოვრებით უმაყოფილო და აგრესიული ძმა, ანტუანი (ვინსენ კასელი), უმცროსი და, სუზანი (ლეა სედუ), რომელმაც არაფერი იცის წარსული ამბებიდან და აღფრთოვანებული თვალებით შეჰყურებს სხვა ცხოვრებიდან მოსულ ძმას, აქამდე უცნობი რძალი - უთქმელი და მოკრძალებული კატრინი (მარიონ კოტიარი) - ადამიანები, რომლებიც  „ვალდებული“ არიან უყვარდეთ ერთმანეთი და ალბათ უყვართ კიდეც, მაგრამ დაკარგული აქვთ ერთმანეთთან მისასვლელი გზა.  

    სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, ფილმში სიტყვების სიჭარბეა (არც არის გასაკვირი, ის ხომ პიესის ეკრანიზაციაა) , მაგრამ სიტყვები არა როგორც კომუნიკაციის საშუალება, არამედ უფრო, როგორც ბარიერი ან თეჯირი, რომლის მიღმაც საგულდაგულოდ დაიმალები. ჩონჩხების გადმოლაგებაც კი ვერ ხერხდება. ნამდვილი სიტყვების შიში. უძლურების შენიღბვა კი აგრესიით ხდება (როგორც ანტუანთან), ან მოჩვენებითი სიხალისით (დედამისი), შეუცნობლად თუ გააზრებულად?  ვერც კი გრძნობენ ლუის მდგომარეობას? არადა, ეს ხომ ზედაპირზე დევს, მაგრამ ისინი მხოლოდ საკუთარი კომპლექსების ანარეკლს ხედავენ ლუის ყოველ სიტყვაში და ყოველ ჟესტში. თუ არ უნდათ დაინახონ? და ისიც კარგავს სიტყვებს (თუმცა მწერალია), ვერ პოულობს ძალას, გადალახოს ეს წინააღმდეგობა.

მხოლოდ კეტრინს ესმის? მაგრამ სიტყვები მასაც არ აქვს. მხოლოდ მზერა... შეკითხვა : რამდენი ხნის შემდეგ? - მისი ორაზროვნება. თითქოს უფსკრულის ნაპრალთან მივყავართ, მაგრამ არა, ისევ უკანდახევა.   და ფინალისკენ - ტუჩებთან თითი: არ არის საჭირო? სიტყვები ზედმეტია?

და იქნებ სხვებმაც გაიგეს? პირველ რიგში, სწორედ ანტუანმა. თუმცა არა სიუზანმა - ის ხომ საერთოდ არაა საქმის კურსში - მისი წასვლის, მისი ცხოვრების შესახებ.

ბევრი კითხვის ნიშნებია, არა? და ეს ძალიან კარგია. ისტორიას მოცულობას აძლევს, „სფუმატოში“ ხვევს და ორაზროვნებას ანიჭებს. მაგრამ თან ბუნებრივად ჩნდება მთავარი კითხვა - იქნებ მე სულ სხვა ფილმი ვნახე?    ძალიან სევდიანი, მელანქოლიური და ტრაგიზმის ნოტებით გამსჭვალული დრამა, რომელიც სულაც არ არის არც მოსაწყენი და არც გაწელილი.   

   „ყოველი ადამიანი სამყაროა, რომელიც მასთან ერთად იბადება და რომელიც მასთან ერთადაც კვდება“ . ჰაინრიხ ჰაინე.     

 

პ.ს.   დიდი ხნის წინ გაკეთებული ეს  ჩანაწერი გასპარ ულიელის   დაღუპვამ მომაძებნინა და, ბუნებრივია, ის სწორედ მას ეძღვნება.

No comments: