კინომცოდნის ბედი ასეთია - ხასიათზეა თუ არა, პროფესიდან გამომდინარე ვალდებულია თვალი ადევნოს თანამედროვე კინოპროცესს. ვალდებულების ტვირთი კიდევ უფრო იზრდება, როცა საქმე ქართულ კინოპროცესს ეხება.
როცა სიამოვნებაში და გართობაში იხდი ფულს, გასაგებია - ეს შენი არჩევანია; როცა ვალდებულებაში, რომელიც ხშირად სულაც არ არის შერწყმული სიამოვნებასთან - ცოტა უფრო მძიმე; როცა პროფესიული მოვალეობის შესრულება საერთოდ არ არის ანაზღაურებადი და ჰობის მსგავსად, იძულებული ხარ იქით აფინანსო - ეს უკვე გამაღიზიანებელი ხდება.
ამ სიტუაციის მცირედ მაინც შესამსუბუქებლად (ქართული პროდუქციის სულ უფრო მზარდი რიცხვის ფონზე) კინემატოგრაფისტთა კავშირს საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი მოლაპარაკებების ჩატარება მოუწია თბილისის კინოთეატრების ადმინისტრაციასთან. როგორც იქნა, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და კავშირის წევრ კინომცოდნეებს კინოსეანსებზე თავისუფალი დასწრების უფლება დაგვრთეს.
მაგრამ...
მხოლოდ პირადი გამოცდილება:
ჯერ კინოთეატრ „რუსთაველში“ ერთ-ერთი ფილმის ჩვენებისას ზრდილობიანად მითხრეს უარი: რეჟისორმა ითხოვა, ჩემს ფილმზე კინომცოდნეებს ნუ შემოუშვებთო;(!!) შემდეგ, ასევე ზრდილობიანად, კ/თ „რუსთაველიდან“ „ამირანში“ გადაგვამისამართეს: შეთანხმება „ამირანს“ ეხებოდაო; შემდეგ უარი გვეთქვა საპრემიერო კვირაზე; სულ ბოლოს, ათიოდე დღის წინ - ქართულ ფილმებზე. ამჩნევთ, რა ფართო ნაბიჯებით მივიწევთ ფინალისკენ?
ვიყოთ რაციონალურები და შევეცადოთ ამ პროგრესის თუ რეგრესის რაციონალური მიზეზები მოვძებნოთ.
პირველი მიზეზი: ფინანსური?
რამდენი კაცია სიაში? სადღაც ოცამდე. დავთვალოთ, ეს თითოეულ ფილმზე მაქსიმუმ 120-200 ლარია. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ უკლებლივ ყველა დადის ყველა ფილმზე. რეალობაში ცალკეულ ფილმზე საშუალოდ შეიძლება 4-5 ადამიანი მივიდეს, ისიც სხვადასხვა სეანსზე, უმეტესწილად კი ამდენიც არა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფინანსურ ზარალზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როცა უფასო მნახველი ფასიანის ადგილს იკავებს - დანაკლისი საერთოდაც ნულს უტოლდება. ნუთუ დღეს კინოსეანსები ისეთი ანშლაგით მიდის (განსაკუთრებით ქართული ფილმების), რომ ერთი ბილეთიც არ რჩება გაუყიდავი? თქვენ გჯერათ? მე - არა.
მეორე მიზეზი: მაყურებელზე კინომცოდნეების „ცუდი ზეგავლენის“ შიში.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ კინოკრიტიკოსების უფრო ხშირად უარყოფითი აზრი არის იმის მიზეზი, რომ კითეატრებში რიგები არ დგება - ჩემი აზრით, ცდებიან. არ არის ჩვენს კინოსივრცეში ის სიტუაცია, რომ პრემიერის მომდევნო დილას მთელი საქართველო გულის ფანცქალით შლიდეს პრესას შეუვალი ავტორიტეტის შეფასების მოლოდინში, რომელიც გადაწყვეტდა ფილმის შემდგომი ყოფნა-არყოფნის ბედს.
არ იტყვის კინოკრიტიკოსი, იტყვის ჟურნალისტი, უბრალოდ მაყურებელი - თუნდაც ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ხდება ფილმის არაფორმალური შეფასება. მით უფრო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დიდია პირადი შეტყობინების ხვედრითი წილი და სხვათა შორის წონაც, ასე რომ, „მეგობარმა თუ მეზობელმა მითხრა“ ხშირად უფრო წონიანია, ვიდრე ე.წ. „პეროიანი“ კრიტიკოსების შეფასებები.
რა რჩება? სულმოკლე შურისძიება? ჩემი თვალსაწიერი სხვა მიზეზს ვეღარ სწვდება, თუმცა მირჩევნია ისევ ცუდ გათვლებზე ვიფიქრო, ვიდრე ასეთ დაწვრილმანებაზე. ასე რომ, სრულ გაურკვევლობაში ვარ, მაგრამ რას იზამ. ჩვენს სამყაროში იმდენი რამ არის შეუცნობელი, ამ ერთსაც ავიტან...
პ.ს. ისე, მე რომ მკითხოთ, ქართული ფილმების ჩვენებას არმცთუ უნდა გვამადლიდნენ, პირიქით, იქით უნდა გვიხდიდნენ ფულს და თანაც პოპკორნთან ერთად ზედ რძესაც აყოლებდნენ - თვალისთვის და ყურისთვის (აღარაფერს ვამბობ სულზე და გონებაზე) მავნე ინგრედიენტებთან ურთიერთობის გამო.
გაბრაზებული ფრაზაა? გასაგები გახდება, თუ ვიტყვი, რომ წუხელ „მამაჩემის გერლფრენდს“ ვუყურე და ჯერ კიდევ „შთაბეჭდილების“ ქვეშ ვარ.
მაგრამ ამაზე სხვა დროს...
No comments:
Post a Comment