Saturday, October 24, 2015

დოკუმენტური მასალა You Tube-ის ეპოქაში



დოკუმენტური კინო თავისი მოწოდებით, მაქსიმალური სიზუსტით დააფიქსიროს რეალობა, ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტექნიკის განვითარებასთან და მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. მაგრამ თუ  ბოლო ათწლეულებამდე ტექნიკური  მიღწევები ცვლიდა დოკუმენტური კინოს მუშაობის პირობებს, გავლენას ახდენდა მის მეთოდებზე და, შესაბამისად ესთეტიკაზეც, ელექტრონული ტექნოლოგიების დამკვიდრებამ და ელექტრონული მედიასაშუალებების გამოჩენამ სრულიად სხვა მასშტაბის გამოწვევების წინაშე დააყენა დოკუმენტური კინოხელოვნება, ძირეულად შეცვალა რა მისი არსებობის და აუდიტორიასთან ურთიერთობის წესი.   ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ თანამედროვე  მსოფლიო თითქოს რეალობის მყისიერი დაფიქსირების მანიამ შეიპყრო;  თითქოს დღევანდელი დღის დევიზი  გახდა: არც ერთი წამი დოკუმენტურად დაფიქსირებული ვიზუალური მასალის გარეშე! ყოველი სიტყვა, გამოსვლა, მოქმედება, თავშეყრა – საზოგადოებრივი იქნება ეს თუ პრივატული _ აღიბეჭდება და საზოგადოებრივ სივრცეში ვრცელდება. გავრცელების არეალი შეიძლება სხვადასხვა იყოს _ დაწყებული ოჯახური წრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამთავრებული, მაგრამ მთავარია, რომ მასზე მოთხოვნილება არსებობს. მკვლევარები   ამბობენ, რომ  Homo Sapiens-ის (მოაზროვნე ადამიანი) ნაცვლად დღეს  მივიღეთ Homo Shooting (ადამიანი, რომელიც იღებს).
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ჩვენ დოკუმენტალიზმის ხანაში ვცხოვრობთ, რადგან რა არის დოკუმენტალიზმი, თუ არა მისწრაფება მაქსიმალურად მიუახლოვდეს რეალობას, მაქსიმალური სიზუსტით დააფიქსიროს ცხოვრებისეული მოვლენები თავის ბუნებრივ გამოვლინებაში.
   დღევანდელი ციფრული კამერები საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება  სინქრონული ხმით.  ეს კამერები კომპაქტურია და ამასთან, მათი გარჩევა სამოყვარულო კამერებისგან თითქმის შეუძლებელია. ამდენად, მათ შეუძლიათ შეაღწიონ იქ, სადაც შეიძლება არ დაუშვან პროფესიული ჯგუფი მრავალრიცხოვანი აპარატურით, მის წინაშე გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს გადაღების ობიექტებიც, კამერა ძალიან მალე ხდება “ჩვეული” და  “შეუმჩნეველი”.  ამან არა მარტო მნიშვნელოვნად გააიაფა დოკუმენტული კინოს წარმოება, არამედ არსებითად შეცვალა მისადმი  მიდგომაც. ის ხელმისაწვდომი გახდა არა მარტო დამოუკიდებელი, მცირე სტუდიებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც,   ვისთვისაც კინო პროფესიას არ წარმოადგენს.
უფრო მეტიც, დღეს გადაღებისთვის სულაც აღარ არის საჭირო კინო ან ვიდეოკამერა. მოძრავი ობიექტების გადასაღები ფუნქციით ჯერ ფოტოაპარატები აღიჭურვა, შემდეგ კი ისეთი ყოველწუთიერი მოხმარების საგანიც, როგორიც მობილური ტელეფონია. თანამედროვე ადამიანი ხომ ისეთ უხერხულობას გრძნობს სახლში ტელეფონის დარჩენისას, რომელიც       ქუჩაში ჩაუცმელად გასვლის დისკომფორტს თუ შეიძლება შევადაროთ.
  ვიღებთ არა მხოლოდ ჩვენ, თავად ჩვენც გვიღებენ. ალბათ ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ გადავაბიჯებთ თუ არა საკუთარი ბინის ზღურბლს, ძალიან დიდი ალბათობით ვინმეს ობიექტივში მაინც ვხვდებით და დაფიქსირებული ვიზუალური მასალის ნაწილად ვიქცევით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი  ფოტო თუ კინომოყვარულის ობიექტივი, ან სათვალთვალო კამერები, რომლითაც უხვად არის აღჭურვილი თანამედროვე ქალაქების გარე თუ შიდა სივრცეები. საკმაოდ ახალი მაგალითი: ცნობილი ავტომრბოლელის მიხაელ შუმახერის მიერ თხილამურებზე სრიალისას მიღებული ტრავმის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოჩნდა ტელეფონით გადაღებული სამოყვარულო ვიდეო, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ მასში ჩანს შუმახერის დაცემის მომენტიც.
ინტერნეტსივრცე წალეკა გამიზნულად თუ შემთხვევით დაფიქსირებულმა  საყოფაცხოვრებო, სახალისო თუ ექსტრემალური მომენტების სამოყვარულო ჩანაწერებმა.  ყველაზე ცნობილი ვიდეოჰოსტინგის პლატფორმის  You Tube-ის გარეშე დღეს წარმოუდგენელია მსოფლიო ქსელი, არადა, პირველი ვიდეო მასზე მხოლოდ 2005 წლის მაისში აიტვირთა (ტესტირების რეჟიმში).
 სულ რაღაც შვიდ წელიწადში You Tube-ის მოხმარების ზრდა ზვავის ეფექტს ჰგავს:  2007 წელს ყოველ წუთში იტვირთებოდა 6 საათის ხანგრძლივობის ვიდეო, 2010 წელს ეს რიცხვი ჯერ 24 საათამდე გაიზარდა, შემდეგ 35-მდე, შემდეგ 48 საათამდე, 2011 წელს – 60 საათზე მეტი ვიდეო;  დღეისთვის კი ეს რიცხვი უკვე 100 საათს უტოლდება. ამასთან ყოველ თვეში You Tube-ს სტუმრობს მილიარდზე მეტი უნიკალური მომხმარებელი, რომელიც უყურებს 6 მილიარდი  საათის ხანგრძლივობის ვიდეოს (რაც ნიშნავს, რომ დედამიწის თითოეულ მაცხოვრებელზე მოდის ერთი საათი ვიდეონახვა).  მის მონაცემთა ბაზაში 25 მილიონზე მეტი ციფრული ანაბეჭდი ინახება. და მათი ძალიან დიდი პროცენტი ე.წ. დოკუმენტური ვიდეო და დოკუმენტური ფოტოა.
  დოკუმენტური მასალის ნაკადი იმდენად წყალუხვი  გახდა, რომ მისი პროფესიული ნიშნით დახარისხება,  გამორჩევა და შეფასება შეუდარებლად გაძნელდა და შეუძლებელიც კი გახდა. დღევანდელი მაყურებელი თვითონ იღებს, თვითონ ავრცელებს და თვითონვე აფასებს გადაღებულის ხარისხს და ღირებულებას, რაც მოწონებათა და ნახვის სტატისტიკაში აისახება.
თუმცა აქვე შეინიშნება უცნაური ფენომენი – დოკუმენტური მასალის მოცულობის ზრდასთან ერთად, დოკუმენტური მასალის მოპოვების ტექნოლოგიური მეთოდების  განვითარებისა და დახვეწის პარალელურად, სულ უფრო მცირდება რწმენა მასალის ავთენტურობაში.  გასაგებია, როცა ეს ეჭვი ჩნდება ისეთი მასალების მიმართ, როგორიც არის ისრაელში ტურისტების მიერ ტელეფონით თითქოს შემთხვევით გადაღებული ქალთევზა ან ტყეში ასევე შემთხვევით დაფიქსირებული მფრინავი გოგონა, მაგრამ არადამაჯერებლად გამოიყურება სრულიად უწყინარი მასალებიც, მაგალითად, ე.წ. სახალისო ვიდეოები ყოფითი მარცხებით, სასაცილო მოულოდნელობებით და ა.შ. სამოყვარულო გადაღების, ყოფითი სიტუაციების და არასამსახიობო შესრულების მიუხედავად (ხერხები, რომლებსაც მხატვრული კინოც კი იმისთვის იყენებს, რომ შექმნას რეალობის შეგრძნება და გააძლიეროს მასალის დამაჯერებლობა), ხშირად ძნელია თავიდან მოიშორო სიყალბის, წინასწარ დადგმულის განცდა.  
  ვიღებთ პარადოქსულ სიტუაციას, როცა მაღალტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, რეალობის დაფიქსირების საშუალებების უკიდურესად დახვეწის,  ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათი შესაძლებლობების უსაზღვროდ გაფართოების პირობებში, რეალობა კიდევ უფრო ბუნდოვანი, დაუჯერებელი და ხშირად მისტიკურიც კი გახდა. ზღვარი რეალურსა და ვირტუალურ სამყაროებს შორის სულ უფრო მყიფე და ამოუცნობი ხდება.
მაყურებელი მარტო რჩება  მუდმივი  კითხვის პირისპირ: რა არის მის წინაშე – გათამაშება, გაყალბება, შეცვლილი რეალობა თუ ობიექტური რეალობა. და რაც მთავარია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყოფით პირობებში შეუძლებელია – შეუძლებელია  ყოველმა ინტერნეტმომხმარებელმა, რომელიც დღეში რამდენიმე ათეულ ასეთ ვიდეოს “ამუშავებს”, თითოეული მკაცრ ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე გაატაროს, ეძებოს  პირველწყაროები, მისი სანდოობა და ა.შ. და რაც კიდევ უფრო მთავარი და შემაშფოთებელია, ხშირად ეს კითხვაც არ ჩნდება.
გამოსავალი?
ჩვენ ვასწავლით ბავშვებს წერა-კითხვას, უცხოურ ენებს; ვცდილობთ ვასწავლოთ მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, უფრო იშვიათად კინოს ენაც; მაგრამ აზრადაც არ მოგვდის ვასწავლოთ ენა, რომელზეც გვესაუბრება მედია, განსაკუთრებით ელექტრონული მედია, რომელიც დღეს ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობის მთავარი რეპრეზენტატორია. ბოთლიდან ერთხელ ამოშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება შეუძლებელია, რჩება ერთადერთი გზა - ვისწავლოთ მისი მართვა.
filmprint N16 ზაფხული, 2015  

Monday, January 19, 2015

რა მოხდა ერთხელ ანატოლიაში




არსებობს ფილმი- კათარსისი,  ფილმი-დასვენება, ფილმი-სიამოვნება, ფილმი-ფოიერვერკი...  და არის კიდევ ფილმი-მწვალებელი  -  ფილმი, რომელიც ეკრანის ჩაქრობის შემდეგაც არ გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებს, არა და არ განებებს თავს, შენში იბუდებს და შენი ნაწილი ხდება.  იქნებ იმიტომ, რომ  ასეთ ფილმებში   დრამა „შიგნით არის ჩაბრუნებული“ და მაყურებელს არ აძლევს საშუალებას „დაიცალოს“,  დატოვოს ემოციები, განცდები იქვე, ფილმის სივრცეში.
ალბათ ყველას აქვს ასეთი ფილმები, ჩემთვის კი ერთ-ერთი მათგანი  ნური ბილგე ჯეილანის „ერთხელ ანატოლიაშია“ (2012), ფილმი,  რომელიც   დღემდე მოსვენებას არ მაძლევს.  
რა ხდება ჩემს მწვალებელ ფილმში? თითქოს არც არაფერი.  ღამისეული  ანატოლიის  პეიზაჟებში მოძრავი მანქანების ფარების შუქი გარემოს ჯადოსნური ელფერით მოსავს. ამ ჯადოსნურ და ულამაზეს პეიზაჟებში მიმდინარე მოქმედება კი სრულიად საპირისპიროდ  - ბანალური და უსიამოა.
          მანქანებში დაღლილი მამაკაცები არიან: პოლიციის უფროსი, პროკურორი, ექიმი,  კიდევ პოლიციის სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ფუნქციებით და მკვლელი, რომელმაც დანაშაული აღიარა და   დამარხული გვამის ჩვენებასაც  შეპირდა პოლიციის უფროსს.  ისინი გვამს ეძებენ, როგორც მკვლელობის მტკიცებულებას, მაგრამ ბრალდებული  ვეღარ (თუ აღარ) იხსენებს, ზუსტად სად დამარხა მოკლული მეზობელი. ერთი მცდელობა, მეორე...  დაღლილობა იზრდება და მასთან ერთად გაღიზიანებაც. თუმცა ფილმი კვლავ მდორედ მიედინება,
ფილმის თითქმის ნახევარი ე.ი. საათზე მეტი სწორედ ამ ღამისეულ ველებზე და გვამის უშედეგო ძიებაში გადის. მაგრამ რატომ ვერ ვწყდები ეკრანს, იქნებ იმიტომ, რომ, როგორც თავად ჯეილანი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: „  ადამიანის სახე ყველაზე მშვენიერი პეიზაჟია. სახე ყველაფერს გეტყვის. ეს ერთადერთი გზაა მიაგნო სიმართლეს, რადგან უფრო ხშირად ჩვენს მიერ  წარმოთქმული  სიტყვები არ არის სიმართლე. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება ვიცრუოთ სხვათა წინაშე, რათა დავიცვათ საკუთარი თავი“.
სახეები კი მართლაც საინტერესოა,   თითოეული მათგანი თავის ისტორიას გვიყვება, ამ ისტორიების ფრაგმენტები  სიტყვებად ამოდის ზედაპირზე - ყოფით დიალოგებში, რეპლიკებში, ხუმრობაში; დანარჩენი კი თვალის უპეებში, შუბლის ნაოჭებშია  ჩაგუბებული, მზერათა დიალოგში, ღიმილში, რომელიც ტირილის ტოლფასია.
       როცა მრგვალი ხისა თუ წყაროს, ვაკისა თუ გორაკის უშედეგო ძიება აზრს კარგავს, ჯგუფი მახლობელ სოფელში შესვენებას გადაწყვეტს.  გვიანი ვახშამი  სოფლის თავჯდომარესთან, ყოფითი საუბრები, თითქოს რა შორეული  ფილმის მთავარ სიუჟეტურ ხაზთან და ამავე დროს რა მრავლისმთქმელი...
         ვახშმობის მომენტში სინათლე ქრება. მამაკაცებთან ჩაი და ანთებული ლამპარი  თავმჯდომარის უმცროს ქალიშვილს გამოაქვს. მაგრამ რა უხეშად ჩანს ეს სიტყვები ეკრანულ სცენასთან მიმართებაში. მამაკაცებს ჯადოსნური შუქით მოსილი მოულოდნელი და ზღაპრული სილამაზე ეცხადებათ და თითქოს სხვა განზომოლებაში გადაჰყავს ყველა. რბილდება სახეები, თვალებში სხვა სხივი ჩნდება - აღტაცების, გაოცების, სინანულის.. მკვლელთან პირველად მოდის ჩადენილი დანაშაულის განცდა, მონანიება და უკვე აღარც გვამის დამარხვის ადგილის პოვნაა შეუძლებელი.
       მაგრამ ნათელი ხდება ისიც, რომ გვამის ძებნა მხოლოდ საბაბია და გზამკვლევი ძაფი სხვა უფრო ღრმა ძიებებისკენ მიდის.  გვამი ნაპოვნია, საქმე გახსნილია, თითქოს მიზანი მიღწეულია, კითხვები კი ამის შემდეგ იწყება.
       კითხვები, რომლის პასუხებსაც ჩვენ ფილმში ვერ ვიპოვით. ყველა ამ კითხვის სათავე კი ქალია, ქალები, რომლებსაც ეკრანზე ძალზე მცირე დრო ეთმობათ, თითქმის არა აქვთ სიტყვები, მაგრამ რომელთა არსებობა განსმსჭვალავს მთელ ფილმს და განაპირობების მამაკაცების ლამის ყველა მოქმედებას და სიტყვას.
       თავმჯდომარის ქალიშვილი თავისი ბავშვური მშვენიერებით მოულოდნელი გარდატეხის მიზეზი ხდება, მუდამ ფიქრებში ჩაფლული ექიმის ოთახში მიმოფენილი ფოტოებიდან შემოგვცქერის მისი ყოფილი ცოლი; მოულოდნელად ცენტრალური ხდება პროკურორის ისტორია ახალგაზრდა, ლამაზ ქალზე, რომელიც თავის მიერვე დათქმულ დროს გარდაიცვალა, და ამბის იდუმალებას კი არ ხსნის, არამედ მას უფრო წარმოუდგენელს და მისტიკურს ხდის  ექიმის რაციონალური ამოხსნა, რომლის მიხედვითაც ეს სავარაუდოდ კარგად მოფიქრებული შურისძიება უფრო იყო, ვიდრე უცნაური წინასწარმეტყველება; ბევრს ვერაფერს ვიგებთ ჩადენილი დანაშაულის შესახებაც; მკვლელის აღიარებით, მოკლულის შვილი სინამდვილეში მისია, მაგრამ მაყურებელი ფილმში ამის ვერც  მტკიცებულებას და  ვერც უარყოფას იპოვის, ვერც სასამართლოს დერეფანში ჩამომჯდარი ქვრივის ჰაერში აქანავებულ ფეხს მოუძებნის ახსნას და ვერც ქმრის გვამის ამოცნობისას ღვარად წამოსულ ცრემლებს.
კითხვები ბევრია, მაგრამ ეს არ არის კითხვები, რომელიც ჰაერში ეკიდება და ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებლის იმედგაცრუებას იწვევს. ეს კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას თითოეული თავის გულში და ფიქრებში ცდილობს. ალბათ ამიტომაც არ მთავრდება ფილმი ეკრანზევე.
 ეს პატარა ტექსტიც ამ ფიქრებისგან განთავისუფლების იმედით იწერება. თუმცა სიტყვები უძლურია  მოიხელთოს ის ნახევარტონები და ნიუანსები, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის ფილმის მაგიას,  მაგრამ გამოცდილი მაქვს, მაინც     შველის.
ეს ჩემი კინოა. სწორედ ასეთი ფილმები ჩემთვის თვალსაჩინო ახსნაა, რატომ არ უწერია კინემატოგრაფს გარდაცვალება, მიუხედავად უკვე რამდენი წლის განმავლობაში დეკლარირებული აგონიისა.
P.S. ეს ტექსტი ჟურნალ  "ფილმპრინტის"   მეთოთხმეტე ნომერში  (ზამთარი, 2015) დაიბეჭდა, რატომღაც რეცენზიის რუბრიკაში; არადა, ნამდვილად არ დამიწერია რეცენზია. იმედია, აქ უფრო იპოვის თავის ადგილს და უკეთესად იგრძნობს თავს.

Sunday, June 1, 2014

ახალი ქართული კინო რეალობის ძიებაში ("პატარძლები")

„პატარძლები“ (2014) 94 წთ,   ფერადი                                                                                                   
სცენარის ავტორები: თინათინ ყაჯრიშვილი,
 დავით ჩუბინიშვილი
რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი
ოპერატორი: გიორგი (გოგა) დევდარიანი
როლებში: მარი კიტია (ნუცა), გიორგი მასხარაშვილი (გოგა),
თამარ მამულაშვილი, დარეჯან ხაჩიძე


მეჩვენება, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართულ კინოს ისევ უჩნდება ინტერესი გარემომცველი სინამდვილისა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მასში ინდივიდების არსებობის პირობების მიმართ.
თუ   დავაკვირდებით ბოლოდროინდელ ქართულ ფილმებს, არ გაგვიჭირდება, შევამჩნიოთ შეიძლება ჯერ გაუბედავი, მაგრამ უდავოდ საინტერესო ნაბიჯები ყოველდღიური ყოფის დრამატიზმის განცდისა და პერსონაჟთა ფსიქოლოგიაში ჩაღრმავების მიმართულებით. მით უფრო საინტერესოა, რომ ეს მიმართულება ყოველთვის ქართული კინოს სუსტი წერტილი იყო. საუკეთესო წლებშიც კი,   საუკეთესო წლებშიც კი, ქართულ კინემატოგრაფს გაცილებით უკეთ გამოსდიოდა კონფლიქტების, პრობლემების, ხასიათების წარმოდგენა, ვიდრე მათი განცდა. 
 თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმიც „პატარძლები“ ამ მიმართულებით გადადგმული საყურადღებო ნაბიჯია. საგულისხმოა თემის არჩევანიც. ქვეყანაში, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში სამას ათასზე მეტი პატიმარზე ჰყავდა, მათ მდგომარეობაზე შფოთვა ჩვეულ მდგომარეობად იქცა, მაგრამ რა ტვირთის ზიდვა უწევთ მათ ოჯახებს, ახლობლებს - ეს ნაკლებად ხვდება საზოგადოებრივი აზრის ფოკუსში.
 თინათინ ყაჯრიშვილმა, დავით ჩუბინიშვილთან ერთად, სწორედ  „უფრო მნიშვნელოვანი“ საკითხების  ჩრდილს ამოფარებული  ამ თემის გამომზეურება გადაწყვიტა. როგორც თვითონ ამბობს, ამისკენ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა. არ ვიცი, რამდენად ზუსტად აისახა რეჟისორის გამოცდილება ფილმში, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ის კონკრეტულ პირად განცდებში ჩაძირვის და მისი სხვისთვის გაზიარების ნარცისულ საშუალებად არ დარჩა, არამედ შემოქმედების პროცესში   გადამუშავებული, ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ერთი, აქამდე მიჩუმათებული კუნჭულის  მეტყველ მხატვრულ სახედ წარმოგვიდგა.   
სახელმწიფო მხოლოდ ოფიციალურ ურთიერთობებს ცნობს, ამიტომ თუ გსურს „ახლობლად“ ჩაითვალო და სისტემისგან გადმოგდებული   მწირი  შესაძლებლობით მაინც ისარგებლო, სისტემის მიერ დადგენილი წესებით უნდა ითამაშო. ასე ჩნდებიან ციხეში „პატარძლები“ - ქალები, რომლებიც პატიმრებთან ოფიციალურ ქორწინებას აფორმებენ; ზოგი მათგანი უკვე შვილიშვილებითაა დახუნძლული, ერთს კი, სულ პატარა, შეშინებულ გოგონას, როგორც ჩანს, ყველასგან მალულად მიუღია მძიმე გადაწყვეტილება.
მათ შორის არის ფილმის მთავარი გმირი ნუცაც. ის ახალგაზრდა დედაა, ორი მცირეწლოვანი შვილით, რომლის მეუღლეც ათწლიანი სასჯელის უკვე მეოთხე წელს ითვლის ციხეში. და ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან მხოლოდ სისტემის მცველთა ფხიზელ თვალს გამოპარებული    წერილებითა და შეგზავნილი ჟურნალ-გაზეთების      მონიშნული სტრიქონებით არის შესაძლებელი.
მაგრამ დრო მიდის. იცვლება სისტემის წესებიც: გასარეცხ ტანსაცმელს მალულად გამოყოლებული წერილებიდან ოფიციალურ პაემნებამდე, მართალია შუშის მიღმა, თუმცა მაინც, შემდეგ მოულოდნელად შეიძლება 24–საათიანი პაემნებიც დაუშვან... იცვლება გრძნობებიც _ ტელეფონის ზარზე აფრთხიალებული გულიდან დანაშაულის განცდამდე მოულოდნელი გატაცების გამო; ამათ შუა კი ყოველდღიური რუტინა, აქაურ და იქაურ ცხოვრებას შორის გადებული ბეწვის ხიდის მძიმე ტვირთად ქცეული მოვალეობა.
ქართული კინოს რეალობიდან გამომდინარე, ამ ფილმის პლუსებად ითვლება არა მარტო ის, თუ რა არის მასში, არამედ ისიც, თუ რა არ არის; და არ არის ყალბი დიალოგები, ყალბი რეაქციები, არ არის ზედმეტი დრამატიზება. ფილმში ბევრი რამ არის დატოვებული კადრს მიღმა. მაგალითად, ავტორები გვერდს უვლიან პრობლემის ფინანსურ მხარეს. მათ უფრო პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა, მისი ხვეულები აინტერესებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კინოსურათის სიუჟეტი ვაკუუმში ვითარდება (შეგრძნება, რომელიც ბოლო ათწლეულის ქართული კინოში ძალზე ხშირია), სოციალური ყოფა პერსონაჟების ჩაცმულობაში, ქცევის ნიუანსებში, ვიზუალურ დეტალებშია გაბნეული, რაც ფილმის ერთი შეხედვით არააქტიურ, მაგრამ დამაჯერებელ ატმოსფეროს ქმნის.
ამგვარი ნიუანსები კი ფილმში ძალზე კარგად არის დამუშავებული. თითოეული პერსონაჟი, ეპიზოდურიც კი, გულდასმით არის შერჩეული. თითოეულის მიღმა იგრძნობა ხასიათი, სოციალური ადგილი, უფრო მეტიც _ ისტორია, მაგრამ მაინც გამორჩევით აღვნიშნავდი ნუცას როლის შემსრულებელს, მსახიობ მარი კიტიას. ის ღირსეულად ატარებს ფილმის სიუჟეტის მთელ ფსიქოლოგიურ სიმძიმეს (რა თქმა უნდა, გიორგი მასხარაშვილითან ერთად, რომელიც მისი ეკრანული მეუღლის, გოგას როლს ასრულებს). ამასთან ორგანულია ყველა სცენაში, საინტერესო ყოველ კადრში. ეს არცთუ ხშირი თვისებაა ქართულ კინემატოგრაფში. ამიტომ, შემიძლია მივულოცო შემოქმედებით ჯგუფს შესანიშნავი არჩევანი, ისევე როგორც მსახიობს  -  კარგი როლი.
ფილმის დიდ პლუსად მიმაჩნია ისიც, რომ ავტორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ გამძაფრებული ინტერესის საგნად და ბოროტების ეპიცენტრად ექციათ ციხე, როგორც რეპრესიული სისტემა. ციხის ეპიზოდები ძალზე ზომიერად და ზედმეტი „ჩერნუხის“ გარეშე არის გადაღებული. ალბათ სწორედ ასეთი „ნეიტრალურობის“ ფონზე კიდევ უფრო მძაფრად მუშაობს ავტორების მიერ ზუსტად მონახული ძუნწი ნიშნები: ფრაზები, სახეები, ფაქტურა. ეს ყველაფერი მშვენივრად ქმნის ცივი, გულგრილი მექანიზმის ხატს, რომლის სისასტიკეზე ზედმეტ ხაზგასმას შეიძლება სწორედაც დაეშალა ფილმის სამყარო, ან სხვა მიმართულებით წაეყვანა ის. საბედნიეროდ, ავტორებმა გაუძლეს „მსუყე ლუკმის“ ცდუნებას და შედეგად მივიღეთ არა პოლიტიკური გამონათქვამი, არამედ ადამიანური დრამა.
საერთო დადებითი შთაბეჭდილების ფონზე, მაინც უნდა ვთქვა, რომ მომეჩვენა, რამდენჯერმე სიუჟეტს მკვეთრად „უბიძგეს“ სასურველი მიმართულებით: ახალი გრძნობის დაბადება, შემდეგ სინანული და ისევ მობრუნება ქმრისკენ _ ნაუცბათევად და ოდნავ მექნიკურად გამოიყურება. არ ვამბობ, რომ ასე არ ხდება, უბრალოდ ეკრანზე  არადამაჯერებლად გამოჩნდა. თითქოს ავტორებმა ვერ შეძლეს სცენებს შორის ნაპრალის ამოვსება, ნიუანსები არ ეყოთ გრძნობიდან გრძნობაზე გადასვლის პროცესში.
თუმცა ერთგვარი ჩავარდნა ფინალურმა ეპიზოდმა გამოისყიდა. ციხის პაემნის კულმინაციური სცენა _ თბილი და ტკივილიანი, რომანტიკული, თუმცა, ჩემი აზრით, მეტისმეტად უბიწო. ისევ ფოკუსი მთავარ გმირებზე და ამავე დროს ობერტონებით შექმნილი განწყობა. და ისევ განშორება სევდიანი, შიშნეული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ პაემნამდე დიდი დროა, უფრო იმიტომ, რომ არავინ იცის, იქნება თუ არა ის, არაფერია გარკვეული და მყარი, არც საკუთარი გრძნობები, არც პატიმრის ბედი, არც სისტემის მომდევნო ნაბიჯი.
ავტორი ისტორიას ვერ ამთავრებს. ისტორია გრძელდება; სულერთია, ბედნიერი დასასრული თუ ტრაგიკული წერტილი -  ფილმს ორივე ერთი ხელის მოსმით გადაიტანდა   სხვა ჟანრში, სავარაუდოდ, მელოდრამაში. მაგრამ ავტორები პოულობენ შესანიშნავ ფინალს, რომელიც მთელი ფილმის ტკივილს ერთ მუჭში აქცევს; მაგრამ ფინალზე (ისევე როგორც   სხვა ნიუანსებზე)  სხვა დროს - წერილი ალბათ ფილმის ქართულ ეკრანებზე გამოსვლამდე დაიბეჭდება, ამიტომ ვცდილობ, გავითვალისწინო მაყურებლის ინტერესიც და მეტისმეტად არ ჩავუღრმავდე დეტალებს.



                                                                      ჟურნალი filmprint N11 გაზაფხული, 2014