არსებობს ფილმი-
კათარსისი, ფილმი-დასვენება, ფილმი-სიამოვნება,
ფილმი-ფოიერვერკი... და არის კიდევ ფილმი-მწვალებელი - ფილმი,
რომელიც ეკრანის ჩაქრობის შემდეგაც არ გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებს, არა და არ განებებს
თავს, შენში იბუდებს და შენი ნაწილი ხდება.
იქნებ იმიტომ, რომ ასეთ ფილმებში დრამა „შიგნით არის ჩაბრუნებული“ და მაყურებელს
არ აძლევს საშუალებას „დაიცალოს“, დატოვოს
ემოციები, განცდები იქვე, ფილმის სივრცეში.
ალბათ ყველას აქვს
ასეთი ფილმები, ჩემთვის კი ერთ-ერთი მათგანი ნური ბილგე ჯეილანის „ერთხელ ანატოლიაშია“
(2012), ფილმი, რომელიც დღემდე
მოსვენებას არ მაძლევს.
რა ხდება ჩემს მწვალებელ
ფილმში? თითქოს არც არაფერი. ღამისეული ანატოლიის
პეიზაჟებში მოძრავი მანქანების ფარების შუქი გარემოს ჯადოსნური ელფერით მოსავს.
ამ ჯადოსნურ და ულამაზეს პეიზაჟებში მიმდინარე მოქმედება კი სრულიად საპირისპიროდ - ბანალური და უსიამოა.
მანქანებში დაღლილი მამაკაცები არიან: პოლიციის
უფროსი, პროკურორი, ექიმი, კიდევ პოლიციის
სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ფუნქციებით და მკვლელი, რომელმაც დანაშაული
აღიარა და დამარხული გვამის ჩვენებასაც შეპირდა პოლიციის უფროსს. ისინი გვამს ეძებენ, როგორც მკვლელობის მტკიცებულებას,
მაგრამ ბრალდებული ვეღარ (თუ აღარ) იხსენებს,
ზუსტად სად დამარხა მოკლული მეზობელი. ერთი მცდელობა, მეორე... დაღლილობა იზრდება და მასთან ერთად გაღიზიანებაც.
თუმცა ფილმი კვლავ მდორედ მიედინება,
ფილმის თითქმის
ნახევარი ე.ი. საათზე მეტი სწორედ ამ ღამისეულ ველებზე და გვამის უშედეგო ძიებაში გადის.
მაგრამ რატომ ვერ ვწყდები ეკრანს, იქნებ იმიტომ, რომ, როგორც თავად ჯეილანი ამბობს
ერთ-ერთ ინტერვიუში: „ ადამიანის სახე ყველაზე
მშვენიერი პეიზაჟია. სახე ყველაფერს გეტყვის. ეს ერთადერთი გზაა მიაგნო სიმართლეს,
რადგან უფრო ხშირად ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები არ არის სიმართლე. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება
ვიცრუოთ სხვათა წინაშე, რათა დავიცვათ საკუთარი თავი“.
სახეები კი მართლაც
საინტერესოა, თითოეული მათგანი თავის ისტორიას
გვიყვება, ამ ისტორიების ფრაგმენტები სიტყვებად
ამოდის ზედაპირზე - ყოფით დიალოგებში, რეპლიკებში, ხუმრობაში; დანარჩენი კი თვალის
უპეებში, შუბლის ნაოჭებშია ჩაგუბებული, მზერათა
დიალოგში, ღიმილში, რომელიც ტირილის ტოლფასია.
როცა მრგვალი ხისა თუ წყაროს, ვაკისა თუ გორაკის
უშედეგო ძიება აზრს კარგავს, ჯგუფი მახლობელ სოფელში შესვენებას გადაწყვეტს. გვიანი ვახშამი სოფლის თავჯდომარესთან, ყოფითი საუბრები, თითქოს
რა შორეული ფილმის მთავარ სიუჟეტურ ხაზთან
და ამავე დროს რა მრავლისმთქმელი...
ვახშმობის
მომენტში სინათლე ქრება. მამაკაცებთან ჩაი და ანთებული ლამპარი თავმჯდომარის უმცროს ქალიშვილს გამოაქვს. მაგრამ
რა უხეშად ჩანს ეს სიტყვები ეკრანულ სცენასთან მიმართებაში. მამაკაცებს ჯადოსნური შუქით
მოსილი მოულოდნელი და ზღაპრული სილამაზე ეცხადებათ და თითქოს სხვა განზომოლებაში გადაჰყავს
ყველა. რბილდება სახეები, თვალებში სხვა სხივი ჩნდება - აღტაცების, გაოცების, სინანულის..
მკვლელთან პირველად მოდის ჩადენილი დანაშაულის განცდა, მონანიება და უკვე აღარც გვამის
დამარხვის ადგილის პოვნაა შეუძლებელი.
მაგრამ
ნათელი ხდება ისიც, რომ გვამის ძებნა მხოლოდ საბაბია და გზამკვლევი ძაფი სხვა უფრო
ღრმა ძიებებისკენ მიდის. გვამი ნაპოვნია, საქმე
გახსნილია, თითქოს მიზანი მიღწეულია, კითხვები კი ამის შემდეგ იწყება.
კითხვები,
რომლის პასუხებსაც ჩვენ ფილმში ვერ ვიპოვით. ყველა ამ კითხვის სათავე კი ქალია, ქალები,
რომლებსაც ეკრანზე ძალზე მცირე დრო ეთმობათ, თითქმის არა აქვთ სიტყვები, მაგრამ რომელთა
არსებობა განსმსჭვალავს მთელ ფილმს და განაპირობების მამაკაცების ლამის ყველა მოქმედებას
და სიტყვას.
თავმჯდომარის
ქალიშვილი თავისი ბავშვური მშვენიერებით მოულოდნელი გარდატეხის მიზეზი ხდება, მუდამ
ფიქრებში ჩაფლული ექიმის ოთახში მიმოფენილი ფოტოებიდან შემოგვცქერის მისი ყოფილი ცოლი;
მოულოდნელად ცენტრალური ხდება პროკურორის ისტორია ახალგაზრდა, ლამაზ ქალზე, რომელიც
თავის მიერვე დათქმულ დროს გარდაიცვალა, და ამბის იდუმალებას კი არ ხსნის, არამედ მას
უფრო წარმოუდგენელს და მისტიკურს ხდის ექიმის
რაციონალური ამოხსნა, რომლის მიხედვითაც ეს სავარაუდოდ კარგად მოფიქრებული შურისძიება
უფრო იყო, ვიდრე უცნაური წინასწარმეტყველება; ბევრს ვერაფერს ვიგებთ ჩადენილი დანაშაულის
შესახებაც; მკვლელის აღიარებით, მოკლულის შვილი სინამდვილეში მისია, მაგრამ მაყურებელი
ფილმში ამის ვერც მტკიცებულებას და ვერც უარყოფას იპოვის, ვერც სასამართლოს დერეფანში
ჩამომჯდარი ქვრივის ჰაერში აქანავებულ ფეხს მოუძებნის ახსნას და ვერც ქმრის გვამის
ამოცნობისას ღვარად წამოსულ ცრემლებს.
კითხვები ბევრია, მაგრამ ეს არ არის კითხვები, რომელიც
ჰაერში ეკიდება და ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებლის იმედგაცრუებას იწვევს. ეს კითხვებია,
რომლებზეც პასუხის გაცემას თითოეული თავის გულში და ფიქრებში ცდილობს. ალბათ ამიტომაც
არ მთავრდება ფილმი ეკრანზევე.
ეს პატარა ტექსტიც
ამ ფიქრებისგან განთავისუფლების იმედით იწერება. თუმცა სიტყვები უძლურია მოიხელთოს ის ნახევარტონები და ნიუანსები, რომელიც
საბოლოო ჯამში ქმნის ფილმის მაგიას, მაგრამ
გამოცდილი მაქვს, მაინც შველის.
ეს ჩემი კინოა.
სწორედ ასეთი ფილმები ჩემთვის თვალსაჩინო ახსნაა, რატომ არ უწერია კინემატოგრაფს გარდაცვალება,
მიუხედავად უკვე რამდენი წლის განმავლობაში დეკლარირებული აგონიისა.
P.S. ეს ტექსტი ჟურნალ "ფილმპრინტის" მეთოთხმეტე ნომერში (ზამთარი, 2015) დაიბეჭდა, რატომღაც რეცენზიის რუბრიკაში; არადა, ნამდვილად არ დამიწერია რეცენზია. იმედია, აქ უფრო იპოვის თავის ადგილს და უკეთესად იგრძნობს თავს.
No comments:
Post a Comment