Wednesday, January 25, 2012

თბილისის კინოფესტივალის დღიური. დასკვნითი დღე





კინოფესტივალის ბოლო დღე ძალზე მაღალ ნოტზე დაიწყო: მაიკლ ლის „კიდევ ერთ წელიწადს“ (2010) თამამად შემიძლია ვუწოდო ფესტივალის მშვენება. ფილმმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენა, რამდენად პირობითი და ელასტიური სუბსტანციაა კინემატოგრაფიული დრო - თუ „ეულ პლანეტაში“ ეს სუბსტანცია 15 წუთის შემდეგ საუკუნედ იქცევა, მაიკ ლისთან თითქოს საერთოდ ქრება. არადა, რა ხდება ეკრანზე? თითქოს არაფერი განსაკუთრებული: ვიღაცა ქორწინდება, ვიღაცა კვდება, ვიღაცას უჭირს, ვიღაცას ულხინს - ყველაფერი ისე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაშია.

და მაყურებელი ამ ყოველდღიური ცხოვრების მოთვალთვალედაც იქცევა და ამასთან ერთდროულად, თითქოს მონაწილედაც. ტომი და ჯერის, ორმოცდაათს გადაცილებული შეხმატკბილებული წყვილის ოჯახური ცხოვრება და ოჯახური კავშირები ორი საათის განმავლობაში სამყაროს მინიატურული მოდელი ხდება, სადაც სითბოც არის და სიცივეც, მარტოობაც და მეგობრობაც, ტკივილიც და სიხარულიც... და როგორც ცხოვრებაში, შენ სრულიად თავისუფალი ხარ შენს არჩევანში - სიმპათია-ანტიპათიაში, თანაგრძნობა-განკიცხვაში. ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს კრიტიკოსთა შეფასებების „არაერთსულოვნებაც“: ზოგისთვის ის კომედიაა, ზოგისთვის - დრამა; ზოგიერთისთვის ფილმში რეჟისორის პესიმისტური ხედვა აისახა, სხვებისთვის - ოპტიმისტური; ვიღაცისთვის ტომი და ჯერის ოჯახი იდეალური ურთიერთობის ეტალონია, სხვებისთვის - მარტოობისგან თავის დაღწევის საშუალება; თუ უმრავლესობისთვის ოჯახის მეგობარი, მერი ტრაგიკული სახეა, არიან ისეთებიც, ვინც მასში წარსული შეცდომების გამოუსწორებელ შედეგებს უსვამს ხაზს. და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ საერთოა ერთი - გულგრილი არავინ რჩება. ეს საფესტივალო ჩვენებამაც დაადასტურა: სასიამოვნო სანახავი იყო დარბაზიდან გამოსული ადამიანების განათებული სახეები. სამწუხაროდ, მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ფილმი იმსახურებდა. ეს ალბათ დილის სეანსსაც უნდა მივაწეროთ: 12 საათი ჩვენში ხომ დილად ითვლება.

ოსტატობით არც ფრანგი რეჟისორის ფრანსუა ოზონის ფილმი „უწყინარი დიასახლისი“ (La potiche, 2010) დაიწუნება. ამ კომედიას საფუძვლად დაახლოებით 10 წლის წინანდელი პიესა დაედო, რომლის მოქმედება 1977 წელს მიმდინარეობს, მაგრამ, თავად რეჟისორის სიტყვებიდან გამომდინარე, მის ეკრანზე გადატანას უფრო თანამედროვე პოლიტიკურმა ცხოვრებამ მისცა ბიძგი. ფილმი ქარხნის მეპატრონის მომხიბვლელ და რომანტიკულ მეუღლეზე მოგვითხრობს, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული ხდება ხელში აიღოს ქარხნის მართვა, შემდეგ, როგორც იტყვიან, ეშხში შედის და ოჯახის მოსართავი დეკორატიული ნივთიდან წარმატებულ „ბიზნესვუმენად“ იქცევა. ამ როლს ჩვეული ელეგანტურობით ასრულებს კატრინ დენევი, რომელიც ჟერარ დეპარდიესთან ერთად (ქალაქის კომუნისტი მერი და სუზანის ახალგაზრდობისდროინდელი გატაცება) შესანიშნავ ირონიულ-კომიკურ წყვილს ქმნის. თუმცა, უნდა გამოვტყდე და, პირადად ჩემთვის, ოზონის ეპატაჟური კინო უფრო ახლობელია, ვიდრე მისი სტილიზებული იუმორი.

ძალზე საინტერესო აღმოჩნდა შვედური ახალგაზრდული ფილმი „წყეული ომოლი“ (Fucking Åmål, რეჟ. ლუკას მედისონი, 1998) - შვედური კინოს ისტორიაში ყველაზე პოპულარული ფილმი, პოპულარული არა მხოლოდ შვედეთში, არამედ მთელ ევროპაშიც; ეს წარმატება მან, ვფიქრობ, არა მხოლოდ მარად საჭირბოროტო საკითხების გამო, არამედ დიდი შინაგანი სიმართლის წყალობითაც დაიმსახურა. კინოსურათის მოზარდი გმირები პატარა, პროვინციულ ქალაქში ცხოვრობენ. მაგრამ პატარა სამყარო არ გამორიცხავს დიდ პრობლემებს. ფილმის ძირითადი სიუჟეტური ხაზი ორი მოზარდი გოგონას: მორცხვი და მარტოსული აგნესის და ყველაზე ლამაზი, ყველაზე პოპულარული, მაგრამ არანაკლებ მარტოსული ელენის ურთიერთობის განვითარებაა. ამ ურთიერთობაში წინა პლანზე ლესბოსური მომენტია გამოსული, და მაინც ეს არ არის მთავარი. ფილმი უფრო მეტად პიროვნულ თავისუფლებაზეა, საკუთარი სამყაროს დაცვის უფლებაზე. და ფილმის გმირმა გოგონებმა ეს შესძლეს. ამიტომ არის მათი ფინალური გავლა თავისი არსით შინაგანი თავისუფლების მოპოვების აქტი.

ცოტა უფრო ძნელი გასაგებია ის წარმატება, რომელიც გერმანელი რეჟისორის ულრიხ კოელერის ფილმს „ძილის დაავადებას“ (Sleeping Sickness - Schlafkrankheit) ხვდა წილად: 2011 წლის ბერლინალეს „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის. ვერბალურ დონეზე ეს წარმატება გასაგებია: განვითარებული ქვეყნების მიერ აფრიკისთვის (და ზოგადად განვითარებადი ქვეყნებისათვის) გაწეული დახმარება, მისი რეალური ეფექტი, ერთხელ ჩართული მექანიზმის ინერტული ტრიალი, მის მიერ წარმოქმნილი შავი ხვრელები, რომელშიც უმოწყალოდ ინთქმება გრანდიოზული თანხები და, რაც მთავარია, ადამიანური რესურსები, მიახლოებისას კონკრეტული ადამიანების ცხოვრებისგან რომ შედგება – უდავოდ აქტუალური და პასუხგაუცემელი, თუმცა არცთუ ხელშეუხებელი თემაა. ამ თემის გაშლა „ძილის დაავადებაში“ ორი ადამიანის ისტორიით ხდება: შუახნის გერმანელი ექიმის, რომელიც ოჯახის სამშობლოში დაბრუნების მიუხედავად აფრიკაში რჩება და აქაური ცხოვრების რუტინაში იძირება, და აფრიკული წარმოშობის პარიზელი ახალგაზრდა ექიმის, რომელიც უკვე ნახსენები ექიმის საქმიანობის ინსპექტირებისთვის ჩადის აფრიკაში, და რომელსაც, როგორც ჩანს, ასევე ძილის ავადმყოფობა ეყრება, რა თქმა უნდა, ფიგურალურად. ფილმი მკვეთრად იყოფა ამ ორ განსხვავებულ ნაწილად, მათი წყალგამყოფი კი (ან, ავტორების აზრით, გამაერთიანებელი) ზემოთხსენებული საკითხებისადმი მიძღვნილი მგზნებარე მოხსენებაა რომელიღაც ევროპულ კონფერენციაზე თუ შეხვედრაზე. აქტუალობა აქტუალობად, მაგრამ კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ამგვარი კომპოზიცია, ვეჭვობ, დიდი რეჟისორული ოსტატობის ნიშანი იყოს.

ასევე გასაგებია, რატომ ერგო თბილისის ფესტივალზე ჩვენების პატივი კიდევ ერთ გერმანულ ფილმს „სელექციონერი“ (The Breeder, 2011, რეჟ. ტილ ჰასტრაიტერი): ჰორორის ჟანრში გადაღებული კინოსურათი საქართველოში, კერძოდ, სვანეთშია გადაღებული და მასში ქართველი მსახიობებიც თამაშობენ (თამარ ბზიავა, გიორგი ყიფშიძე, ლაშა ბაქრაძე); ფილმის სიუჟეტით ორი ამერიკელი ტურისტი გოგონა სვანეთში მოგზაურობისას უცნაურ ტბასთან აღმოჩნდება, რომელიც რუკაზეც კი არ არის დატანილი. აქ ერთ–ერთი მათგანი ქრება. როგორც აღმოჩნდება, ქალიშვილს გაეროს კონტიგენტის (რომელიც ორი კაცითაა წარმოდგენილი) მეთაური იტაცებს, რომელიც უნაკლო ქალწულის შექმნის იდეით არის შეპყრობილი. თრილერის ელემენტების გამოყენებას კიდევ არა უშავდა, მაგრამ როცა საქმე ჰორორზე მიდგებოდა, კადრების უმეტესობა „რატომღაც“ ღიმილს იწვევდა; მთავარი „ურჩხულიც“ ცოტა არ იყოს კარიკატურულად გამოიყურებოდა და თავიდანვე იშიფრებოდა. ბევრ კითხვას ბადებდა ფილმის სიუჟეტური განვითარებაც. მართალია, სიუჟეტური ალოგიკურობის შესახებ დიდი ჰიჩკოკი მისთვის სპეციფიკური იუმორით ამბობდა, რომ როგორც წესი, ეს კითხვები მაყურებლის თავში უკვე სეანსიდან გამოსვლის შემდეგ იბადება და ამ დროისთვის მას ბილეთი უკვე კარგა ხანია ნაყიდი აქვსო; მაგრამ ჰიჩკოკის ფილმებისგან განსხვავებით, აქ კითხვები თავად სეანსის მსვლელობაშივე იბადება, რაც აშკარად არ უწყობს ხელს ფილმით „ტკბობას“.

და ბოლოს, დასკვნითი აკორდი – ფესტივალი ცნობილი კინოდრამატურგის ალექსანდრე მინდაძის ფილმით „შაბათ დღეს“ დაიხურა; ფილმით, რომლის მოქმედებაც მხოლოდ ერთ დღეს, 1986 წლის 26 აპრილს, მოიცავს (ჩერნობილის ტრაგედიის მომდევნო ავბედით შაბათს); ფილმით, რომელიც ბერლინის კინოფესტივალზე ვერ გაიგო და ვერ მიიღო ვერც პუბლიკამ და ვერც კრიტიკამ. მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ საზოგადოებას მოლოდინი გაუცრუვდა – ელოდა მამხილებელ, სოციალურ, შეიძლება პოლიტიკურ ფილმსაც და მიიღო ფილმი, რომელიც ავტორმა გადაიღო როგორც მეტაფორა, როგორც იგავი; შეიძლება ისიც, რომ დასავლეთმა არ დაუჯერა ავტორს – მათ გადაჭარბებად ჩათვალეს ფილმის გმირების ალოგიკური საქციელი ამ მასშტაბის კატასტროფის ფონზე.

ჩემთვის, საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქესთვის, ფილმის პერსონაჟების ქცევის „ლოგიკაში“ გარკვევა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ფილმის მოწონება მაინც გამიჭირდა. ჩემი, როგორც მაყურებლის, არსების ობიექტური ნაწილი ეთანხმება ავტორისეულ ხედვას, რომელიც რეაქტორს განიხილავს როგორც სიმბოლოს; იმასაც მშვენივრად ხვდება, რომ გმირები არ გარბიან არა იმიტომ, რომ ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა, ან იმიტომ, რომ პასპორტი ვერ იპოვეს, ან თუნდაც იმიტომ, რომ ქორწილის მუსიკალურ მომსახურებაში ფული წინასწარ აქვთ აღებული – მათ უფრო სხვა, მენტალობაში ღრმად ჩაბეჭდილი ქცევის მოდელები ამუხრუჭებთ; იმასაც კარგად ამჩნევს, რა ვირტუოზული ოსტატობით არის გადაღებული ფილმი (რომინელი ოპერატორი ოლეგ მუტუ – კინომოყვარულებს ალბათ ახსოვთ „ბატონ ლაზარეკუს სიკვდილი“, „ოთხი თვე, სამი კვირა, ორი დღე“, „ჩემი ბედნიერება“) – ახლო ხედებზე და თითქმის უწყვეტ მოძრაობაში; მაგრამ არსებობს კიდევ ჩემი სუბიექტური ნაწილი, რომელსაც უბრალოდ ღლის ერთი ტონალობის დინამიკა და სუმბური ეკრანზე, რომელსაც ეკრანის მძაფრი ტემპი (ტემპი და არა რიტმი) თანაგანცდის საშუალებას ართმევს.

ზოგი ფილმი ეკრანზე ფეთქდება, ზოგი – მაყურებლის გულში. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ფილმის ავტორებმა ეკრანული მუხტის მაყურებელში გადატანა ვერ მოახერხეს; ან, შეიძლება, მე აღმოვჩნდი იმ მომენტში ცუდი მაყურებელი?!

ფესტივალი დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საკონკურსო პროგრამის გარეშე მოგვიწია იოლად გასვლა, ფესტივალის ორგანიზატორებმა მაინც მოახერხეს მინი კონკურსის ჩატარება: ქართული კინოპანორამის ფარგლებში ნაჩვენები ფილმებიდან ასევე მინი ჟიურიმ (ერიკა და ულრიხ გრეგორების მონაწილეობით) ნანა ჯანელიძის ფილმი “ნეტავი იქ თეატრი არის?!” შეარჩია. ფილმის რეჟისორს საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული ჯილდო – ბერლინის კინოფესტივალზე გამგზავრება – ერგო წილად.
ფესტივალი დასრულდა. დასანანია, რომ წელს ის თავისი სრული შესაძლებლობებით არ იყო წარმოდგენილი. უკეთესის იმედით მომავალ შეხვედრას დაველოდოთ.

No comments: