Friday, January 13, 2012

თბილისის კინოფესტივალის დღიური. დღე მეოთხე

ფესტივალი დასასრულისკენ მიიწევს. ჩემი პირადი საფესტივალო პროგრამა დღეს თითქოს შედარებით სუსტი გამოვიდა.

თუმცა ეს არ ეხება პატრიკ კაზალის დოკუმენტურ ფილმს „რუბენ მამულიანი: ბროდვეის და ჰოლივუდის ოქროს ხანა“ (2007) პროგრამიდან „თბილისელი დიდოსტატები“. ერთსააათიან ფილმში რეჟისორმა მოახერხა არა მარტო მოეთხრო მისი შემოქმედებითი გზის შესახებ, არამედ გამოეკვეთა კიდეც ამ შემოქმედების ინდივიდუალური სახეც და ამასთან რობენ მამულიანის პიროვნული პორტრეტიც შეექმნა. და არც ერთი კადრი მისი ფილმებიდან. ეს, როგორც თავად ახსნა, იძულებითი შეზღუდვა იყო, გამომდინარე ჰოლივუდის სტუდიების ძალზე ძვირი ფასებიდან თითოეულ ნაწყვეტზე, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გარედან თავსმოხვეული შეზღუდვები სასიკეთოდ ადგება შემოქმედებას. ეს ფილმი განსაკუთრებით მიმზიდველი ალბათ კინომცოდნეებისთვის და ზოგადად კინოს ისტორიით დაინტერესებული მაყურებლისთვის იქნებოდა და შესანიშნავი იქნება, თუ ის, როგორც სასწავლო მასალა, ქართული კინოსასწავლებლების ფილმოთეკებში დაიდებს ბინას.
იმედგაცრუების გრძნობა ნაკლებად ეხება გერმანული პროგრამის ფილმსაც „სიმღერა, რომელიც მახსოვს“ (თუ ფილმის ორიგინალურ სახელწოდებას „Das Lied in mir“ სიტყვასიტყვით ვთარგმნით, უფრო ზუსტი იქნება „სიმღერა, რომელიც ჩემშია“, რეჟ. ფლორიან კოსენი, 2010). ფილმის მთავარი გმირისთვის, ახალგაზრდა გერმანელი ქალისთვის, ბუენოს–აირესის აეროპორტში შემთხვევით გაგონილი, მისთვის უცნობ ესპანურ ენაზე ნამღერი საბავშვო სიმღერა ძაფის ის წვერი ხდება, რომლითაც ის გულდაგულ მიჩქმალული წარსულის გორგლის შემორღვევას იწყებს: აღმოჩნდება, რომ მარია არგენტინელია; მისი არგენტინელი მშობლები 70–იანი წლების სამხედრო დიქტატურის დროს „უგზო–უკვლოდ დაკარგულთა“ სიაში არიან, სამი წლის გოგონა კი იქ მომუშავე გერმანელების წყვილმა იშვილა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ეს ბავშვის მოტაცება უფრო იყო, ვიდრე ქველმოქმედების აქტი: გერმანელმა წყვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მარიას არგენტინელ ნათესავებისთვის მისი კვალი დაემალა.

მარია თანდათან იძირება მისთვის სრულიად უცნობ გარემოში, უცნობ წარსულში. მაგრამ ფილმის განსჯის საგანი არა მხოლოდ იდენტობის ძიებაა; ავტორი ორგანულად უკავშირებს ერთმანეთს პირადული გრძნობების სამყაროსა და პოლიტიკას, და წამოჭრის გერმანელებისთვის დღესაც მეტად მწვავე წარსული დანაშაულის საკითხს: განსხვავებით ახალგაზრდა არგენტინელი პოლიციელისგან, რომელსაც არც სურს დაუსვას შეკითხვები მამამისს, ყოფილ პოლიციელს, რადგან ეშინია სიმართლის, რომელმაც შესაძლოა გაუცხოების კედელი აღმართოს საყვარელ ადამიანებს შორის, მარიას სურს ყველაფერი იცოდეს, სრული სიმართლე, თუმცა ის თავისთავში იმის ძალასაც პოულობს, რომ აპატიოს მამამისს წარსულის შეცდომა თუ დანაშაული.

პირადისა და საზოგადოს შერწყმა ნაკლებად ორგანული გამოდგა ამავე პროგრამის მეორე ფილმისთვის „ქალაქი შენს ქვევით“ (2010, რეჟ. კეიტოფ ჰოხჰოისლერი). ეს მაღალი ხარისხის და მკვიდრად ნაგები ფილმი საბოლოო ჯამში მაინც სამყაროსავით ძველ ისტორიას მოგვითხრობს, როცა ზემდგომი პირი (შეგვიძლია ჩავწეროთ მეფე, ფეოდალი, მხედარმთავარი, ამ შემთხვევაში საბანკო იმპერიის მსხვილი ბოსი) თავისი ხელქვეითის (ვასალის, ქვეშემრდომის, რიგითი ჯარისკაცის, ბანკის მოსამსახურის) ცოლს ყვარობს და მის ქმარს გადასაკარგავში აგზავნის. მართალია, ფილმის ავტორი ამ ისტორიას თანამედროვე ცათამბრჯენების ცივი შუშისა და მბრწყინავი პლასტიკატის გარემოში ათავსებს და ცდილობს ხაზი გაუსვას გახლეჩილობას რეალურ ქალაქსა (ცხოვრებას – იხ. ფილმის სახელწოდება) და ამ სტერილურ გარემოს შორის, ფილმის ფინალური კადრის (ზემოდან ქვემოთ, აჩოჩქოლებული ქუჩისკენ მიმართული მზერა) ფინალური ფრაზა: „იწყება!“, მაინც ჰაერში ეკიდება (პირადად ჩემთვის მაინც).

მაგრამ დღის "კულმინაცია" მაინც ჯულია ლოკტევის „ეული პლანეტა“ (2011, დამოუკიდებელი ამერიკული კინო) აღმოჩნდა: ამ ფილმს ქართველი მაყურებლისთვის საინტერესოს რამდენიმე მომენტი ხდიდა: კინოსურათი გადაღებულია საქართველოში, მასში მონაწილეობს გაელ გარსია ბერნალი (ბერნალი საქართველოში!) და მას პარტნიორობას უწევს მთასვლელი ბიძინა გუჯაბიძე. ამის დამსახურება იყო თუ ამერიკის საელჩოს ხელგაშლილი ჟესტის (რომელმაც ფილმზე თავისუფალი დასწრება აჩუქა ქართველ მაყურებელს), მაგრამ კინოთეატრის დიდი დარბაზი სავსე იყო.
ფილმის სიუჟეტით ახალგაზრდა წყვილი დაქორწინებამდე საქართველოში ჩამოდის სამოგზაუროდ. ისინი ადგილობრივ გამყოლს დაიქირავებენ და მასთან ერთად კავკასიის მთების დასალშქრად მიდიან. შემდეგ – წამიერი სისუსტე და წყვილის ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, შემდეგ – სიახლოვის ძაფები ქართველ გამყოლსა და ამერიკელ ტურისტს შორის იბმება. ეს არის და ეს.

დასაწყისს არა უშავდა – იუმორი, ანეკდოტები, თამაშის განცდა; თუმცა რიტმთან დაკავშირებული პრობლემები მალევე გამოჩნდა, მაგრამ რიტმში ერთი–ორი ჩავარდნა ვის არ მოსვლია (გავიმხნევე თავი). თუმცა ცოტა ხანში ნათელი გახდა, რომ ეს უბრალო ჩავარდნა კი არა, პრინციპი იყო, მაგრამ რისი სახელით, ამას ბოლომდე ვერ მივხვდი. ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, საქართველოს ტურიზმის სამინისტროს დაკვეთასთან ხომ არ გვქონდა ადგილი, მაგრამ ესეც უკუვაგდე – თრუსოს ხეობის გადაღება გაცილებით ლამაზადაც შეიძლებოდა. არადა, ფილმის მოქმედების ძირითადი ნაწილი სიარულისგან შედგება, ისეთი გაუთავებელი და უაზრო სიარულისგან, ქართული ფილმების გმირების სახელგანთქმული „გავლები“ საოცნებოდ რომ მოგეჩვენება კაცს. საბოლოოდ, ვუყურეთ ორსაათიან ფილმს ოცწუთიანი სიუჟეტით და ამ ორი საათის განმავლობაში ქართველ მაყურებელს საკუთარი თავის გართობაზე ზრუნვა თავადვე მოუწია.

ამ გაუგებრობაში ყველაზე ნაკლებ მსახიობებს მიუძღვით ბრალი: მოცემულობის ფარგლებში დამაჯერებელი და უშუალოა ჰანი ფურსტენბერგი (ნიკას როლის შემსრულებელი); სავსებით გასაგებია ბერნალის სარეკლამო ფუნქციაც, თუმცა სხვა მხრივ, ეროტიული სცენების და ნაცემი ძაღლის ფუნქციის შესრულება არც სხვა მსახიობს გაუჭირდებოდა; ყველაზე ცოცხალი სახე კი მაინც ბიძინა გუჯაბიძემ შექმნა, მით უფრო, რომ სიუჟეტური სიცარიელის პირობებში მას ბუნებრივი გარემო უმაგრებდა მხარს.

საბედნიეროდ, მომდევნო სეანსზე ნაჩვენები კერი ფუკუნაგას „ჯეინ ეარი“ (2011) ალბათ საუკეთესო საშუალება იყო კინემატოგრაფიული პროფესიონალიზმის რეაბილიტაციისთვის. ძნელია ობიექტური იყო იმ ფილმის შეფასებისას, რომელიც შენი ბავშვობის მეგობარი წიგნის მიხედვით არის გადაღებული, მაგრამ სუბიექტური ადამიანისთვისაც ძნელია იმის უარყოფა, რომ რეჟისორმა საკმაოდ ოსტატურად მოახერხა სქელტანიანი რომანის „ჩატევა“ ორსაათიან ეკრანიზაციაში. ეს ძირითადად სასიყვარულო ხაზზე კონცენტრირების ხარჯზე მოხდა, თუმცა გრძნობის განვითარება-გაშლისათვის დრო მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა და ფილმი ცოტათი მაინც სიყვარულის ისტორიის კონსპექტივით გამოვიდა (თუმცა არ ვიცი, ასევე თუ აღიქვამენ ფილმს ისინი, ვისთვისაც “ჯეინ ეარი“ კინოა, და არა წიგნი).
მაგრამ დეტალებს თუ არ ჩავუღრმავდებით , ეს რომანის მორიგი ღირსეული ეკრანიზაციაა, შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლით და არცთუ უცნობი სახელებით: ჯეინი - მია ვასიკოვსკა , მისტერ როჩესტერი - მაიკლ ფასბენდერი, მისის ფერფაქსი - ჯუდი დენჩი, მისის რიდსი - სალი ჰოკინსი, სენტ ჯონსი - ჯეიმი ბელი.

საბოლოო ჯამში, უნდა გამოვტყდე, რომ ჩემი საწყისი მოსაზრება საფესტივალო დღის სისუსტის შესახებ, ობიექტურ მზერას ვერ უძლებს. უბრალოდ ამ დღეს ზომიერად კარგმა და ზომიერად ხარისხიანმა ფილმებმა ემოციური განცდა მომანატრა.

მაგრამ ამაზე უკვე შემდგომმა და დასკვნითმა დღემ იზრუნა.

No comments: