Sunday, April 1, 2012

ქართული ეკრანი აისბერგების მოლოდინში


თავს შურიან ადამიანად არ ვთვლი, თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს ამ არასასიამოვნო გრძნობაზეც. საბედნიეროდ, ეს პირად ურთიერთობებში არ ხდება, მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა გამოვლინებებთან კავშირში იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, კინემატოგრაფთან დაკავშირებით.

არ მშურს „გოგონასი დრაკონის ტატუთი“, არც „საბრძოლო ცხენის“, არც „სიცოცხლის ხის“ და, მით უმეტეს, არც „ტურინული ცხენის“. როგორც დავაკვირდი, შურის გრძნობას უფრო „არამასშტაბური ფილმები“, კამერული დრამები იწვევენ, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც აისბერგის პრინციპით არიან აგებული.

სულ ბოლოს შურის ასეთი მწვავე შემოტევა ირანული ფილმის „ნადერი და სიმინის გაყრის“ ყურებისას ვიგრძენი; ფილმის, რომელიც სწორედ რომ აისბერგს ჰგავს და რომლის სახელწოდებაც მხოლოდ აისბერგის წვერის დასახელებაა. როგორც ერთ–ერთი კრიტიკოსი წერდა, „თქვა, რომ ეს ფილმი გაყრაზეა, დაახლოებით იმას ჰგავს, რომ თქვა „ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან“ ქოშების შესახებაა“.

სიუჟეტურად ფილმის მოქმედება ერთ, გაყრის, მომენტზეა კონცენტრირებული. აქამდე შეხმატკბილებულ ოჯახს კრიზისის პერიოდი აქვს. კრიზისი კი კონკრეტულ საკითხზე შუთანხმებლობით არის გამოწვეული: ცოლი დიდი ხნის ნანატრ ვიზას იღებს და მზად არის თერთმეტი წლის ქალიშვილთან ერთად დატოვოს ქვეყანა, მაგრამ ვერ ახერხებს დაიყოლიოს მეუღლე – მას არ სურს, არ შეუძლია სხვის იმედზე დატოვოს მოხუცებული, ალცჰაიმერით დაავადებული მამა.

ცოლის გადაწყვეტილება ქალიშვილის მომავალზე ზრუნვით არის განპირობებული. მოსამართლის კითხვას: „თქვენ ფიქრობთ, ამ ქვეყანაში თქვენს ქალიშვილს მომავალი არა აქვს? – არც პერსონაჟი პასუხობს და არც – ფილმი. მაგრამ კითხვა დასმულია და მასზე პასუხი ფილმის იმ უჩინარი ნაწილს ქმნის, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს.

ქმრის უარის მიზეზი მეორე, საკვანძო დიალოგშია ასახული: „მან არც კი იცის, რომ მისი შვილი ხარ!“ –„ მაგრამ მე ვიცი,რომ ის მამაჩემია!“პასუხობს მეუღლეს ნადერი. შეიძლება ამას პატრიარქალური ტრადიციების ერთგულება დავარქვათ, შეიძლება, უბრალოდ, ადამიანური გრძნობები, მაგრამ მთავარია, რომ კონფლიქტი მოხაზულია, მონიშნულია მისი ხასიათიც – კონფლიქტი, რომელშიც მტყუან–მართლის გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

მაგრამ ფილმის სიუჟეტი უფრო შორს მიდის და თავის წრეში კიდევ ახალ სახეებს, ახალ პოზიციებს, ახალ კონფლიქტებს რთავს: გაყრის პროცესის დასრულებამდე სიმინი დედასთან გადადის საცხოვრებლად და ნადერი იძულებულია ავადმყოფი მამისთვის მომვლელი დაიქირაოს. მომვლელი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა აიძულებს მისთვის მძიმე სამუშაოსაც დათანხმდეს. ეს სიმძიმე არა იმდენად ფიზიკურია. მართალია, მას შორეული რაიონიდან უწევს მგზავრობა ხუთი წლის გოგონასთან ერთად, ამასთან ჩადრის ქვეშ ფეხმძიმობასაც მალავს, მაგრამ მთავარი სხვაა: მორწმუნე ქალებს ყურანი უკრძალავს უცხო მამაკაცის შეხებას, თუნდაც ის ოთხმოცს გადაცილებული უმწეო მოხუცი იყოს. ქალი ვერც ქმარს უბედავს გაუმხილოს, რა სახის სამუშაოს შესრულება უწევს მას.

არ მინდა სპოილერის ფუნქცია შევასრულო, ამიტომ სიუჟეტის დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები; მხოლოდ ვიტყვი, რომ ნადერის და სიმინის პრობლემებს მომვლელი ქალის და მისი ქმრის პრობლემები ემატება, ტყუილ–მართალი ერთმანეთს ეჯაჭვება, ჭეშმარიტება სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

ფილმში არ არის კრიტიკა: არც პოლიტიკური სიტუაციის, არც – რელიგიური შეზღუდულობის, არც – სოციალური უთანასწორობის (თუმცა ვუშვებ, რომ იგი ამის ამოკითხვის შესაძლებლობასაც იძლევა). ეს არის ეგზისტენციალური დრამა, რომლის თითოეული გმირი თავისებურად მართალია და თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ ამ სიმართლეების შეჯერება არ ხერხდება და ყველასთვის მისაღები გამოსავალი მიუღწეველია.

უფროსების პრობლემებით შექმნილი კონფლიქტების გორგალი და ორი ბავშვი: ისინი თითქოს მხოლოდ გარეშე მოთვალთვალეები არიან, მაგრამ ამავე დროს იგივე უფროსების მოქმედებით მოვლენათა ეპიცენტრშიც აღმოჩნდებიან ჩათრეულნი.

განსაკუთრებით მძიმეა ნადერისა და სიმინის ქალიშვილის მდგომარეობა. მშობლები მას უმძიმესი არჩევანის წინაშე აყენებენ. ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ავტორიტარიზმი შემიძლია გავამართლო. ორ მშობელს შორის არჩევანის 11 წლის გოგონასათვის მინდობა, ერთი შეხედვით, დემოკრატიულად და პროგრესულად მოჩანს, მაგრამ უფრო საკუთარი პასუხისმგებლობის მოზარდის სუსტ მხრებზე გადაბარებას წააგავს. მშობლების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვფიქრობ, მისი სულისთვის ნაკლებ დამანგრეველი იქნებოდა, ვიდრე საკუთარი ნებით ერთი ან მეორე მშობლის გაწირვა (არ ვიცი, დამეთანხმებიან თუ არა ფსიქოლოგები).

წრე იკვრება. ფილმი მთავრდება იქვე, სადაც იწყება – მოსამართლის ოთახში. თუმცა მაყურებელი, ფილმის პერსონაჟების მსგავსად, ისევ ელოდება კითხვებზე პასუხს; მაგრამ პერსონაჟებისგან განსხვავებით, (კარგმა) მაყურებელმა უკვე იცის, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს.

ბრწყინვალე სცენარი აგებულია მთლიანად დიალოგებზე, მაგრამ ალბათ არავის მოუბრუნდება ენა ამ ფილმს თეატრალური ან არაკინემატოგრაფიული უწოდოს. ბევრმა კრიტიკოსმა ის მოიხსენია როგორც ფსიქოლოგიური თრილერი, ზოგმაც – როგორც დეტექტივი. რა თქმა უნდა, აქ თრილერზე ან დეტექტივზე, როგორც ჟანრის კლასიკურ გაგებაზე, საუბარი ზედმეტია. დარწმუნებული ვარ მათ მხოლოდ იმ დრამატული დაძაბულობისთვის ხაზის გასმა სურდათ, რომელსაც ფილმი ძალზე „მარტივი“ ხერხებით, ყოველგვარი შოკური ეფექტების, სიუჟეტის მკვეთრი და მოულოდნელი შემობრუნების, დროით მანიპულირების გარეშე აღწევს.

აისბერგის წვერში მოქცეული ერთი ოჯახის ლოკალური ამბავი და წყალქვეშ მოქცეული მისი უხილავი ნაწილი – არამცთუ მხოლოდ ირანული საზოგადოების მოცულობითი ანარეკლი, არამედ ზოგადსაკაცობრიო უბერებელი და პასუხგაუცემელი კითხვების მძიმე მასა. აი, ასეთი აისბერგების ნახვას ვისურვებდი ქართულ ეკრანზე.

ფილმის ბიუჯეტი – 800 000$, დღეს სრულიად რეალურად გამოიყურება ქართულ კინემატოგრაფიულ სივრცეშიც, მაგრამ რამდენად რეალურია ამგვარი სცენარის გაჩენა ამ სივრცეში, ეს არის საკითხავი.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მცდელობები არის: ერთი, ამ კუთხით ჩემთვის საკმაოდ წარუმატებელი, – თამარ შავგულიძის „დაბადებულები საქართველოშია“, მეორე – გაცილებით წინ გადადგმული ნაბიჯი ირაკლი ფანიაშვილის „სერგო გოთორანი“. იმედით ველოდები კიდევ სხვა აისბერგებსაც, ხოლო რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოლოდინი – კიდევ ერთი უპასუხო კითხვაა.

No comments: