თბილისის კინოფესტივალის დღიური. დღე პირველი. გაგრძელება
საბედნიეროდ „ბახმარომ“ (რეჟ. სალომე ჯაში) მოლოდინი არ გამიცრუა. ვინც ვერ მოახერხა ნახვა, მათთვის განვმარტავ, რომ ბახმაროს პირდაპირი გაგებით საერთო არაფერი აქვს ცნობილ კურორტთან; ეს მხოლოდ კომუნისტური წარსულიდან შემორჩენილი სამსართულიანი შენობის (ყოფილი სასტუმრო „ბახმაროს“) პირველ სართულზე შეკედლებული რესტორნის სახელწოდებაა. ამავე შენობას მიკედელებიან სხვადასხვა ფუნქციის ერთეულები: ჩინური მაღაზია, კომპიუტერული მომსახურება, პატარა მაღაზია ყოველდღიური მოთხოვნილების საგნებით, სხვადასხვა პარტიების ოფისები... და რა თქმა უნდა, ლტოლვილები.
ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ საერთოც აქვთ. ეს საერთო თითქოს გაყინული დროა. ჩემთვის მთელი ფილმი გონებაში ამოტივტივებული ვაჟა–ფშაველას სტრიქონების რეფრენით მიდიოდა: „ დგანან და ელიან. უსაზღვროა მთების მოლოდინი. .... სდგანან და ელიან. გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რას? რაღაცას.“
რეჟისორი ახერხებს ძალზე რეალური კონკრეტული შენობა მეტაფორად აქციოს და პროვინციული ყოფის ერთი მხარე ამოანათოს. ეს კი საავტორო დოკუმენტური კინოს მთავარი დამახასიათებელი ნიშანი და უპირატესობაა. მაგრამ ერთი კი მაინც უნდა შევნიშო: მაკრატლით პატარა გადავლა სულაც არ აწყენდა ფილმს, განსაკუთრებით სტატიკურ კადრებში. ზომიერად გამოყენების შემთხვევაში ის რეჟისორისთვის სასურველ მონოტონურ რიტმს არ დაარღვევდა, მაყურებელს კი იმ მცირე დისკომფორტს მოუხსნიდა, რაც უკვე აღქმული კადრის ისევ ხედვის არეში დარჩენა იწვევს.
ორი წლის წინ ამავე ფესტივალზე ნაჩვენები „აბსურდისტანის“ შემდეგ ფაიტ ჰალმერის „ბაიკონურზე“ შესვლას ამერიკელი პროდიუსერის ჯიმ სტარკთან შეხვედრა ვარჩიე.
სტარკი ენერგიული და ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა აუდიტორიამ მისი „გაოცება“ მაინც მოახერხა: დარბაზი (117 კაციანი, მაგრამ მაინც) სავსე იყო და კითხვაზე, თუ რამდენმა ნახა მასტერკლასის წინ დემონსტრირებული ფილმი, ჰაერში მხოლოდ 8–9 ხელი გამოჩნდა, მომდევნო კითხვაზე კი – რამდენი იყო დარბაზში პროდიუსერი, სულაც ორი. სტუმრის გაოცება, რა თქმა უნდა, არტისტულად უტრირებული იყო, მაგრამ საფუძველსმოკლებული – ნამდვილად არა.
არ ვიცი, კმაყოფილი დარჩნენ თუ არა დამსწრე პროდიუსერები: როგორც თავად სტარკმაც აღნიშნა, ის არ იყო დარწმუნებული, რამდენად გამოადგებოდათ ქართველ პროდიუსერებს მისი გამოცდილება, იმდენად განსხვავებულია პირობები. თუმცა რაღაც მომენტების ამოკრეფა მაინც შეიძლებოდა. ჩემთვის კი მისი საუბარი კიდევ ერთი დადასტურება იყო, რომ ფილმის შექმნაში შეტანილი წვლილი განისაზღვრება არა იმით, რა თანამდებობა წერია ამა თუ იმ გვარის გასწვრივ ტიტრებში, არამედ – ვისი გვარი წერია ამა თუ იმ თანამდებობის გასწვრივ.
განსხვავებით ჯიმ სტარკისგან, ლეო კარაქსი გაცილებით სიტყვაძუნწი აღმოჩნდა. არა, სიტყვაძუნწი ნაკლებად. ის საკმაოდ ვრცელ პასუხებს იძლეოდა, მაგრამ კონკრეტიკას ჯიუტად უვლიდა გვერდს. გადავსებული დარბაზი აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ინტერესი კი მართლაც დიდი იყო და არა მარტო პიროვნებისადმი, არამედ მისი 1986 წელს გადაღებული ფილმისადმიც. იმდენად დიდი, რომ „ცუდი სისხლის“ წინ ბატონმა გაგა ჩხეიძემ ბოდიშნარევი სინანულიც კი გამოთქვა, რომ ფესტივალმა ვერ გაითვალისწინა ეს ინტერესი და დიდ დარბაზში არ დანიშნა ჩვენება. თუმცა ჩემი აზრით, ფესტივალს უხდება გავსებული და მეტიც, გადავსებული დარბაზები; და ნახევრად სავსე 450 კაციან დარბაზს ისევ გადატენილი 117 კაციანი დარბაზი სჯობია (ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით).
ფილმი კი მართლაც შთამბეჭდავია თავისი არასტანდარტული რეჟისურით და ძალიან საინტერესო გმირით. თუმცა ჟულიეტ ბინოშის თაყვანისმცემლებთან ბოდიშის მოხდით, შეუძლებელია არ შეამჩნიო, ბევრ ეპიზოდში რა მექნიკურად, გაიხედე–გამოიხედეს დონეზე, თამაშობს მსახიობი.
ვფიქრობ, დიდად იმედგაცრუებულნი არც ისინი უნდა დარჩენილიყვნენ, ვინც ლეო კარაქსთან გასაუბრებას ამერიკული დამოუკიდებელი კინოს პროგრამით წარმოდგენილი ფილმი „მომავალი“ არჩია (სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი მირანდა ჯულაი, 2011). ურთიერთობის კრიზისი, ყოველდღიურობის ერთფეროვნება კინოხელოვნებისთვის უცხო თემა არ არის. ფილმის მთავარი გმირებიც, სოფი და ჯეისონი, ეძებენ გამოსავალს და კატების თავშესაფრიდან დასახიჩრებული ქუჩის კატის აყვანას გადაწყვეტენ. მაგრამ სხვაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის აღება თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს და ფილმის გმირებიც დარჩენილი ერთი თვის საკუთარ გემოზე გამოყენებას გადაწყვეტენ, სამსახურისა და ინტერნეტის გარეშე. თუმცა აღმოჩნდება, რომ მათ არც იციან, რა უყონ ამ თავისუფლებას და რაში სჭირდებათ ის. საბოლოდ ყველაფერი ბანალურ ადიულტერამდე მიდის, თუმცა მთლიანად ფილმი არამეინსტრიმულად თავისებური და, შეიძლება ითქვას, უცნაურიცაა.
პირველი დღე დასრულდა. გაგრძელება იქნება.
No comments:
Post a Comment