Wednesday, December 7, 2011

თბილისის კინოფესტივალის დღიური. დღე პირველი


მათ, ვისაც ყველაფრის ნახვა სურთ და მუდმივი არჩევანის პრობლემა აწუხებთ, წლევანდელ ფესტივალზე ნერვიულობის ნაკლები საბაბი ექნებათ: არჩევანის გაკეთება მხოლოდ ორ შესაძლო ვარიანტს შორის მოუწევთ.

7 დეკემბერს 12 საათიან ჩვენებაზე ერთმანეთს უპირისპირდება უკვე კარგად ცნობილი ირანელი რეჟისორის ახალი ფილმი „ნადერი და სიმინი, გაყრა“ (2011) და მინდია ესაძის დოკუმენტური (ან მხატვრულ–დოკუმენტური), ძალზე თბილი იუმორით გადაღებული კინოსურათი „თეთრი არა, შავი“ (მამუკა ესაძით მთავარ როლში).

15 საათზე მაყურებელს არჩევანის გაკეთება ორ პროგრამას შორის მოუწევს: დიდ დარბაზში წარმოდგენილი იქნება “ევროპის სახლის” პროექტ ჩემი ცხოვრების ერთი დღე ესმა ხურხუმალი, კონსტანტინე ჩლაიძის, ასკოლდ კუროვი, ვიქტორ ცატრიანი ფილმებით, რომელსაც სალომე ჯაშის უკვე ნაქები დოკუმენტური ფილმი „ბახმარო“ მოსდევს; მცირე დარბაზში კი ისლანდიელი რეჟისორის 1995 წლის ფილმს „ცივ ცხელებას“ აჩვენებენ. ეს თბილი, მშვიდი იუმორით სავსე ფილმი განსაკუთრებით ალბათ ჯიმ ჯარმუშის თაყვანისმცემლებს მოეწონებათ, რადგან მისი „სურნელი“ აქ მძაფრად იგრძნობა და მშვენიერ მასალას იძლევა მსჯელობისთვის თემაზე: „პროდიუსერის შემოქმედებითი როლი დამოუკიდებელ კინოში“. სწორედ ასეთი შეხვედრა კი ფილმის პროდიუსერთან და სცენარის თანაავტორთან ჯიმ სტარკთან ჩვენების შემდეგ გაიმართება. მით უმეტეს, რომ ჯიმ სტარკი ჯარმუშის, შეიძლება ითქვას, მუდმივი პროდიუსერია.

ასევე, ვინც ლეო კარაქსთან 21 საათზე დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას აპირებს, ალბათ ჯობია მისი „ცუდი სისხლი“ (1986) ნახოს, რომელიც წინ უსწრებს შეხვედრას. თუმცა ამავე დროს დიდ დარბაზში ნაჩვენები შვედური კომედიაც „ხმაურის ხმა“ (2010), ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი „სერიოზული“ იუმორით, არ გაგიცრუებთ იმედებს, განსაკუთრებით ორიგინალური მუსიკალური ნომრებით.

No comments: