Thursday, January 27, 2022

Juste la fin du monde, 2016, რეჟ. ქსავიე დოლანი

                                                                                 

 

Paroles, paroles, paroles ...ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია 

     გამოვტყდები და ქსავიერ დოლანის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ ფილმის ნახვა აქამდე დოლანის მოყვარული კრიტიკის არაერთგვაროვანმა და მეტიც, უარყოფითმა რეაქციით აღძრულმა ცნობისმოყვარეობამ მაიძულა.  

    34 წლის ლუი (გასპარ ულიელი), ცნობილი დრამატურგი, 12 წლის შემდეგ ბრუნდება პროვინციაში, თავის  ოჯახში  ერთადერთი მიზნით -  თავისი  გარდაუვალი და ახლო სიკვდილის შესახებ ამცნოს ოჯახის წევრებს. ასე იწყება თითქმის ყველა რეცენზია თუ გამოხმაურება. ბუნებრივია ასეთი აღწერის შემდეგ ელოდები ოჯახური დრამების კარგად ცნობილ სქემას კომუნიკაციის პრობლემებით და კარადიდან ჩონჩხების გადმოლაგებით .  

     თითქოს ასეც არის.    დრამა ნაცნობი სქემით იწყებს განვითარებას: გმირს ხვდება ზედმეტად ექსპრესიული და თავისთავზე კონცენტრირებული დედა (ნატალი ბეი), საკუთარი ცხოვრებით უმაყოფილო და აგრესიული ძმა, ანტუანი (ვინსენ კასელი), უმცროსი და, სუზანი (ლეა სედუ), რომელმაც არაფერი იცის წარსული ამბებიდან და აღფრთოვანებული თვალებით შეჰყურებს სხვა ცხოვრებიდან მოსულ ძმას, აქამდე უცნობი რძალი - უთქმელი და მოკრძალებული კატრინი (მარიონ კოტიარი) - ადამიანები, რომლებიც  „ვალდებული“ არიან უყვარდეთ ერთმანეთი და ალბათ უყვართ კიდეც, მაგრამ დაკარგული აქვთ ერთმანეთთან მისასვლელი გზა.  

    სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, ფილმში სიტყვების სიჭარბეა (არც არის გასაკვირი, ის ხომ პიესის ეკრანიზაციაა) , მაგრამ სიტყვები არა როგორც კომუნიკაციის საშუალება, არამედ უფრო, როგორც ბარიერი ან თეჯირი, რომლის მიღმაც საგულდაგულოდ დაიმალები. ჩონჩხების გადმოლაგებაც კი ვერ ხერხდება. ნამდვილი სიტყვების შიში. უძლურების შენიღბვა კი აგრესიით ხდება (როგორც ანტუანთან), ან მოჩვენებითი სიხალისით (დედამისი), შეუცნობლად თუ გააზრებულად?  ვერც კი გრძნობენ ლუის მდგომარეობას? არადა, ეს ხომ ზედაპირზე დევს, მაგრამ ისინი მხოლოდ საკუთარი კომპლექსების ანარეკლს ხედავენ ლუის ყოველ სიტყვაში და ყოველ ჟესტში. თუ არ უნდათ დაინახონ? და ისიც კარგავს სიტყვებს (თუმცა მწერალია), ვერ პოულობს ძალას, გადალახოს ეს წინააღმდეგობა.

მხოლოდ კეტრინს ესმის? მაგრამ სიტყვები მასაც არ აქვს. მხოლოდ მზერა... შეკითხვა : რამდენი ხნის შემდეგ? - მისი ორაზროვნება. თითქოს უფსკრულის ნაპრალთან მივყავართ, მაგრამ არა, ისევ უკანდახევა.   და ფინალისკენ - ტუჩებთან თითი: არ არის საჭირო? სიტყვები ზედმეტია?

და იქნებ სხვებმაც გაიგეს? პირველ რიგში, სწორედ ანტუანმა. თუმცა არა სიუზანმა - ის ხომ საერთოდ არაა საქმის კურსში - მისი წასვლის, მისი ცხოვრების შესახებ.

ბევრი კითხვის ნიშნებია, არა? და ეს ძალიან კარგია. ისტორიას მოცულობას აძლევს, „სფუმატოში“ ხვევს და ორაზროვნებას ანიჭებს. მაგრამ თან ბუნებრივად ჩნდება მთავარი კითხვა - იქნებ მე სულ სხვა ფილმი ვნახე?    ძალიან სევდიანი, მელანქოლიური და ტრაგიზმის ნოტებით გამსჭვალული დრამა, რომელიც სულაც არ არის არც მოსაწყენი და არც გაწელილი.   

   „ყოველი ადამიანი სამყაროა, რომელიც მასთან ერთად იბადება და რომელიც მასთან ერთადაც კვდება“ . ჰაინრიხ ჰაინე.     

 

პ.ს.   დიდი ხნის წინ გაკეთებული ეს  ჩანაწერი გასპარ ულიელის   დაღუპვამ მომაძებნინა და, ბუნებრივია, ის სწორედ მას ეძღვნება.

Sunday, July 4, 2021

ნახე პირველად ბაკურანში -2021

 



პანდემიის გამო გადავადებული  რიგით მეოთხე კინოფორუმი ბაკურიანში მაინც შედგა. არა მარტო შედგა, არამედ  წარმატებულიც გამოდგა; წარმატებული, უპირველეს ყოვლისა, ხარისხობრივად - ფორუმზე არ ყოფილა უპირობოდ ცუდი ფილმი.

ჩემთვის, როგორც ქართული დოკუმენტური კინოს გულშემატკივრისთვის,  განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ის კვლავ ინარჩუნებს მაღალ თამასას. ფორუმზე ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა ხელწერით შესრულებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, რომელთა ავტორებს შორის იყვნენ სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა    პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანები და თითოეულის მიერ წარმოდგენილი რეალობა, შეიძლება ზოგჯერ ხარვეზიანი, ზოგჯერ - პროფესიული შეცდომებით, მაგრამ ყოველ ჯერზე „არაგულგრილი“ და საინტერესო იყო.

 არანაკლებ საინტერესო იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა - სულ ხუთი ფილმი. სასიამოვნოა, რომ ეს არ იყო ფილმები უბრალოდ მოკლე, ლოკალური, თუნდაც ეფექტური  ამბებით.   კინოსურათების უმეტესობა გამოირჩეოდა კონკრეტული ამბის გარეთ, რეალობაში განფენის  ველით. 

რაც ეხება მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმებს, ის სულ ოთხი იყო, თუმცა შეიძლება ყოფილიყო მეტიც: ზოგი  უკვე ფესტივალებზეა, ზოგს - რამდენიმე დღე დააკლდა დასრულებამდე, ზოგიც...

პროგრამის უპირობო ფავორიტად ფორუმმა სანდრო კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ აღიარა, თუმცა მე, პირადად, მისი თაყვანისმცემლების რიგებში ვერ ჩავეწერე.

 ქართული კინოს ფორუმის მონაწილე ფილმები:

1.      “ანტონი” (რეჟისორი ზაზა ურუშაძე)

2.      “დასაწყისი” (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)

3.      “გვიანი შემოდგომა” (რეჟისორი გია ბარაბაძე)

4.      “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე)

 

5.      “ნათლობა იორდანეში” (რეჟისორი მიხო კვირიკაძე)

6.      “პაპანაქება” (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი)

7.      “გუშაგები” (რეჟისორი სანდრო სულაძე)

8.      “სასტუმრო მირაჟი” ( რეჟისორი გურამ ბაქრაძე)

9.      “ბოდიში დაგვიანებისთვის” (რეჟისორი ლუკა ბერაძე)

 

10.  “მოთვინიერება” (რეჟისორი სალომე ჯაში)

11.  “წყალს არ აქვს საზღვრები” (რეჟისორი მარადია ცაავა)

12.  „როგორი იყო ოთახი“ (რეჟისორი ქეთი კაპანაძე)

13.  “მზიური” (რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი)

14.  “ხელოსანი თუ ხელოვანი” (რეჟისორი გიორგი ცხვედიანი)

15.  “მშთ -15, ბედნიერების ანგელოზი” (რეჟისორი ვახო კუნცევ – გაბაშვილი)

16.  “რესპუბლიკა” (რეჟისორები ხვიჩა ემირიძე, თინათინ ემირიძე)

17.  “მკვდარი სულების არდადეგები” (რეჟისორი კეკო ჭელიძე)

მე კი შეგნებულად  ავუარე გვერდი მათ ჩამოთვლას და ორიოდ სიტყვით „შეხებას“ - თითოეული მათგანი  პერსონალურ რეცენზიას იმსახურებს.

P.S. ფოტოზე   (ჩემს მიერ) ფორუმის თილისმად აღიარებული კეთილშობილი „სამურაია“, როგორც ყოველთვის, თაყვანისმცემლების გარემოცვაში.

 




Tuesday, October 29, 2019

მანანა ლეკბორაშვილი. ყველას თავისი „შინდისი“ აქვს




 არ ვიტყვი არაფერს ახალს, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ხელოვნება ყოველთვის აგებს რეალობასთან „შეჯიბრში“, თუნდაც ის თავად რეალობის მასალით ძერწავდეს თავის სახეებს. აგებს არა ზემოქმედების ძალაში, ემოციების სიმძაფრეში, არამედ ყოვლისმომცველობაში, მრავალგანზომილებიანობაში. ფიზიკურ რეალობასთან ისეთ მჭიდრო კავშირში მყოფ ხელოვნებასაც კი, როგორიც კინემატოგრაფია, უცილობლად უწევს საკუთარი ხედვის წერტილის, მოდელის, მეთოდის შერჩევა,  საკუთარი კონცეფციის აგება, „თამაშის წესების“ გამომუშავება და ამ წესების მაყურებლისთვის შეთავაზება - ერთი სიტყვით, „რეალობის დავიწროება“ (კარგ შემთხვევებში, სიღრმეში ჩასვლის პარალელურად).
სხვა საქმეა, რამდენად უპასუხობს ეს კონცეფცია  მაყურებლის მოლოდინებს, რამდენად გაიზიარებს აუდიტორია ამ ხედვას და დაეთანხმება  შეთავაზებულ თამაშის წესებს. სწორედ ეს მხარე განაპირობებს ფილმის სამაყურებლო წარმატებას, მაგრამ არა ხარისხს. ხარისხი თავად კონცეფციის გამართულობაში, მისი შესრულების ოსტატობაში, საინტერესო მიგნებებშია საძებარი.
 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ძალზე მტკივნეული ეპიზოდის - შინდისის გმირობის საფუძველზე გადაღებული მხატვრული სურათის  ავტორებს აშკარად გულდასმით აქვთ ნამუშევარი ფილმის კონცეფციაზე და ხედვის კუთხეც  მკაფიოდ აღსაქმელია. ცუდი ის არის, რომ ეს მხოლოდ ფილმის ნახვის შემდეგ ხდება ნათელი:  წარმოების საკმაოდ ხანგრძლივი და მოლოდინით აღსავსე პერიოდის განმავლობაში მედიასაშუალებების მიერ მისი რეპრეზენტირება ხდებოდა, როგორც ფილმისა „შინდისის გმირებზე“; ეს კი მძაფრსიუჟეტიანი საომარი ფილმის სრულიად ჩამოყალიბებულ განწყობას  და საფუძვლიან მოლოდინს ქმნიდა,  მისთვის დამახასიათებელი ვრცელი ბატალური   სცენებით და ჰეროიკის წინ წამოწევით.
 „შინდისი“  უკვე გადის თბილისის კინოეკრანებზე, მაგრამ ვისაც  ჯერ არ უნახავს, განწყობის სწორი „მომართვისთვის“ სასარგებლოა იცოდეს, რომ    ფილმი  სრულიად სხვა პრინციპებზე  არის აგებული. გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლები არ არიან ფილმის   მთავარი მოქმედი გმირები, მათთან ერთად ამ პატივს სოფელ შინდისის მცხოვრებლები ინაწილებენ, და უფრო მეტიც, გარკვეულწილად ჯაბნიან კიდეც მათ. მიუხედავად  ალყაში მოქცეული მებრძოლების თავგანწირული ბრძოლის ოცწუთიანი ეპიზოდის სომძაფრისა და სიმძიმისა, ეს სულაც არ არის სიუჟეტის ცენტრალური მოქმედება. უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბრძოლა გადარჩენილი სიცოცხლის დასაცავად, ჩუმი გმირობა.
ფილმის ავტორებმა უარი უთხრეს ჰეროიკულ საგას, „ურაპატრიოტიზმში“ ადვილად გადადინებად გმირობით აღტაცებას. ისინი უფრო თავშეკავებული დრამატული განცდისკენ იღებენ გეზს. მახვილი   მოვლენის ტრაგიზმზე, მსხვერპლის განწირულობაზე კეთდება. მაყურებლის ცნობიერებაში, ყოველგვარი სიმბოლური მინიშნებების და პედალირების გარეშე ჩნდება დავითისა და გოლიათის სახე. ავტორებისთვის   ძვირფასია ამგვარი არასავალდებულო, „სხვაგვარად არ ძალმიძს“ თავგანწირვა, როგორც მებრძოლების, ისე მშვიდობიანი მცხოვრებლების მხრიდან.     
ამართლებს მსგავსი მიდგომა მოწინააღმდეგის მიმართაც. მიუხედავად იმისა, რომ   ფაქტები გაცილებით მწვავე და ეფექტური სურათის დახატვის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორებს ეყოთ გემოვნება თავი აერიდებინათ გროტესკისთვის, რომელიც ალბათ მაყურებელთა ნაწილს „გულს კი მოფხანდა“, მაგრამ ზოგადად ვერ გაექცეოდა ზედაპირულ შარჟად და წვრილმან შურისძიებად აღქმას.
თუმცა  თავად 2008 წლის ჭრილობა ქართველი აუდიტორიისათვის იმდენად მტკივნეული და თერთმეტი წლის შემდეგ  კვლავაც შეუხორცებელია, ხოლო ფილმის მოლოდინი იმდენად მძაფრი, რომ ადვილი გასათვალისწინებელი იყო იმედგაცრუებაც და უკმარისობის გრძნობაც  მაყურებლის მხრიდან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ქართული კინოს  ფორუმზე „ნახე პირველად ბაკურიანში“. ზოგისთვის ფილმი ნაკლებემოციური აღმოჩნდა, ზოგისთვის -   პირიქით,  პათეტიკურიც კი;  ზოგს რეალობა დააკლდა, ზოგმა კი ასახული რეალობა პლაკატურად აღიქვა; ზოგისთვის ზედმეტად პოლიტკორექტული იყო, ზოგისთვის - პირიქით და ა.შ., ვის რა დააკლდა და ვის - რა. არ არის გასაკვირი. ასე ხდება ხოლმე, როცა ფილმში მოთხრობილი ამბავის მიმართ მაყურებელს წინასწარ აქვს გამომუშავებული საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი სიმართლე. ამის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა ეკრანიზაციებია, რომელიც, რაც უფრო პოპულარული ნაწარმოების მიხედვით არის, მით უფრო ბევრ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
როგორც მაყურებელს, მეც გამიჩნდა ჩემი „დამაკლდა“. მთავარი, რაც დამაკლდა,  მებრძოლების ინდივიდუალიზაცის მცირე ხარისხია. მიუხედავად საწყისი, ხელის კამერით გადაღებული მონაკვეთისა, სადაც მებრძოლებს ვეცნობით, მიუხედავად ბრძოლის ეპიზოდის ცალკეულ სცენებად დანაწილებისა საკუთარი მოქმედი პერსონაჟებით, ეს არ გამოდგა საკმარისი ოცდაორი სახის, ოცდაორი ხასიათის გამოკვეთისთვის. ჭირს მათი ცალკეულ პიროვნებად აღქმა და დამახსოვრება; ისინი კოლექტიურ გმირად რჩებიან,  თვითიდენტიფიცირების ობიექტს მაყურებელი მათში ვერ პოულობს;   თანაგანცდის გრძნობას კი  სწორედ თვითიდინტიფიკაცია ხდის მძაფრს.  ამის გაკეთება   შემდგომ ეპიზოდებში უფრო ადვილი მოჩანს, როცა დაჭრილი ჯარისკაცები სოფელში არიან; ამისთვის სულაც არ იყო აუცილებელი დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზების გაშლა, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე შტრიხიც სხვადასხვა სცენაში, მაგრამ ეს შესაძლებლობაც არ იქნა გამოყენებული. შეიძლება, ესეც ავტორების საერთო კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ, ვფიქრობ, ამ კუთხით ემოციური მუხტის აწევა მხოლოდ წაადგებოდა ფილმს.
დამაკლდა სასპენსი. მასზე პრეტენზია არ მექნებოდა, თავად ფილმი რომ არ მპირდებოდეს ამას. ფორმალურად სასპენსის პრინციპები შესამჩნევია, მაგრამ მოლოდინი არ მართლდება, დაპირებული ემოცია არ ჩნდება. განსაკუთრებით ეს მთლიანობაში ძალზე ღირსეულად გადაღებულ  ბრძოლის ეპიზოდს შეეხება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვულგარული პათეტიკის შიშით ზოგჯერ ემოციური მუხტის მინიმუმამდე დაყვანა მიზანმიმართულად ხდება, და არა მხოლოდ შეტაკების ეპიზოდში.
კიდევ შეიძლებოდა რამდენიმე „დამაკლდა“, თუმცა თავადვე ვაცნობიერებ, რომ მათგან უმეტესობა ისევ ჩემს მოლოდინებთან და წინასწარგანწყობებთან არის დაკავშირებული. რას ვიზამთ, თემაა ასეთი.
P.S. მაგრამ არყის ბოთლზე საცობი მაინც ნამდვილად „დამაკლდა“: არაყი თავღია არ (ვერ) ინახება.   

            27.10.2019


Tuesday, June 6, 2017

გზები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ




ქართული დოკუმენტალისტიკის ინტერესის საგანი ყოველთვის იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ თვისტომთა ყოფა. თუმცა თავის დროზე ამ ინტერესს ყოველთვის წინ ეღობებოდა  საბჭოეთის  ირგვლივ აღმართული  ფიზიკური თუ იდეოლოგიური კედლები. დღეს როცა წინაღობები აღარ არის, ქართველ ემიგრანტებზე გადაღებული ფილმების რიცხვი დღითიდღე მატულობს. გავიხსენოთ თუნდაც ზურაბ  ინაშვილის „გურჯი ვარ, საქართველოდან“,  ლევან კოღუაშვილის „ქალები საქართველოდან“, ლევან ღლონტის „ხახვის ცრემლები“, დავით კანდელაკის „ამერიკა ერთ ოთახში“ და კიდევ სხვა მრავალი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა ხარისხის ფილმი.
ეს არც არის გასაკვირი - რა პრობლემას, რა კონფლიქტს, რა თემასაც არ უნდა იკვლევდეს დოკუმენტური კინო, მასში ყველაზე საინტერესო მაინც ადამიანია (ადამიანებია) თავისი ცოცხალი რეაქციებით, სხეულის ენით, კამერისთვის მინდობილი ფიქრებით. კიდევ უფრო საინტერესოა   მისთვის ჩვეულ გარემოს მოწყვეტილი,  უცხო კულტურის გარემოცვაში,  ექსტრემალურ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანი, ემიგრაცია კი ქართველისთვის, ჯერჯერობით მაინც, სწორედ ასეთ ექსტრემალურ მდგომარეობად აღიქმება.
ინტერესის  მეორე მიზეზი ალბათ ემიგრაციის ტალღის სიმძლავრეც არის. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ასაკის, განათლების, სოციალური სტატუსის ადამიანები მასობრივად ტოვებენ სამკვიდროს ახალი ცხოვრების საძიებლად. მიზეზი? შედეგი? - სწორედ ეს არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძიების საგანი როგორც  ფილმის ავტორებისთვის, ისე მაყურებლისთვისაც.
სწორედ ამ მხრივ აღმოჩნდა საინტერესო  თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე  „სინედოკზე“  ნათია არაბული-ვეგენის მიერ (ის თავად არის ფილმის სცენარისტიც, რეჟისორიცა და ოპერატორიც) წარმოდგენილი ფილმი „ვენის ვნების კვირა“.
ავსტრიის დედაქალაქი ვენა, ქართული სათვისტომოს და მისი ცალკეული წევრების ცხოვრების ეპიზოდები, საკუთარი ცხოვრების, საკუთარი პიროვნების კამერის წინ გააზრების მცდელობები. ფილმის ქსოვილი არ არის მკაფიო ვექტორის მიხედვით აწყობილი - მხოლოდ ეპიზოდების შეპირისპირებით, ზოგჯერ კამერის „დაჟინებული მზერით“ შეიძლება ვივარაუდოთ ავტორის ფიქრების მიმართულებაზე.   მაგრამ ამის  გამო პერსონაჟები გარკვეულწილად უფრო დამოუკიდებელი, თავისთავადი ჩანან და  ეს მაყურებელს რეალობის დოკუმენტურ საფუძველთან  თითქოს  უშუალო წვდომის საშუალებას აძლევს. და როცა რამდენიმე ეპიზოდში კამერა თითქოს გვკარნახობს რა დავინახოთ, რას მივაქციოთ ყურადღება, ეს უკვე „შეთანხმების“ დარღვევადაც კი აღიქმება.
ფილმს არ ყავს ერთი, ან თუნდაც რამდენიმე გმირი: ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი ემიგრანტების შვილები ქართულ ენას სწავლობენ;  აქვე არსებული ქორეოგრაფიული სტუდია, მისი მოსწავლეები; ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა ილია ჩადუნელი;  აწ გარდაცვლილი ავსტრიაში ცნობილი მხატვარი თამუნა სირბილაძე და მისი და, ქეთი, ექიმი; აკაკი-დავით მუსხელიშვილი, რუსულენოვანი პატიმრების ორგანიზაციის ხელმძღვანელი; იკო მინდაძე, მოქანდაკე და რესტავრატორი; ვენაში კაფეს მფლობელი ნანა ანსარი და მისი მეუღლე ნასერი. ისინი სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ამპლუაში არიან წარმოდგენილნი - ზოგი ვრცლად გვესაუბრება თავის ემიგრანტულ გამოცდილებაზე, ზოგიც ორიოდ სიტყვით  - თავის პროფესიაზე, ზოგს  სულაც მხოლოდ საქმიანობის პროცესში ვეცნობით; ერთმანეთს ეჯაჭვება მათი ნაფიქრალი რელიგიაზე და ავსტრიის ყოველდღიურობაზე,  ვენის მაცხოვრებლების ხასიათზე და   საკუთარ ადგილზე მათთვის უცხო კულტურაში,  თვითრეალიზაციაზე და უცხოობის ფენომენზე; თავის მხრივ კამერა იჭერს (ხან უნებურად, ხანაც მიზანდასახულად) მათი დღევანდელი ყოფის დეტალებს, ელემენტებს, გარემოცვას:   ქართველი ემიგრანტის დაკრძალვა  ვენის სასაფლაოზე  და ავსტრიული კაფეს ყოველდღიურობა, ქართული ეკლესიის მომზადება წირვისთვის და ღამის კლუბი, ერთ-ერთი პერსონაჟის სახელოსნო, სადაც ჯვარზე მიკი მაუსებსა და ბაჭიებს აკრავენ და   პატიმართა სია, რომელშიც ყოველი მეორე თუ არა, მესამე სახელი მაინც ქართულია. და ეს ყოველივე არა დაპირისპირებაში, არამედ უბრალოდ ერთმანეთის გვერდით.

ამგვარი წყობის გამო ფილმი გარკვეულწილად არათანაბარია;  ზოგ  ეპიზოდში გაურკვეველი რჩება - ვინ? სად? რა? რატომ?, და მხოლოდ ფინალური ტიტრები ალაგებს მეტ-ნაკლებად ჩვენს შთაბეჭდილებებს. მაგრამ ამავე წყობის გამო  სხვადასხვა და განსხვავებული პერსონაჟების მეშვეობით ერთგვარი მოზაიკა იქმნება, რომლის დალაგება, ერთმანეთისადმი მისადაგება და გააზრება მაყურებლის ნებაზე რჩება. შეიძლება ის უბრალო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საგნად დარჩეს, შეიძლება კი ფიქრისკენაც გვიბიძგოს - გზებზე, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ.   

Wednesday, April 19, 2017

ხელოვნების ნაწარმოებს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს კლიმაქსი!!

      
ქართულ ენაზე ძალადობას დიდი ხანია მივეჩვიეთ.  „შეცდომა ვის არ მოსვლია“ - მითქვამს და გამიტარებია, ან - ჩემთვის ჩამიცინია, ან - ჩემთვის გავბრაზებულვარ, ან - ახლობლებში მიჯიჯღინია, ან სულაც - კურიოზების სკივრში მომითავსებია და კიდევ ერთი ანეკდოტი მიმიმატებია გრძელ სიას.  “რომელი ლევან ღვინჯილია მე ვარ” - მითქვამს  და გამივლია.
        მაგრამ როცა ერთი და იგივე „შეცდომა“  სულ მოკლე დროში ზედიზედ რამდენიმე ავტორთან აღმოვაჩინე, როგორც სრულიად რიგითი ტერმინი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე უკვე შეცდომასთან კი არა, ტენდენციასთან გვაქვს და სწორედ მაშინ აღმომხდა სათაურში გამოტანილი წამოძახილი.
       დიახ , დიახ , ფილმებს არა აქვთ კლიმაქსი (რეჟისორს -  შეიძლება) და ფრაზები: „სათაურიდანვეა ცნობილი ფილმის კლიმაქსი“, „კლიმაქსის მოლოდინში“, „კლიმაქსის სცენაში“ - რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულად ჟღერს.
       თუ უხერხულობა ვერც თავად  იგრძენით და არც  ჩემი გჯერათ,  სამედიცინო ენციკლოპედიას მივმართოთ: „კლიმაქსი ანუ მენოპაუზა (ბერძნ. Climacter – საფეხური, ეტაპი) – ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როცა იცვლება ჰორმონალური ფონი, ქვეითდება საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქციები. ძირითადი კლინიკური სიმპტომი მენსტრუაციის შეწყვეტა.“
       ის, რისი თქმაც თქვენ გინდოდათ, კულმინაციაა - „ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (culmen ლათინურად ნიშნავს მწვერვალს, გუმბათს) -    ლიტერატურული ლექსიკონი. 
      სიტყვა არსებობს, ქართულ ტრადიციაში  დამკვიდრებულია, სხვათა შორის ისიც უცხოურია, რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება და თავის უხერხულობაში ჩაგდება?
       ყველა პროფესიონალმა მთარგმნელმა კარგად იცის   ე.წ.  „მთარგმნელის ხაფანგების ან    „მთარგმნელის ცრუ მეგობრების“ შესახებ. ეს ის სიტყვებია, რომლებიც სხვა ენაზე ისევე გამოითქმის, როგორც მშობლიურზე. აი, აზრი კი, ძალიან ხშირად შეიძლება სრულიად სხვაც იყოს. ასეთი სიტყვები ბევრია:  angina -არა ანგინა, არამედ სტენოკარდია,  film -  უფრო ხშირად ფირს აღნიშნავს და არა ფილმს, genial  კეთილია და არა გენიალური და ა.შ.
      პროფესიონალები უფრთხიან  ასეთ „ცრუ მეგობრებს“ და სიფხიზლეს არ ადუნებენ, არაპროფერსიონალები კი ძალიან ადვილად ებმებიან   ამგვარ მახეებში. 
      თუ მაინცდამაინც არ  გვცალია სიფხიზლისთვის და გადამოწმებისთვის,  მაშინ იქნებ როგორც იკითხება,  ისე მაინც დაწეროთ -   კლაიმექსი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ინგლისურიც ისევე ზერელედ იცით, როგორც ქართული.
      და კიდევ, არასდროს   აღარ დასცინოთ ადამიანებს, რომლებიც „ რენოს“„რენაულტს“ უძახიან, ჟან პიაჟეს „პიაგეტს“  და ა.შ. , და პირიქით, თავადაც მზად იყავით დაცინვისთვის, რადგან ამ ორ შემთხვევას შორის, მგონი,  არანაირი განსხვავება არც არის. 

      გილოცავთ 14 აპრილს - ქართული ენის დღეს!!