დღე საკონკურსო
ფილმით დავიწყე - პოლონელი რეჟისორის ფილიპ მარჩევსკის ფილმით „სირცხვილის
გარეშე“ (ორიგინალური დასახელების მიხედვით „Bez vstydu“ და შინაარსობრივადაც,
ვფიქრობ, ასე უფრო ზუსტია, ვიდრე „უსირცხვილოდ“).
18 წლის ტადძიკი
საზაფხულო არდადეგებზე თავისი უფროსი ნახევარდის, ანას სანახავად ჩადის. პირველივე სცენებიდან ნათელი ხდება, რომ ტაძიოს
სიყვარულის გრძნობა ანასადმი უფრო მეტია, ვიდრე
და–ძმური გრძნობა და მათ შორის ურთიერთობა
საზოგადოებაში მიღებულს სცილდება. ანა კი პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობს, თუმცა
ისევ არ უმართლებს. და–ძმის ურთიერთობის მაგისტრალურ
სიუჟეტთან ზერელედ დამუშავებულად და ამის გამო ზედმეტად გამოიყურება ტაძიკში შეყვარებული
ბოშა გოგონასა და ნეოფაშისტების თემები, მაგრამ ზოგადად ფილმს გარეგნულად თითქოს არაფერი დაეწუნება: კარგად არის დადგმული, გადაღებული, შესრულებული; უფრო მეტიც, სამსახიობო შესრულება ძალიან კარგია;
ეს განსაკუთრებით მთავარი როლების შემსრულებლებს აგნეშკა გროხოვსკასა
და მატეუშ კოშჩუკევიჩს ეხებათ (გაგახსნებთ,
რომ ეს უკანასკნელი თბილისის კინოფესტივალის ერთგული მაყურებლისთვის უკვე ცნობილია
ფილმიდან „კატების დედა ტერეზა“, რომელმაც 2010 წელს ფარაჯანოვის სახელობის პრიზი დაიმსახურა); და მაინც,
ჩემთვის ის ერთგვარად „ცარიელ“ ფილმად დარჩა. მიზეზებში ჩაღრმავება, რა თქმა
უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არა ბლოგის და არა მსუბუქი მიმოხილვის ფორმატში.
ამის
საპირისპიროდ, სასიამოვნო
მოულოდნელობა აღმოჩნდა
შვედი რეჟისორის
ნიკოლა ვადიმოვის
კინოსურათი „ოპერაცია „ლიბერტადი“ , მოქუმენტარის
სტილში გადაღებული
ირონიული დრამა. სიუჟეტის მიხედვით,
ფილმის მასალა 1978 წელს არის გადაღებული ახალგაზრდა
სტუდენტის მიერ, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება
ახალგაზრდული რევოლუციური დაჯგუფების „პირადი ოპერატორის“ როლში.
საკმაოდ „ჭრელი“
დაჯგუფების წევრებმა ზუსტად იციან, რომ არ მოსწონთ არსებული სახელმწიფო წყობა და მისი
იდეოლოგია, მთავრობა და მისი პოლიტიკა, მაგრამ არ იციან, როგორ გამოხატონ თავისი პროტესტი,
როგორ და რისთვის იბრძოლონ. ჯგუფის თეორეტიკოსის, გაის თავში „გენიალური“ იდეა მწიფდება
- ამ საზოგადოებაზე მხოლოდ შოუ მოქმედებს, მათ უნდა შექმნან სანახაობა, ამიტომ სკანდალური
მოტაცება, რომელმაც ბანკების დანაშაულებრივ ფულთან კავშირს უნდა ახადოს ფარდა, ნაბიჯ-ნაბიჯ
უნდა დაფიქსირდეს და მედიით გავრცელდეს. მაგრამ
ერთია - ჩანაფიქრი და მეორე - განხორციელება. რეალობა საკმაოდ „არასანახაობრივი“ აღმოჩნდება, მედია
- გაუგებრად გულგრილი, ხოლო შედეგი - სრული
ფიასკო ტრაგიკული ფინალით.
თუმცა ფილმს განსაკუთრებულად საინტერესოდ ხდის მისი
ფორმა: დოკუმენტურობის სრული ილუზია, დამაჯერებლობის და „აქ
და ახლას“ განცდის ძალიან მაღალი ხარისხი. როგორც ფილმის შემდეგ, რეჟისორის მასტერკლასზე
დავაზუსტეთ, დოკუმენტურობა სულაც არ ყოფილა ილუზია. მართალია, სიუჟეტი მოგონილია და
არაპროფესიონალ მსახიობებსაც ხანგრძლივი სარეპეტიციო პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ ოპერატორისთვის
ეს მართლაც დოკუმენტური გადაღება იყო. რეჟისორის მონაყოლის მიხედვით, გადაღებისას არ
არსებობდა არანაირი წინასწარი კადრირება, გადასაღები წერტილების განსაზღვრა და ა.შ.
ოპერატორი გადასაღებ მოედანზე შედიოდა მაშინ, როცა იწყებოდა მოქმედება და „რეალურ დროში“
აფიქსირებდა იქ მიმდინარე მოვლენებს. აქედან
საოცრად ცოცხალი და თავისუფალი ურთიერთობა
მსახიობებსა და კამერას შორის, რომელიც მაყურებელსაც
თანამონაწილეს ხდის. მართალია, ამ სიკეთის
საზღაურად ალაგ-ალაგ თავბრუსხვევის გრძნობასაც უნდა შეეგუოთ, განსაკუთრებით თუ სუსტი
ვესტიბულარული აპარატი გაქვთ, მაგრამ ლარს
ფონ ტრიერის კამერის ხშირად გამომწვევად ხაზგასმული ქროლვისგან განსახვავებით, ხედვის წერტილების მოულოდნელი ცვლილებები ყოველ შემთხვევაში მოტივირებული და ბუნებრივია.
ფილმთან ერთად
საინტერესო აღმოჩენა გამოდგა თავად რეჟისორიც. მასში კრეატიული დოკუმენტური კინოს კიდევ ერთი თაყვანისმცემელი
და მიმდევარი აღმოვაჩინე, რომელიც რიგრიგობით იღებს დოკუმენტურ და მხატვრულ კინოსურათებს.
ვეცდები მოვნახო მისი ფილმები, განსაკუთრებით კი დოკუმენტური, იმედია, ისინი არანაკლებ
საინტერესო და კრეატიული იქნება.
შემდეგი გაჩერება - ქართული კულტურფილმები: ალექსანდრე ჯალიაშვილის „დილის ათი წუთი“ ( 1931), ვახტანგ შველიძის „კოლმეურნის
ჰიგიენა“ (1934), სიკო დოლიძის „მიწის ძახილი“ (1928), კოტე მიქაბერიძის
„რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი)“
(1930). ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ 30-იანი წლების დასაწყისის საგანმანათლებლო, სააგიტაციო უხმო ფილმები სპეციალისტების
გარდა ვინმეს დააინტერესებდა, მაგრამ ან სპეციალისტების რიცხვი აღმოჩნდა დიდი, ან აღფრთოვანებული
ვდუმდები ქართველი კინომაყურებლის ხშირად პარადოქსული გემოვნების წინაშე: „რუსთაველის“
150 კაციანი დარბაზი არა მხოლოდ სავსე, არამედ გადავსებული იყო. თუმცა შესაძლებელია
საზოგადოება უხმო ფილმისა და ცოცხალი მუსიკის ტანდემის მომხიბვლელობამაც მიიზიდა. მაგრამ ეს არ იყო მუნჯი კინოსთვის ისტორიულად ტრადიციული
მუსიკა - ელექტრო-აკუსტიკური მუსიკალური თანხლებამ
რეზო კიკნაძისა და ანსამბლ „კონსილიას“ შესრულებით
საკმაოდ თამამი და საინტერესო ტანდემი შექმნა; თუმცა,
ჩემი აზრით, ჰარმონიული კავშირი მხოლოდ კოტე მიქაბერიძის ფილმზე შედგა, მეტ-ნაკლებად
- ჯალიაშვილისა და შველიძის ფილმებზე, „მიწის ძახილმა“ კი კინაღამ წელში გატეხა აუდიტორია
და ამაში „დამნაშავე“ არა იმდენად მუსიკა,
არამედ ვიზუალური მასალის სპეციფიკურობაც იყო. ჩვენება შეთხელებულ, მაგრამ მაინც სავსე დარბაზში
დამთავრდა. აქა-იქ დაჭერილი ფრაზებიდან გამომდინარე, მაყურებელი აშკარად კმაყოფილი
ჩანდა ახალგაზრდა საბჭოთა კინოში შიშველი სხეულისადმი მოულოდნელად თამამი დამოკიდებულებით
და კიდევ, სოფლის მეურნეობაში საფუძვლიანი „დატრენინგებით“.
No comments:
Post a Comment