რამდენიმე ხნის წინათ პირველ არხზე შემთხვევით გადავაწყდი 90-იანი წლების სატელევიზიო ფილმს „რა გაცინებს?!“ (1996) გადავაწყდი. ალბათ მედეა ჩახავას იუბილეს გამო გაახსენდა ეს უფრო საახალწლო დღეებისთვის შესაფერისი ფილმი.
ასე იყო თუ ისე, ტელევიზორთან შევრჩი და ამან ჩემთვის საინტერესო (თუმცა არა მოულოდნელ) აღმოჩენამდე მიმიყვანა.
აღმოჩენა კი იმაში მდგომარეობდა, რომ თურმე ფილმი სულაც არ მოძველებულა; სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. საბედნიეროდ - ფილმისთვის, სამწუხაროდ - ჩვენთვის, საზოგადოებისთვის. მართალია, შუქის წასვლა-მოსვლა დღეს აღარ არის აქტუალური, მაგრამ დანარჩენი... მეცნიერების დაკნინებით დაწყებული, ყველაფრის გაყიდვით გაგრძელებული და მხოლოდ გარედან მოსული სასწაულის იმედით დამთავრებული ძალზე თანამედროვედ ჟღერს.
და ისევ აქტუალურია - რა გვაცინებს?!
არ მოძველებულა სხვა ასპექტშიც.
და ისევ - ვაი, ჩვენ!
ცოტა კი მეუხერხულება ამაზე საუბარი, რადგან ფილმის დამდგმელი ოპერატორი ჩემი მეუღლეა, მაგრამ საყოველთაო თვითრეკლამის ეპოქაში, ვეცდები დავძლიო უხერხულობა და ვთქვა, რომ თვალში მეცა გამოსახულების მაღალი ხარისხი. ნება მომეცით გამოვიყენო ავტოციტატა, თვალში მეცა „კადრზე ნაფიქრი კადრი“. ეს ციტატა „მზის კინოკლუბის“ გადაცემიდანაა, როცა კახა მელითაურისა და თინა მენაბდის ფილმის „როგორც ლურჯა ცხენები“ ხელახლა ნახვისას ვიგრძენი ეს მონატრება და აღმოვაჩინე რა შორს წავსულვართ .... უკან.
„რა გაცინებს?!“ ერთ-ერთი პირველი მხატვრული ვიდეოფილმია (ჩვეულებრივ ბეტაკამზე გადაღებული) და როგორც კულისებთან ახლო მდგომ ადამიანს კარგად მახსოვს ტელევიზიის თანამშრომელთა გაოცებანარევი სიცილი, როცა გადამღებ ჯგუფს გასანათებელი აპარატურით სავსე სატვირთო მანქანა გაჰყავდა გადასაღებ ობიექტზე. შემდეგ ფილმის ჩვენებაზე კოლეგა ოპერატორების გაოცებული და იჭვნარევი სახეებიც მახსოვს, როცა ჩაძიებით და უკვე მერამდენედ კითხულობდნენ, მართლა ბეტაკამზე იყო ფილმი გადაღებული თუ არა.
და თუ ეს უშუქო და უსასო 90-იან წლებში, ჩვენში ვიდეოტექნიკის ათვისების საწყის პერიოდში იყო, რა გვჭირს ახლა, რომ დღევანდელი ბრტყელი, ცარიელი ან ბრჭყვიალა სილამაზით გადატვირთული კადრების შემხედვარე უკვე საქებარი გამხდარა, თუ აშკარა შეცდომებმა თვალი არ მოგჭრა, თუ კადრმა არ გაგაღიზიანა.
უკვე ამოვშალეთ კადრი კინემატოგრაფის გამომსახველობითი საშუალებებიდან? კადრით მეტყველება მოდაში აღარ არის? თუ შემფასებელ-დამფასებელს ვეღარ ვხედავთ და აღარ ვიწუხებთ თავს? თუ აღარც კი ვიცით, როგორ შევიწუხოთ თავი?...