ფესტივალის დღიურები.
დღე მეორე (გაგრძელება)

ფილმს მასტერკლასი
მოსდევს. დარბაზში ძირითადად ახალგაზრდა სახეებია და რეჟისორიც კონკრეტულ პროფესიულ
საკითხებს ეხება: ორი კამერის უპირატესობა, 1800–ის წესი, კადრი–რეაქცია
და მისი მნიშვნელობა, მსახიობებთან მუშაობის პირადი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული
პრინციპები... არსებითად, ამაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო
დამწყები კინემატოგრაფისტისთვისაც კი, მაგრამ მსოფლიოში აღიარებული რეჟისორისგან მოსმენილი
და პირადი გამოცდილებით გამდიდრებული, სულ სხვა ღირებულებას იძენს. სწორედ ამის გამო,
ცოტა არ იყოს შემაშფოთა ლექციის პირველმა ნაწილმა.
მახმალბაფმა გაიხსენა თავისი ახალგაზრდობის გამოცდილება, რომელმაც იგავივით
გაიჟღერა: ციხეში ჩვიდმეტი წლის მოხვდა და თავის ამხანაგებთან ერთად დაინტერესდა კინოთი.
დაახლოებით ათამდე იყვნენ. ორიოდ წელიწადში
ნაწილმა, მათ შორის მახმალბაფმაც, პრაქტიკაზე გადასვლა გადაწყვიტა; დანარჩენებმა
კი ჩათვალეს, რომ მათ ჯერ საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ ამისთვის და გააგრძელეს სწავლა;
მათ დიდი ცოდნა დააგროვეს, მაგრამ არასდროს არაფერი აღარ გადაუღიათ – ისინი კრიტიკოსები
გახდნენ. მორალი: თუ რაღაცის გაკეთება გინდა, უნდა გაბედო და დაიწყო; როცა ბევრი იცი,
პერფექციონისტი ხდები, ეს დეპრესიაში გაგდებს და ვეღარაფერს აკეთებ.
ზოგადად აზრი თითქოს სწორია, მაგრამ ქართველი სტუდენტებისთვის
რაღაც არ შემიმჩნევია ზედმეტი ცოდნა, პერფექციონიზმი და გაბედულების არქონა. უფრო –პირიქით.
ამიტომ კარგი იქნება, თუ ქართველი ახალგაზრდები
მაინცდამაინც არ ჩაეჭიდებიან ცნობილი რეჟისორის ამ მოწოდებას და დროშად არ ააფრიალებენ.
ახლა კი მხატვრული კინო.

ვფიქრობ, მაყურებელი გაწბილებული არ დარჩენილა. ფილმი
მართლაც კარგია, თუმცა არა უნაკლო. ფილმის
პლიუსად მიმაჩნია, რომ რეჟისორი არ აყვა ამ თემაზე გადაღებული ფილმებისთვის ბუნებრივ,
გლამურისკენ მისწრაფების ცდუნებას. სილამაზის კონკურსის ეკრანული სახე ისევე ქართულია, როგორც კულისებსმიღმა
ინტრიგები და ვნებათღელვანი, ხოლო არამომაბეზრებელი ირონია აქარწყლებს შესაძლო შენიშვნების
სურვილს.
თუმცა მაინც უნდა აღვნიშნო ჩემთვის ერთი ყველაზე დიდი ნაკლი და შეცდომა –კონკურსის
ორგანიზატორის როლზე გია როინიშვილის არჩევანი, რის გამოც ფილმის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი
არადამაჯერებელ და გაუგებარ ფიგურად იქცა. თუმცა ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მსახიობებზე
საყვედური ნამდვილად არ ითქმის, რაც კიდევ უფრო მიმტკიცებს აზრს, რომ ქართულ კინოში უფრო კარგი
რეჟისორების დეფიციტია, ვიდრე კარგი მსახიობების.
No comments:
Post a Comment