Tuesday, December 4, 2012

ფესტივალის დღიურები. დღე პირველი

 
   დღეს, სამ დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის რიგით მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ალბათ ზედმეტად ხმამაღალი სიტყვაა, რადგან თბილისის ფესტივალს არ უყვარს გადაჭარბებული   პომპეზურობა, ტრადიციულად ის საქმიან სტილს აძლევს უპირატესობას.
ასევე ტრადიციული იყო ხალხით გადაჭედილი ფოიე და ნება–ნება მსვლელობა დარბაზისკენ. მიუხედავად ორგანიზატორების წინდახედულებისა, რომელთაც გაითვალისწინეს რა ჩვენი საზოგადოების სიყვარული უშუალო ურთიერთობის მიმართ,  აშკარად ამ მიზნით გამოაცხადეს გახსნის დროდ 19.30, მყურებლის მოტყუება მაინც არ მოხერხდა. არც ეს ნახევარი საათი აღმოჩნდა საკმარისი და გახსნის ცერემონიაც ტრადიციულად რვასაათსგადაცილებულს დაიწყო.
ტრადიციული იყო დარბაზის შემადგენლობაც – მის საკმაოდ დიდ  ნაწილს (შეიძლება უდიდესსაც)  შეადგენდა ხალხი, რომელიც, რომ არა მოსაწვევი, არც იფიქრებდა ამ ფილმის ნახვას და რომელთაც   შემდგომ დღეებში   თვალსაც ვეღარ მოკრავთ  საფესტივალო დარბაზებში, შეიძლება ისევ – დახურვაზე, ან სულაც – მომავალ გახსნაზე.
არ ვიცი, მოეწონათ თუ არა მათ გახსნის ფილმი, თუმცა დარბაზი არავის დაუტოვებია – 74 წლის უნგრელი რეჟისორის იშტვან საბოს თხოვნის  შესაბამისად, მათ უშურველად გაიღეს თავისი სიცოცხლის საათნახევარი   მისი ახალი ნამუშევრისთვის  – „კარი“ ჰელენ მირენით მთავარ როლში.
დედოფლის როლიდან ჯიუტი და უცნაური შინამოსამსახურის როლზე – შთამბეჭდავი ნახტომია, თუმცა არც ისეთი შთამბეჭდავი, რადგან, მიუხედავად სოციალური როლისა, მსახიობის პერსონაჟი აქაც საკმარისზე მეტად დედოფლურად გამოიყურება. საინტერესოა, რომ  რეჟისორის აღიარებით, ის ამ როლის იდეალურ შემსრულებლად    ნონა მორდიუკოვას  ხედავდა. სამწუხაროდ, მორდიუკოვა ცოცხალი აღარ არის და ჩვენ ვეღარასდროს გავიგებთ, რას შესძენდა მისი ფაქტურა და ტემპერამენტი ფილმს.
  ფესტივალი გაიხსნა. ხვალიდან სადაგი დღეები იწყება. ის კი, როგორც ჩანს,   წინა წლებთან შედარებით  გაცილებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. თითქოს გასული წლის უკონკურსო ფესტივალის ასანაზღაურებლად  ტრადიციულ სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსიც დაემატა; უკვე ჩვეულ „ევროპული კინოს ფორუმთან“,  ქართულ პანორამასთან და  მრავალფეროვან სპეციალურ ჩვენებებთან  ერთად „არტე საფრანგეთი“ და „არტე გერმანია“ დოკუმენტურ ფილმებს გვთავაზობს, „მაჰმალბაფის კინოს სახლი“  – მათი კინოოჯახის სხვადასხვა წარმომადგენლების ოთხ ფილმს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი –  სტუდენტურ ფილმებს, ფესტივალი „თოფუზი“ – ანიმაციურ  კინონაწარმოებებს, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული კულტურის ცენტრის ერთობლივი პროგრამა – კლასიკურ კინოსურათებს, სექცია „ფილმები საზღვრებს გარეშე“ – ახლო მეზობლების ბოლო წლების ნამუშევრებს, ფესტივალის საპატიო სტუმარი ჯანკარლო ჯანინი  – თავის ოთხ ფილმს; და კიდევ მასტერკლასები, შეხვედრები და დისკუსიები რეჟისორებთან, თითქმის ყოველი ფილმის შემდეგ.
 მართალი გითხრათ, ჩამოთვლითაც კი დავიღალე. ასე რომ, ჩაუსხედით ფესტივალის პროგრამას, შეეცადეთ გააკეთოთ კარგი არჩევანი და, რაც მთავარია, ძალიან არ დაიღალოთ „ამირანსა“ და „რუსთაველს“ შორის სირბილით.


No comments: