Saturday, January 7, 2012

თბილისის კინოფესტივალის დღიური. დღე მესამე


ამ დღეს „ქართულ პანორამაში“ ორი მხატვრული ფილმი აჩვენეს: სამწუხაროდ, ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრის“ ნახვა ისევ ვერ მოვახერხე, თამარ შავგულიძის ფილმის „დაბადებულები საქართველოში“ პრემიერა კი ჯერ კიდევ გაზაფხულზე შედგა და მასზე უკვე ბევრი დაიწერა. ამიტომ მოკლედ ვიტყვი: დღევანდელი ქართული ფილმების ძირითადი მასის ფონზე ფილმი სასიამოვნოდ გამოირჩევა მსახიობების ორგანული არსებობით კადრში, არა–ყალბი დიალოგებით, თავშეკავებული რეჟისურით, მაგრამ ისევ სუსტ წერტილად რჩება დრამატურია, დამაკლდა ფონიც, რომელიც უფრო საგრძნობს გახდიდა და გაამართლებდა ფილმის სახელწოდებას, ვერც პერსონაჟები ჩავსვი არსებულ სოციალურ ფონში – ისინი ვერც მაყურებელმა „იცნო“, და ა.შ. და ა.შ. თუმცა ფილმის ჩვენებაზე რეჟისორის მიერ ნათქვამი სიტყვები, მეტად იშვიათი და უჩვეულოც კი ქართულ რეალობაში, მომავალში მისგან უკეთესი ფილმების იმედს ნამდვილად იძლევა:


ოთხივე მსახიობი გვაძლევდა საშუალებას, რომ უფრო კარგები ყოფილიყვნენ, უფრო უკეთესად რომ მემუშავა მათთან, ამაზე ძალიან გული მწყდება. მე მგონი, ჩანაფიქრი ბოლომდე არ გამომივიდა ორი მიზეზის გამო ერთი, რომ გამოცდილება არ მეყო და ამაზე არ ვბრაზდები, მაგრამ მეორე ჩემი უყურადღებობაა, იყო კონკრეტული სცენები, რომლებსაც შემდეგ რომ ვუყურე, ვიფიქრე, რომ უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად გადავიღებდი”.

ისე გამოვიდა, რომ მესამე დღემ ჩემთვის სიყვარულის ნიშნით ჩაიარა:

„ევროპული კინოს ფორუმის“ პროგრამით ნაჩვენებ ფილში „საშო“ (რეჟ. ბენედეკ ფლიგაუფი) ეს პირველივე სცენებიდან ნათელი ხდება – ბავშვობის ასაკში ჩასახული სიყვარული უძლებს დროს და მანძილს; თუმცა მალე სიუჟეტის განვითარება ერთი შეხედვით სხვაგან გადაუხვევს და სულ სხვა პრობლემებს წამოჭრის; ფილმი განსაკუთრებით მშვენიერი საჩუქარია კლუბური ჩვენებებისთვის – შესანიშნავ მასალას იძლევა როგორც ადამიანური ურთიერთობების სირთულეზე, ასევე ტოლერანტობაზე, კლონირების მორალურ ასპექტებზე და სხვა არანაკლებ მწვავე საკითხებზე სასაუბროდ. თუმცა საბოლოოდ ფილმი მაინც განუხორციელებელ სიყვარულზეა. ევა გრინის თაყვანისმცემლები ალბათ კმაყოფილები დარჩებიან: ის იმდენად თავშეკავებული შტრიხებით ქმნის თავისი პერსონაჟის სახეს, რომ ნებისმიერი მაყურებელი თავისუფალია თავად მოახდინოს მასზე თავისი ემოციების პროეცირება;


შვედმა რეჟისორმა, როი ანდერსონმა სიყვარულის თემა ფილმის სახელწოდებაშივე განაცხადა. 1970 წელს გადაღებული „ერთი სიყვარულის ისტორია“ 14–15 წლის მოზარდების სიყვარულზე მოგვითხრობს და ეს გრძნობა მართლაც ნათელი და სუფთაა, თუმცა მაინც გამიჭირდება დავეთანხმო ფილმის ანოტაციას, რომ თავად კინოსურათიც „ნათელი და ოპტიმისტურია“. მე მომეჩვენა, რომ ავტორისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ სიყვარულის „ფონი“: მოზრდილების სამყარო გაცვეთილი გრძნობებით, იმედგაცრუებული აწმყოთი, უფერული ურთიერთობებით, მარტოობის გამოთქმული თუ გამოუთქმელი განცდით. რეჟისორი ჩაძიებით აფიქსირებს ძირითადი სიუჟეტური ხაზისთვის თითქოსდა არააუცილებელ ყოფით დეტალებს, ჟესტებს, გამოხედვებს, ინტონაციებს. არ ვიცი, ვისთვის როგორ: შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ფონი ავტორმა ახალგაზრდების ნათელი გრძნობის ხაზგასასმელად გამოიყენა, ან პირიქით, რომ უფროსებიც ოდესღაც ასე იწყებდნენ. მაყურებლის განწყობისდა მიხედვით, ვიღაცისთვის ალბათ ჭიქა ნახევრად სავსე იქნება, ვიღაცისთვის – ნახევრად ცარიელი. ჩემმა ასოციაციურმა მახსოვრობამ კი ფილმის ფინალურ სცენაში, ძირეული განსხვავებების მიუხედავად და ჩემთვისაც მოულოდნელად, რომან ბალაიანის „ფრენა ძილში და ღვიძილში“ წამოატივტივა ცხოვრებისეული კრიზისის განცდით.

და კიდევ ერთი ფილმი სიყვარულზე ბუ ვიდერბერგის „სილამაზისა და ვნების დრო“ (1995); და ისევ – სიყვარულზე კი?

რეჟისორის უკანასკნელი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს მისი ვაჟი, იოჰან ვიდერბერგი ასრულებს, მართლაც დროზეა გადაღებული: იმ დროზე ადამიანის ცხოვრებაში, როცა სიყვარულის ობიექტი კი არ აღაგზნებს სისხლს, აღგზნებული სისხლი თავად ეძებს გრძნობის ობიექტს, და ეს ახლადგაღვიძებული გრძნობა ვნება უფროა, ვიდრე სიყვარული. იმ პერიოდზე ყმაწვილი სტიგის ცხოვრებაში, რომელიც მოუქნელ მოზარდს ახალგაზრდა მამაკაცად აქცევს, და აქ მთავარი ქმედითი ფაქტორი არა მხოლოდ მოსწავლისა და ახალგაზრდა მასწავლებელი ქალის აკრძალული რომანია, არამედ (და შეიძლება მეტადაც) უცნაური ურთიერთობა მასწავლებლის ლოთ და მელომან მეუღლესთან (ჩემი აზრით, ფილმის საუკეთესო სცენები), უფროსი ძმის დაღუპვა წყალქვეშა ნავზე, ოჯახური ურთიერთობები, ომის თითქოს უმნიშვნელო და არააუცილებელი ანარეკლები. ორსაათიანი ფილმი თითქოს ერთ ამოსუნთქვაზეა გადაღებული, არადა მასში არც მძაფრი სიუჟეტია, არც დეტექტიური ელემენტი, არც ექშენი და არც სასპენსი, მხოლოდ და მხოლოდ კინემატოგრაფის გრძნობა და ოსტატობა.

და ბოლოს, ისევ ყველასგან და ყველაფრისგან ცალკე მდგომი ლეო კარაქსი თავისი ფილმით „პოლა X”. ფილმი მელვილის 1852 წლის სკანდალური ნაწარმოების „პიერი, ანუ ორაზროვნება“ თავისუფალი ეკრანიზაციაა, გადმოტანილი თანამედროვე საფრანგეთის რელობაში. ფილმის სახელწოდება რომანის ფრანგული დასახელების აკრონიმია (Pierre, ou les Ambiguité), ხოლო რიცხვი X (და არა ასო „იქსი“) სცენარის სამუშაო ვარიანტების რაოდენობაზე მიუთითებს. კინოსურათი ორ ნაწილად და ორ სამყაროდ არის გაყოფილი: ლამაზი, ქერა ნახევრად ღმერთების არისტოკრატიული ოლიმპი და მრუმე, რუხ ფერებში ჩაძრული ფსკერი. ახალგაზრდა მოდური მწერალი პიერის (გიომ დეპარდიე) გზამკვლევი ამ მეორე სამყაროში ჯერ სიზმრებში, შემდეგ კი ცხადშიც გამოცხადებული უცნობი შავთმიანი ქალიშვილი ხდება, რომელიც მის ნახევარდად აცხადებს თავს.

შეუძლებელია დაბეჯითებით ამტკიცო, რეალურია თუ არა ეს პერსონაჟი, ან მისი ისტორია, თუ ის პიერის ქვეცნობიერი ლტოლვის განსხეულებაა. ფილმის მძაფრად მელოდრამატული, ექსპრესიული ქსოვილი მართლაც ორაზროვნებათა სიმრავლით არის გაჟღენთილი.

მაყურებელს, ვისაც უყვარს მკაფიო და დავარცხნილი ისტორიები, ფილმი ალბათ ერთ დიდ გაუგებრობად მოეჩვენა; კინემატოგრაფთან დიალოგის მოყვარულთათვის კი, მოწონება–არმოწონების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ის საინტერესო კინოგამოცდილება აღმოჩნდებოდა.

No comments: