Tuesday, December 20, 2011

თბილისის კინოფესტივალის დღიური. დღე მეორე





ფესტივალის ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო. ეს სიურპრიზი ოლეგ ნოვკოვიჩის სერბიული ფილმი „თეთრი, თეთრი სამყარო“ (2010) იყო. განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია, მით უმეტეს, რომ პირველმა კადრებმა ცოტა გაღიზიანებაც კი გამოიწვია: უცნაურად აპათიური და მთვრალი მარგინალები, მემაღაროელთა ქალაქის უსახური გარემო. ისევ „ჩერნუხა“? საბედნიეროდ, არა.

თუ მოგიყვებიან, რომ ფილმში ერთს უყვარს მეორე, მას – სულ სხვა და ამ სხვის გულისთვის ქმარიც მოკლა, რომ მის ქალიშვილს კი თავისი უცნობი მამა უყვარდება და მისგან შვილს ელოდება, რომ ქალიშვილი მამას და საყვარელს კლავს და მის დანაშაულს დედა იღებს თავის თავზე, ქალიშვილის გამო კი მისი შეყვარებული იკლავს თავს, და ამას დამატებული თითოეული პერსონაჟი სოლო არიებსაც ასრულებს გულისგამგმირავი სევდით. ალბათ იფიქრებთ, რომ „საპნის ოპერასთან“ გაქვთ საქმე, იფიქრებთ და ძალიანაც შეცდებით. რადგან ერთი, რომ ფილმის სიუჟეტი ძალიან ვულგარულად მოვყევი და მეორეც, ასეთი სიუჟეტური წყობა არც ბერძნული ტრაგედიისთვის არის უცხო, სადაც მთავარი მეტოქე ბედისწერაა. ფილმი სწორედ თანამედროვე ტრაგედიისკენ მიიწევს, სიყვარულის შეუძლებლობის ტრაგედიისკენ, სადაც ქოროს ფუნქციას პერსონაჟების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები ასრულებს. ფინალში კი ნამდვილი ქოროც გამოჩნდება – ქალაქის მაცხოვრებლები: ფილმის ერთი შეხედვით პირწმინდად პიროვნულ დრამაში მცირე დოზით, მაგრამ საკმაოდ ქმედითად არის გატარებული სოციალური მოტივიც.

ჩანაფიქრის მიხედვით მაღალი ტემპერატურის დრამა უნდა ყოფილიყო გ.მასხარაშვილის „მესაათეც“, მაგრამ აქტუალური თემის, ძალზე მტკივნეული პრობლემის და მკაფიო ავტორისეული პოზიციისდა მიუხედავად დრამა არ შედგა. მაყურებელი გულგრილი რჩება. რაშია პრობლემა? ალბათ არა მხოლოდ იმაში, რომ ფილმი „გველაპარაკება და არ გვიჩვენებს“, არამედ იმაშიც, რომ ცუდად ლაპარაკობს და ცუდად გვიჩვენებს; რომ პროლოგში ფილმის გასაღებად ნაჩვენები კალეიდოკოპის ნამსხვრევები, საიდანაც ჩანაფიქრით ერთი მთლიანი ხატი უნდა შემდგარიყო, ერთგვაროვანი და ერთფეროვანი აღმოჩნდა. ამიტომ მათი დაწყობაც გაძნელდა.

ფილმის კარდიოგრამა სწორი ხაზს გამოსახავს. ეს კი, არაექიმებმაც იციან, სიკვდილის ნიშანია. ფილმი არ სუნთქავს, ეტყობა არიტმიამ მოუღო ბოლო. სხვას რომ თავი დავანებით, ფილმის გმირის გამოჩენა უნდა ყოფილიყო მაყურებლისთვის კულმინაცია თუ არა, მნიშვნელოვანი ეპიზოდი მაინც. არაფერი ამდაგვარი, ერთი რიგითი ეპიზოდი. და, სხვათა შორის არა მარტო მაყურებლებისთვის, ფილმის პერსონაჟებისთვისაც: გაუგებარია, რისთვის სჭირდებოდათ ასე მისი ინტერვიუ - არც ემოციურად, არც არსობრივად ისინი (და ვერც ჩვენ) ახალს ვერაფერს ვიგებთ. მხოლოდ ვრწმუნდებით, რომ მანიაკად მიჩნეულ პერსონაჟს კუდი და ჩლიქები არ აქვს, არც წითელი თვალები და მხეცური გამომეტყველება. მაგრამ ეს ხომ უკვე ვიცოდით.

ამავე დღეს, შვედური პროგრამის ოფიციალური გახსნის წინ მაყურებელს საშუალება მოგვეცა გვენახა პროგრამით გაუთვალისწინებელი ფილმიც: ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი (მისი მშობლები 70–იანი წლების ემიგრანტები არიან) თავის პროდიუსერთან ერიკა სტარკთან ერთად ბოლო წუთებში შემოუერთდა ფესტივალს. მან ჩამოიტანა 2008 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბოლო საქმე“ (Last Things), რომელსაც ჰამბურგის ფესტივალზე დამსახურებული აქვს საბავშვო ჟიურის პრიზი „საუკეთესო ფილმისთვის“ და მაყურებელთა სიმპათიის პრიზი. ფილმი ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს ნათელი. მცირე დროში რეჟისორი ძალდაუტანებლად ახერხებს მოყვეს ამბავიც და შექმნას მოზარდის სულიერი მდგომარეობის მეტად მეტყველი მხატვრული სახეც; მართლაც სიმპათიური ფილმი იყო.

გვაჩვენეს ნაწყვეტი ლევან აკინის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმიდანაც Certain People (“ზოგიერთები“) და თავად რეჟისორი დაგვპირდა, რომ მომავალ წელს უკვე ამ ფილმით გვესტუმრება.

და ბოლოს, დღის დაგვირგვინება – წმინდა წყლის საფესტივალო ფილმები: მიქელანჯელო ფრამარტინოს „ოთხი ცხოვრება“ ( Le Quattro Volte) და ბელა ტარის „ტურინული ცხენი“.

კალაბრიის მთებში გადაღებული უხმო არა, მაგრამ თითქმის უსიტყვო, მედიტაციური ფილმი ოთხი, ერთმანეთში გადამდინარე ნოველისგან შედგება: მოხუცი მწყემსი ყოველდღე თხებს მთებში მიერეკება, საღამოს კი ეკლესიაში შეგროვებულ მტვერს სვამს სამკურნალოდ, ერთხელაც მტვრის შეკვრას საძოვარზე დაკარგავს და უწამლოდ დარჩენილი, კვდება. თხის ფარაში კი თეთრი ბატკანი იბადება, მალე საძოვარზე გადენილი, თავისიანებს ჩამოშორდება და ტყეში იკარგება; ღამეს ხის ძირში მიწოლილი ხვდება; მისი შემდგომი ბედი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს და თხრობა უკვე ტანაშოლტილ ხეზე გადადის, რომელსაც სოფლის მაცხოვრებლები სოფლის ზეიმისთვის შეარჩევენ, შემდეგ კი ხერხავენ, აპობენ და მთელი სოფლისთვის ნახშირს ამზადებენ. ბოლო კადრი ეს უზარმაზარი, მბოლავი მიწის გორაკია, რომელშიც თავის სიცოცხლეს ასრულებს ხე. სწორედ ამ კადრით იწყებოდა ფილმი – ციკლი შეიკრა, სიცოცხლე გრძელდება.

მედიტაციისთვის ნაკლებად განწყობილ მაყურებელს კიდევ უფრო მძიმე გამოცდა ელოდა ბელა ტარის „ტურინულ ცხენზე“: შავ–თეთრი გამოსახულება, ორსაათნახევარი და სულ ოცდაათამდე კადრ–ეპიზოდი; ექვსი დღე (ანტიშესაქმე) და ყოველდღიურად განმეორებადი, რიტუალად ქცეული ქმედებები; მოქმედი პირი – სულ სამი: მოხუცი მეეტლე, მისი ქალიშვილი და ცხენი, სწორედ ის, გადმოცემის მიხედვით ნიცშე რომ მოეხვია კისერზე, კიდევ, ერთხელ გამოჩენილი მეზობელი და ერთიც, ამ სივრცეში შემთხვევით შემოჭრილი ბოშები; მოქმედების ადგილი: მარტოხელა ფერმა ტრიალ მინდორზე; და ამ საშუალებებით რეჟისორი სამყაროს დასასრულის შთამბეჭდავ სურათს ქმნის (არანაკლებ შთამბეჭდავს, ვიდრე ლარს ტრიერის ექსპრესიული „მელანქოლია“). თუმცა აპიკალიპტურ მდუმარებასა და წყვდიადშიც ფილმის პერსონაჟები ჯიუტად აგრძელებენ ყოველდღიურ რიტუალს – ფინალური კადრი, რომელიც ალბათ წლების მერეც ძნელად ამოიშლება თვალიდან და მეხსიერებიდან...

ბელა ტარი აცხადებს, რომ ეს მისი უკანასკნელი ფილმია. ვერაფერს იტყვი, შემოქმედების (ისევე როგორც საფესტივალო დღის), შესანიშნავი დასასრულია.

No comments: