Wednesday, March 9, 2011

გარიგება-2


ეეეჰ! ეს ღრმა ამოოხვრაა. როგორ მინდა, ამ ამოოხვრით არ იწყებოდეს ახალ ქართულ ფილმზე დაწერის ყველა მცდელობა. მაგრამ სად არის?! წელიწადში ერთხელ თუ გამიმართლებს. არადა, ქართული ფილმების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და უკვე თვალის მიდევნებაც კი ჭირს.
ამჯერად ამ ოხვრის გამომწვევი მიზეზი „გარიგება-2“ -ია, ახალი ქართული კომედია.

თავი დავანებოთ იმას, რომ ფილმის მსვლელობაში სულ რამდენჯერმე მოვახერხე გაცინება - სიცილი, ისევე, როგორც თვალზე მომდგარი კურცხალი, ფრიად სუბიექტური რამ არის: მე არ გამეცინა, სხვა - სიცილით მოკვდა. არც წვრილმანებს გამოვეკიდები, ამჯერად ფილმის დრამატურგიული აგება უფრო მაინტერესებს, რადგან მთლიანობაში ფილმის აღქმას სწორედ მისი კომპოზიცია განაპირობებს.
თავად ფაბულა არ არის ცუდი მოფიქრებული, მაგრამ სიუჟეტად ქცევის პროცესში უკვე სერიოზული ხარვეზები ჩნდება.
რა არის ფილმის დრამატურგიული ბირთვი? ალბათ ის, თუ ბედის ირონიით როგორ იკვეთება ისევ მაროსა და მიტუას ცხოვრების გზები 20 წლის განშორების შემდეგ, მაგრამ წარსულის დაბრუნება შეუძლებელი ხდება. მაშინ რატომ იწყება ამ ხაზის დამუშავება ფილმის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ? ერთსაათიანი ექსპოზიცია მეტისმეტი ხომ არ არის? ერთადერთი სუსტი ძაფი, რომელსაც მთავარი საკითხისკენ მივყავართ - ეკასა (კიმას ქალიშვილი) და გიგას (დიმიტრის ქალიშვილის შეყვარებულის) ურთიერთობის ეპიზოდია, რომელიც იმდენად გაკვრით და ზედაპირულად არის განხორციელებული, გარკვეული ძალისხმევა დამჭირდა, რათა მივმხვდარიყავი, რას ან ვის ეძებდა ღამის ქალაქში გავეშებული ეკა. დანარჩენი დრო კი ეთმობა მაროს, მის ახალ საქმიანობას, მის მეზობლებს (მომავალი რაზმის წევრებს) - ფაქტობრივად მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. ალბათ ავტორებმა ჩათვალეს, რომ ისინი ძალზე კოლორიტული პიროვნებები არიან და მაყურებელს მათი მახვილსიტყვაობა უფრო გაართობს, ვიდრე ფილმის სიუჟეტური განვითარება. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ფილმის კომპოზიციის ნგრევის ხარჯზე მაყურებლის გამხიარულება არასდროს იძლევა კარგ შედეგს, განსხვავებით იმ შემთხვევისა, როცა ეს ორი მიზანი პარალელურად ხორციელდება.
შედეგად მთავარი ხაზის განვითარებისათვის ავტორებს ძალზე მცირე დრო რჩებათ. თავისთავად დრო არცთუ ისე მცირეა, მაგრამ ის არსებული მიდგომის ფონზე აღმოჩნდება არასაკმარისი. როცა ფილმში ძალზე ბევრი არააუცილებელი სცენა თუ ეპიზოდია, რომლის არც ამოგდება დააკლებს საერთო სურათს რამეს და ვერც ჩასმა ვერაფერს მატებს. ან უკეთეს შემთხვევაში, თითო სცენა თითო მიზანს ემსახურება. ერთი განგვიმარტავს - რომ გელას რაღაც გრძნობები აქვს ეკასადმი, მეორე - რატომ დარჩა მიტუა-დიმიტრის ცოლ-შვილი ბათუმში (იმ ალოგიკურობას, რომ შუა საღამოდან გამქრალი ქმარი, რატომღაც თბილისში გამომგზავრებულად ჩათვალა და მხოლოდ თბილისში მოიკითხა, თავი დავანებოთ), და ა.შ.
თითქოს ჯერ აღმოუჩენელი ტერიტორიაა კინოს სინთეზური ბუნება, რომლის დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ შეუძლია ერთ, ძალზე მცირე კადრშიც ჩადოს სხვადასხვა ინფორმაცია, ემოცია, იმუშაოს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით.
აღარ გავაგრძელებ.

ერთს კი მაინც დავამატებ - სულ მიხაროდა, რომ კინო ჩემი ჰობიც იყო და პროფესიაც, და ვწუხვარ, რომ ახალი ქართული ფილმების გადამკიდეს, ის უფრო ხშირად მძიმე მოვალეობად მექცა. მით უმეტეს მაშინ, როცა ფილმის ავტორების მიმართ პიროვნულად ძალზე დადებითად და თბილად ვარ განწყობილი.

Thursday, March 3, 2011

ვიკრუტასები ანუ იღბლიანი ხრიკები


ამ ფილმს ყველაფერი აქვს, რომ მაყურებლის ცხოველი ინტერესი დაიმსახუროს: ჰოლივუდთან გაშინაურებული თემურ ბეკმამეტოვი (პროდიუსერის რანგში), რევაზ გაბრიაძის ვაჟი, ლევან გაბრიაძე (რეჟისორის რანგში), ლჲუკ ბესონის ჟანა დ’არკი - მშვენიერი მილა იოვოვიჩი და აუდიტორიის მდედრობით ნაწილში მეტად პოპულარული კონსტანტინ ხაბენსკი (ვარსკვლავების რანგში).

ამასთან ეს შემადგენლობა მკაფიოდ განსაზღვრავს მოლოდინებსაც: მკაფიო სქემაზე აგებული რომანტიკული კომედია, კომერციული გათვლა არა მარტო რუსულ, არამედ - საერთაშორისო ბაზარზეც, აქედან გამომდინარე - შესაბამი ხარისხის სტანდარტიც.

და უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ფილმი იმედგაცრუებას არ იწვევს. ეს არის საკმაოდ სასიამოვნო, მხიარული ფილმი სიყვარულზე გაუგებრობების კასკადით და ბედნიერი დასასრულით.

მაგრამ თავს იჩენს სხვა პრობლემა - ვერა და ვერ შევძელი „ფეოლას“ ჩრდილისგან განთავისუფლება (ალბათ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ნებისმიერი ქართველი მაყურებელი). რაც არ უნდა ამტკიცონ ფილმის ავტორებმა, რომ ეს სრულიად განსხვავებული სცენარია, ჩრდილს ვერ გაექცევი, ის ხომ ადამიანის ნების გარეშე ჩნდება და თვითშთაგონებას არ ექვემდებარება.

სცენარი კი მართლაც განსხვავებულია - ახალგაზრდა ფეოლას ისტორია რომანტიკული სიყვარულის ჩარჩოშია ჩასმული; მაგრამ გამოგიტყდებით, უპირობოდ მომეწონა მხოლოდ ფეხბურთის სცენები ვირტუოზული ტრიუკებით და ჩამთრევი დინამიკით. დანარჩენი... მეტ-ნაკლებად. რაც შედარებით კარგია - „ფეოლაა“, მაგრამ იპოლიტე ხვიჩიასთან შედარებას ხაბენსკი ვერაფრით უძლებს; ჩარჩო კი - ერთ სცენაში გადაღებული რომანტიკული სიყვარულის ისტორია, „უსიძეო ქორწილის“ ნაძალადევი კადრები - აშკარად სუსტია.

მაგრამ ფილმს აქვს ერთი დიდი პლიუსი - მასზე შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ ოჯახთან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმის გარანტიით, რომ მათთვის არც თვალებზე მოგიწევთ ხელის აფარება და არც ყურებზე. პოპკორნი კი მხოლოდ დამატებით გემოვნებით სიამოვნებას თუ შემატებს ეკრანულ სანახაობას.

Sunday, February 27, 2011

ვთამაშობთ სუპერმენს - "მწვანე კრაზანა"


ბავშვობისდროინდელ ოცნებებს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთს უმართლებს და მოზრდილობაში მათ ასრულებას ახერხებს. რა თავბრუსდამხვევი გრძნობაა, რეალობაში მოირგო შენი ბავშვობის კერპის ქურქი, მით უმეტეს, როცა მამისგან მემკვიდრეობით ქალაქის მთავარ გაზეთთან ერთად ხელმარჯვე ოსტატი და დაუმარცხებელი მებრძოლი კატოც გერგო.
ეს ბედნიერება მოულოდნელად დაატყდა თავს სწორედ „მწვანე კრაზანას“ გმირს, საგაზეთო მაგნატის უსაქმურ შვილს, ბრიტ რიდს (სეთ როგენი).
„მწვანე კრაზანას“ დიდი ხანია ელოდება დიდი ეკრანი. პირველად ის 1936 წლის რადიოდადგმის სახით გამოჩნდა საზოგადოებაში. 1940 წელს უკვე კომიქსად იქცა და თითქმის ერთდროულად ტელეეკრანებზეც დაფუძნდა. 60-იან წლებში ამ სერიალში გამოჩნდა ბრუს ლი - ეს მისი პირველი ინგლისურენოვანი როლი იყო.
შემდეგ ხანგრძლივი გზა ეკრანისკენ და საბოლოოდ „მწვანე კრაზანას“ ეკრანული ნათლობის პატივი ფრანგ რეჟისორს მიშელ გონდრის ერგო, რომლისთვისაც ეს პირველი ზემსხვილბიუჯეტიანი ფილმია.
ფილმი იუმორით და ირონიის დიდი დოზით აღწერს სუპერმენის შიდა სამზარეულოს, საზოგადოების მხსნელის „ჭეშმარიტ“ სახეს, და ეს ირონია არის ის მთავარი კომპონენტი, რაც ფილმის ბევრ ხარვეზზე თვალის დახუჭვის საშუალებას იძლევა.
ფაქტობრივად ეს კლასიკური „აღზრდის რომანია“ - როგორ იქცევა უმაქნისი ბონვივანი ღირსეულ მოქალაქედ. თუმცა თავად სქემის მიმართ რეჟისორებს ირონია აღარ ეყოთ - საზოგადოების საყრდენი ბურჯები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.
სუბტიტრებიანი ფილმების შემოღებასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ ვერ ასწრებენ მათ წაკითხვას. საინტერესოა, რატომ არასდროს გამიგია ჩივილი, რომ ვერ ასწრებენ გამოსახულებისთვის თვალის მიდევნებას. თუნდაც ამ ფილმში - ორთაბრძოლის სცენების რიტმი ზღვრულ სისწრაფეს უახლოვდება. ჩანს, რომ რაღაც ხდება, გამოცდილებით შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ - რა, მაგრამ კონკრეტული ქმედების დიდი ნაწილის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება (ჩვენი სალამი ძიგა ვერტოვს!).
სამაგიეროდ, ამ თავბუდამხვევ სცენებს ენაცვლება საკმაოდ მშვიდი, რომ არ ვთქვათ, დუნე ეპიზოდები (ზემოთხსენებულ სცენებთან შეფარდებით).
ამდენად, პოპკორნის მისართმევად საკმაოდ თავისებური ფილმია. პოპკორნის მშვიდად (ხითხით-ხითხითით) დაგემოვნების პერიოდებს ცვლის ორთაბრძოლის სცენები, რომელთა მოახლობისთანავე პოპკორნი რამდენიმე წუთი სავარაუდოდ სადღაც პოპკორნის კოლოფსა და პირს შორის იყინება.
თუ არ ჩავთვლით ამ მცირე უხერხულობას, თამამად მიმართეთ პოპკორნს.

Saturday, January 8, 2011

ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის თაყვანისმცემლებს


ტურისტი
2010.აშშ
რეჟ. ფლორიან ჰენკელი ფონ დონერსმარკი

ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ შეიარაღდნენ პოპკორნით და მოემზადონ საყვარელი მსახიობების თამაშით სიამოვნების მისაღებად. მელოდრამა თრილერის ელემენტებით, ან, გნებავთ, პირიქით - თრილერი მელოდრამის ელემენტებით, ამისთვის შესანიშნავი საბაბია.

თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ანჯელინა ჯოლის ბევრი არც არაფერი აქვს სათამაშო. ის უფრო თავისი სექსუალობის და ელეგანტური სამოსის დემონსტრირებით არის დაკავებული. მის ნაცვლად კი, ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ გამოვიყენო, მისი ამალა, ანუ გარშემომყოფნი თამაშობენ; და თამაშობენ ძირითადად აღფრთოვანებისგან გაშეშების მდგომარეობას. თუმცა იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ ეს აღფრთოვანება მთლად უსაფუძვლოც არ არის.

ჯონი დეპი კი, როგორც ყოველთვის, ზუსტი და დამაჯერებელია როგორც მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც დიდ გაუგებრობაში მოხვდა. თუმცა, მეორეს მხრივ, ... მაგრამ არ გვინდა სფოილერები.

ავტორები ცნობილი სქემების თვალსაზრისით დიდ ნოვაციებს არ გვთავაზობსენ მხოლოდ მის ფარგლებში ცდილობენ ხან სახალისო, ხან - ნაკლებ, ხან მოულოდნელი, ხანაც საკმაოდ მოსალოდნელი სვლების შემოთავაზებას.

ასე რომ, ისიამოვნეთ, დატკბით, პოპკორნის გარნირით შესანიშნავი სანახაობა იქნება.

Monday, November 1, 2010

ყაზბეგელი მფრინავი

მშვენიერი გამოგონებაა ბლოგი, მყისიერი რეაგირების შეუდარებელ საშუალებას გვაძლევს; მაგრამ, გარდა ამისა, კიდევ ერთი (არ ვიცი, კარგი თუ ცუდი) თვისებით „გვანებივრებს“ - გვიმსუბუქებს პასუხისმგებლობის გრძნობას.

სხვაგვარად, ნამდვილად არც ვიფიქრებდი საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები ფილმზე, რომელსაც თარგმანის გარეშე, ორიგინალში ანუ ჰოლანდიურ, გერმანულ და ქართულ ენებზე ვუყურე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელია ფილმის ყველა ნიუანსის აღქმაზე თავის დადება, თუმცა ვეჭვობ ამ ნიუანსებში წვდომას დიდი გავლენა მოეხდინა საბოლოო შთაბეჭდილებაზე.

ფილმი უდავოდ ძალიან ლამაზია. იმდენად ლამაზია კუნძულის პეიზაჟები, რომ ზოგჯერ იფიქრებ კიდეც, ამ სილამაზის შემყურეს რაღა მთები აუტყდაო, მაგრამ რას იზამ, ოცნებას საზღვარს ვერ დაუწესებ. ჰოდა, რომანტიკული გოგონაც, სახელად მარიკა კუნძული ტექსელიდან, მთებზე ოცნებობს. მის ოცნებებში პეპლები დაფარფატობენ და სინათლის ათინათები თამაშობენ.

მაგრამ რომანტიზმი თურმე სულაც არ გულისხმობს სისუსტეს. მარიკა მეტად ძლიერი სულის პატრონი აღმოჩნდება. მას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლაც შეუძლია და სიყვარულისთვის თავგანწირვაც. სულაც არ ვარ ძლიერი ქალის წინააღმდეგი, მაგრამ მის გვერდით სუსტი და შესაბრალისი მამაკაცების ხილვა მაინც უხერხულობის შეგრძნებას იწვევს ჩემში. მარიკას ირგვლივ კი სულ ასეთი მამაკაცები არიან: მისი ჰოლანდიელი თაყვანისმცემელიც და მისი ქართველი შეყვარებულიც, ქართველი ჯარისკაცებიც ერთიანად შესაბრალისად საყვარლები არიან და უმწეობის შეგრძნებას იწვევენ (მაშინაც კი, როცა ბრძოლაში ერთვებიან). ერთადერთი ამირანი, ჩოხაში გამოწყობილი ქართველი ოფიცერი გამოიყურება მეტ-ნაკლებად მამაკაცურად (მაგრამ ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რატომ ჩოხა, როგორც ირკვევა, ისიც სხვების მსაგავსად ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცია და არა ძველი ემიგრაციის წარმომადგენელი). ყველაზე ბუნებრივად და უხერხულობის გრძნობის გარეშე ლაშა ბაქრაძის გმირი, გერმანელების ქართველი თარჯიმანი, ინჯია გამოიყურება და ისიც ქართველების ხელით იღუპება.

მხოლოდ მარიკაა ძლიერი და მოწოდების სიმაღლეზე, ისევე როგორც მისი იდეალი (როგორც მივხვდი) - მფრინავი ქალი არარსებული ფილმიდან „ყაზბეგელი მფრინავი“. ამ ეპიზოდზე კი ბევრი ვიცინე - არ ვიცი, პაროდია და შარჟი გათვალისწინებული იყო თუ უბრალო იმიტაციას ქართული ეგზოტიკა დაემატა, მაგრამ რამდენი ასეთი სცენა გვინახავს 30-40-იანი წლების ფილმებში და ისინი თავად დრომ აქცია პაროდიად.

დახვრეტის სცენაშიც სწორედ მარიკა ინარჩუნებს სულის სიმტკიცეს და სიმღერით ამხნევებს სიკვდილის წინაშე შემდრკალ შეყვარებულს. ვერაფერს იტყვი, მშენიერი საჩუქარია ფემინისტებისთვის.

საერთოდ, ფილმის ყურებისას სიბრალულის გრძნობას ვერსად გავექეცი... მთელი თავისი სილამაზის მიუხედავად საცოდავად გამოიყურება ფილმიც. სადაც გერმანელების გარნიზონი ათეული ჯარისკაცით არის წარმოდგენილი, აჯანყების მთელი ორგანიზაცია მარიკას მიერ გეგმის მოპარვით და ერთი კონსპირაციული შეხვედრით, თავად აჯანყება - ორიოდე აფეთქებით. არ ვიცი, რა ციფრით განისაზღვრებოდა ფილმის ბიუჯეტი, მაგრამ სიბრალულის გრძნობა ამგვარი კინემატოგრაფიული სიმწირის გამო ნამდვილად ჩნდება, თუმცა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის რიცხოვნება ნებისმიერ „მსხვილბიუჯეტიან“ ქართულ ფილმს შეშურდებოდა.

პოპკორნი კი... არ ვიცი... მგონი, დიდი ცოდვა არ უნდა იყოს.

31.10.2010