Wednesday, March 9, 2011

გარიგება-2


ეეეჰ! ეს ღრმა ამოოხვრაა. როგორ მინდა, ამ ამოოხვრით არ იწყებოდეს ახალ ქართულ ფილმზე დაწერის ყველა მცდელობა. მაგრამ სად არის?! წელიწადში ერთხელ თუ გამიმართლებს. არადა, ქართული ფილმების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და უკვე თვალის მიდევნებაც კი ჭირს.
ამჯერად ამ ოხვრის გამომწვევი მიზეზი „გარიგება-2“ -ია, ახალი ქართული კომედია.

თავი დავანებოთ იმას, რომ ფილმის მსვლელობაში სულ რამდენჯერმე მოვახერხე გაცინება - სიცილი, ისევე, როგორც თვალზე მომდგარი კურცხალი, ფრიად სუბიექტური რამ არის: მე არ გამეცინა, სხვა - სიცილით მოკვდა. არც წვრილმანებს გამოვეკიდები, ამჯერად ფილმის დრამატურგიული აგება უფრო მაინტერესებს, რადგან მთლიანობაში ფილმის აღქმას სწორედ მისი კომპოზიცია განაპირობებს.
თავად ფაბულა არ არის ცუდი მოფიქრებული, მაგრამ სიუჟეტად ქცევის პროცესში უკვე სერიოზული ხარვეზები ჩნდება.
რა არის ფილმის დრამატურგიული ბირთვი? ალბათ ის, თუ ბედის ირონიით როგორ იკვეთება ისევ მაროსა და მიტუას ცხოვრების გზები 20 წლის განშორების შემდეგ, მაგრამ წარსულის დაბრუნება შეუძლებელი ხდება. მაშინ რატომ იწყება ამ ხაზის დამუშავება ფილმის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ? ერთსაათიანი ექსპოზიცია მეტისმეტი ხომ არ არის? ერთადერთი სუსტი ძაფი, რომელსაც მთავარი საკითხისკენ მივყავართ - ეკასა (კიმას ქალიშვილი) და გიგას (დიმიტრის ქალიშვილის შეყვარებულის) ურთიერთობის ეპიზოდია, რომელიც იმდენად გაკვრით და ზედაპირულად არის განხორციელებული, გარკვეული ძალისხმევა დამჭირდა, რათა მივმხვდარიყავი, რას ან ვის ეძებდა ღამის ქალაქში გავეშებული ეკა. დანარჩენი დრო კი ეთმობა მაროს, მის ახალ საქმიანობას, მის მეზობლებს (მომავალი რაზმის წევრებს) - ფაქტობრივად მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. ალბათ ავტორებმა ჩათვალეს, რომ ისინი ძალზე კოლორიტული პიროვნებები არიან და მაყურებელს მათი მახვილსიტყვაობა უფრო გაართობს, ვიდრე ფილმის სიუჟეტური განვითარება. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ფილმის კომპოზიციის ნგრევის ხარჯზე მაყურებლის გამხიარულება არასდროს იძლევა კარგ შედეგს, განსხვავებით იმ შემთხვევისა, როცა ეს ორი მიზანი პარალელურად ხორციელდება.
შედეგად მთავარი ხაზის განვითარებისათვის ავტორებს ძალზე მცირე დრო რჩებათ. თავისთავად დრო არცთუ ისე მცირეა, მაგრამ ის არსებული მიდგომის ფონზე აღმოჩნდება არასაკმარისი. როცა ფილმში ძალზე ბევრი არააუცილებელი სცენა თუ ეპიზოდია, რომლის არც ამოგდება დააკლებს საერთო სურათს რამეს და ვერც ჩასმა ვერაფერს მატებს. ან უკეთეს შემთხვევაში, თითო სცენა თითო მიზანს ემსახურება. ერთი განგვიმარტავს - რომ გელას რაღაც გრძნობები აქვს ეკასადმი, მეორე - რატომ დარჩა მიტუა-დიმიტრის ცოლ-შვილი ბათუმში (იმ ალოგიკურობას, რომ შუა საღამოდან გამქრალი ქმარი, რატომღაც თბილისში გამომგზავრებულად ჩათვალა და მხოლოდ თბილისში მოიკითხა, თავი დავანებოთ), და ა.შ.
თითქოს ჯერ აღმოუჩენელი ტერიტორიაა კინოს სინთეზური ბუნება, რომლის დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ შეუძლია ერთ, ძალზე მცირე კადრშიც ჩადოს სხვადასხვა ინფორმაცია, ემოცია, იმუშაოს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით.
აღარ გავაგრძელებ.

ერთს კი მაინც დავამატებ - სულ მიხაროდა, რომ კინო ჩემი ჰობიც იყო და პროფესიაც, და ვწუხვარ, რომ ახალი ქართული ფილმების გადამკიდეს, ის უფრო ხშირად მძიმე მოვალეობად მექცა. მით უმეტეს მაშინ, როცა ფილმის ავტორების მიმართ პიროვნულად ძალზე დადებითად და თბილად ვარ განწყობილი.

No comments: