Sunday, February 27, 2011

ვთამაშობთ სუპერმენს - "მწვანე კრაზანა"


ბავშვობისდროინდელ ოცნებებს მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთს უმართლებს და მოზრდილობაში მათ ასრულებას ახერხებს. რა თავბრუსდამხვევი გრძნობაა, რეალობაში მოირგო შენი ბავშვობის კერპის ქურქი, მით უმეტეს, როცა მამისგან მემკვიდრეობით ქალაქის მთავარ გაზეთთან ერთად ხელმარჯვე ოსტატი და დაუმარცხებელი მებრძოლი კატოც გერგო.
ეს ბედნიერება მოულოდნელად დაატყდა თავს სწორედ „მწვანე კრაზანას“ გმირს, საგაზეთო მაგნატის უსაქმურ შვილს, ბრიტ რიდს (სეთ როგენი).
„მწვანე კრაზანას“ დიდი ხანია ელოდება დიდი ეკრანი. პირველად ის 1936 წლის რადიოდადგმის სახით გამოჩნდა საზოგადოებაში. 1940 წელს უკვე კომიქსად იქცა და თითქმის ერთდროულად ტელეეკრანებზეც დაფუძნდა. 60-იან წლებში ამ სერიალში გამოჩნდა ბრუს ლი - ეს მისი პირველი ინგლისურენოვანი როლი იყო.
შემდეგ ხანგრძლივი გზა ეკრანისკენ და საბოლოოდ „მწვანე კრაზანას“ ეკრანული ნათლობის პატივი ფრანგ რეჟისორს მიშელ გონდრის ერგო, რომლისთვისაც ეს პირველი ზემსხვილბიუჯეტიანი ფილმია.
ფილმი იუმორით და ირონიის დიდი დოზით აღწერს სუპერმენის შიდა სამზარეულოს, საზოგადოების მხსნელის „ჭეშმარიტ“ სახეს, და ეს ირონია არის ის მთავარი კომპონენტი, რაც ფილმის ბევრ ხარვეზზე თვალის დახუჭვის საშუალებას იძლევა.
ფაქტობრივად ეს კლასიკური „აღზრდის რომანია“ - როგორ იქცევა უმაქნისი ბონვივანი ღირსეულ მოქალაქედ. თუმცა თავად სქემის მიმართ რეჟისორებს ირონია აღარ ეყოთ - საზოგადოების საყრდენი ბურჯები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს.
სუბტიტრებიანი ფილმების შემოღებასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ ვერ ასწრებენ მათ წაკითხვას. საინტერესოა, რატომ არასდროს გამიგია ჩივილი, რომ ვერ ასწრებენ გამოსახულებისთვის თვალის მიდევნებას. თუნდაც ამ ფილმში - ორთაბრძოლის სცენების რიტმი ზღვრულ სისწრაფეს უახლოვდება. ჩანს, რომ რაღაც ხდება, გამოცდილებით შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ - რა, მაგრამ კონკრეტული ქმედების დიდი ნაწილის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება (ჩვენი სალამი ძიგა ვერტოვს!).
სამაგიეროდ, ამ თავბუდამხვევ სცენებს ენაცვლება საკმაოდ მშვიდი, რომ არ ვთქვათ, დუნე ეპიზოდები (ზემოთხსენებულ სცენებთან შეფარდებით).
ამდენად, პოპკორნის მისართმევად საკმაოდ თავისებური ფილმია. პოპკორნის მშვიდად (ხითხით-ხითხითით) დაგემოვნების პერიოდებს ცვლის ორთაბრძოლის სცენები, რომელთა მოახლობისთანავე პოპკორნი რამდენიმე წუთი სავარაუდოდ სადღაც პოპკორნის კოლოფსა და პირს შორის იყინება.
თუ არ ჩავთვლით ამ მცირე უხერხულობას, თამამად მიმართეთ პოპკორნს.

Saturday, January 8, 2011

ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის თაყვანისმცემლებს


ტურისტი
2010.აშშ
რეჟ. ფლორიან ჰენკელი ფონ დონერსმარკი

ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ შეიარაღდნენ პოპკორნით და მოემზადონ საყვარელი მსახიობების თამაშით სიამოვნების მისაღებად. მელოდრამა თრილერის ელემენტებით, ან, გნებავთ, პირიქით - თრილერი მელოდრამის ელემენტებით, ამისთვის შესანიშნავი საბაბია.

თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ანჯელინა ჯოლის ბევრი არც არაფერი აქვს სათამაშო. ის უფრო თავისი სექსუალობის და ელეგანტური სამოსის დემონსტრირებით არის დაკავებული. მის ნაცვლად კი, ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ გამოვიყენო, მისი ამალა, ანუ გარშემომყოფნი თამაშობენ; და თამაშობენ ძირითადად აღფრთოვანებისგან გაშეშების მდგომარეობას. თუმცა იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ ეს აღფრთოვანება მთლად უსაფუძვლოც არ არის.

ჯონი დეპი კი, როგორც ყოველთვის, ზუსტი და დამაჯერებელია როგორც მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც დიდ გაუგებრობაში მოხვდა. თუმცა, მეორეს მხრივ, ... მაგრამ არ გვინდა სფოილერები.

ავტორები ცნობილი სქემების თვალსაზრისით დიდ ნოვაციებს არ გვთავაზობსენ მხოლოდ მის ფარგლებში ცდილობენ ხან სახალისო, ხან - ნაკლებ, ხან მოულოდნელი, ხანაც საკმაოდ მოსალოდნელი სვლების შემოთავაზებას.

ასე რომ, ისიამოვნეთ, დატკბით, პოპკორნის გარნირით შესანიშნავი სანახაობა იქნება.

Monday, November 1, 2010

ყაზბეგელი მფრინავი

მშვენიერი გამოგონებაა ბლოგი, მყისიერი რეაგირების შეუდარებელ საშუალებას გვაძლევს; მაგრამ, გარდა ამისა, კიდევ ერთი (არ ვიცი, კარგი თუ ცუდი) თვისებით „გვანებივრებს“ - გვიმსუბუქებს პასუხისმგებლობის გრძნობას.

სხვაგვარად, ნამდვილად არც ვიფიქრებდი საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები ფილმზე, რომელსაც თარგმანის გარეშე, ორიგინალში ანუ ჰოლანდიურ, გერმანულ და ქართულ ენებზე ვუყურე. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელია ფილმის ყველა ნიუანსის აღქმაზე თავის დადება, თუმცა ვეჭვობ ამ ნიუანსებში წვდომას დიდი გავლენა მოეხდინა საბოლოო შთაბეჭდილებაზე.

ფილმი უდავოდ ძალიან ლამაზია. იმდენად ლამაზია კუნძულის პეიზაჟები, რომ ზოგჯერ იფიქრებ კიდეც, ამ სილამაზის შემყურეს რაღა მთები აუტყდაო, მაგრამ რას იზამ, ოცნებას საზღვარს ვერ დაუწესებ. ჰოდა, რომანტიკული გოგონაც, სახელად მარიკა კუნძული ტექსელიდან, მთებზე ოცნებობს. მის ოცნებებში პეპლები დაფარფატობენ და სინათლის ათინათები თამაშობენ.

მაგრამ რომანტიზმი თურმე სულაც არ გულისხმობს სისუსტეს. მარიკა მეტად ძლიერი სულის პატრონი აღმოჩნდება. მას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლაც შეუძლია და სიყვარულისთვის თავგანწირვაც. სულაც არ ვარ ძლიერი ქალის წინააღმდეგი, მაგრამ მის გვერდით სუსტი და შესაბრალისი მამაკაცების ხილვა მაინც უხერხულობის შეგრძნებას იწვევს ჩემში. მარიკას ირგვლივ კი სულ ასეთი მამაკაცები არიან: მისი ჰოლანდიელი თაყვანისმცემელიც და მისი ქართველი შეყვარებულიც, ქართველი ჯარისკაცებიც ერთიანად შესაბრალისად საყვარლები არიან და უმწეობის შეგრძნებას იწვევენ (მაშინაც კი, როცა ბრძოლაში ერთვებიან). ერთადერთი ამირანი, ჩოხაში გამოწყობილი ქართველი ოფიცერი გამოიყურება მეტ-ნაკლებად მამაკაცურად (მაგრამ ბოლომდე გაურკვეველი რჩება, რატომ ჩოხა, როგორც ირკვევა, ისიც სხვების მსაგავსად ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცია და არა ძველი ემიგრაციის წარმომადგენელი). ყველაზე ბუნებრივად და უხერხულობის გრძნობის გარეშე ლაშა ბაქრაძის გმირი, გერმანელების ქართველი თარჯიმანი, ინჯია გამოიყურება და ისიც ქართველების ხელით იღუპება.

მხოლოდ მარიკაა ძლიერი და მოწოდების სიმაღლეზე, ისევე როგორც მისი იდეალი (როგორც მივხვდი) - მფრინავი ქალი არარსებული ფილმიდან „ყაზბეგელი მფრინავი“. ამ ეპიზოდზე კი ბევრი ვიცინე - არ ვიცი, პაროდია და შარჟი გათვალისწინებული იყო თუ უბრალო იმიტაციას ქართული ეგზოტიკა დაემატა, მაგრამ რამდენი ასეთი სცენა გვინახავს 30-40-იანი წლების ფილმებში და ისინი თავად დრომ აქცია პაროდიად.

დახვრეტის სცენაშიც სწორედ მარიკა ინარჩუნებს სულის სიმტკიცეს და სიმღერით ამხნევებს სიკვდილის წინაშე შემდრკალ შეყვარებულს. ვერაფერს იტყვი, მშენიერი საჩუქარია ფემინისტებისთვის.

საერთოდ, ფილმის ყურებისას სიბრალულის გრძნობას ვერსად გავექეცი... მთელი თავისი სილამაზის მიუხედავად საცოდავად გამოიყურება ფილმიც. სადაც გერმანელების გარნიზონი ათეული ჯარისკაცით არის წარმოდგენილი, აჯანყების მთელი ორგანიზაცია მარიკას მიერ გეგმის მოპარვით და ერთი კონსპირაციული შეხვედრით, თავად აჯანყება - ორიოდე აფეთქებით. არ ვიცი, რა ციფრით განისაზღვრებოდა ფილმის ბიუჯეტი, მაგრამ სიბრალულის გრძნობა ამგვარი კინემატოგრაფიული სიმწირის გამო ნამდვილად ჩნდება, თუმცა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის რიცხოვნება ნებისმიერ „მსხვილბიუჯეტიან“ ქართულ ფილმს შეშურდებოდა.

პოპკორნი კი... არ ვიცი... მგონი, დიდი ცოდვა არ უნდა იყოს.

31.10.2010

Monday, July 12, 2010

"მაიტა ნასოსი" -?????

პოპკორნი კინოს გარეშე.

Saturday, February 27, 2010

რამდენიმე დღის წინ "იმედის" არხზე ფილმის ტელეპრემიერა შედგა, ამან ისევ ორი წლის წინ დაწერილი წერილი გამახსენა:

მიპატიჟება სვანეთში


სვანი (2007)

დამდგმელი რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი , ბადრი ჯაჭვლიანი
სცენარისტი სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი , ამირან ჭიჭინაძე ,
ამირან დოლიძე,ეკა ჯანგველაძე,ირმა ფირცხალაიშვილი
დამდგმელი ოპერატორი ევგენი მუზრუკოვი
დამდგმელი მხატვარი თემურ არჯევანიძე
კომპოზიტორი ჭაბუკა ამირანაშვილი
როლები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი (ჯაბეგი), ელენა ველიკანოვა (ვიკა), დარეჯან ხარშილაძე (მართა), ელგუჯა ბურდული, ონისე ონიანი, ალექსანდრ სპოტნიკოვი, ზურა ბეგალიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, სალომე გასვიანი, ჯარჯი გოლეთიანი, პაატა მოისწრაფიშვილი, ზურა მაღალაშვილი, ქართლოს მამარდიშვილი.
ხანგრძლივობა 95 წთ

სვანური თემა მოდაში შემოვიდა? - ჩვენს სინამდვილეში, როცა წარმოებული ფილმების რიცხვი ასე მცირეა, ერთმანეთის მიყოლებით გადაღებული ორი ფილმი უკვე მოდად აღიქმება... ძმები ჯაჭვლიანების ”სვანი” გონების თვალს ძალაუნებურად მამა-შვილ ბაბლუანების ”მემკვიდრეობასთან” აბრუნებს. მთავარი მსგავსება კი, თემატურის გარდა, ალბათ ისაა, რომ ორივე ფილმს გარეშე თვალის მოხიბვლა აქვს უპირატეს მიზნად დასახული.
მაგრამ თავი დავანებოთ მსგავსებებს, კიდევ უფრო თვალში საცემია განსხვავება. ”მემკვიდრეობაში” უხვად არის ”ცარიელი ადგილები” - თითქოს დრო ბევრია, ამბავი კი - ცოტა და ავტორებმა არ იციან, რითი შეავსონ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის გამოყოფილი დრო. ძმები ჯაჭვლიანების ფილმში ”სვანი” სრულიად საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე: ფილმი გადატვირთულია სიუჟეტური ხაზებით, რომელთაგან თითოეული მათგანი სრულყოფილ ფილმად შეიძლება ქცეულიყო. და ამ შემთხვევაში სწორედ ფაბულური სიჭარბე ქმნის ”ცარიელ ადგილებს” ფილმში.
ავტორებმა თითქოს მიზნად დაისახეს სვანური ოჯახების შუღლის და სისხლის აღების მიზეზების და შედეგების ენციკლოპედია შეექმნათ: შუღლი ტყის დასაკუთრების მიზნით, შუღლი სისხლის აღრევის და შეუსრულებელი პირობის გამო, სისხლის აღება მომავალი შურისძიების შიშის გამო (ვინ ვის დაასწრებს), სისხლის აღება ძმადნაფიცის გამო... ამას დამატებული რუსი ქალიშვილის და სვანი ყმაწვილის სიყვარულის ისტორია და უცხო რძალი სვანური სამართლის გარემოში, კიდევ დამატებული - საკუთარი შვილებიდან ერთ-ერთის გაწირვის ისტორია ძმისშვილის გადასარჩენად, რათა არ გაქრეს კიდევ ერთი სვანური გვარი...
მაგრამ მიუხედავად შემზარავი ისტორიების ასეთი სიუხვისა და 14 მკვლელობისა (როგორც თავად სოსო ჯაჭვლიანმა დაგვითვალა) ფილმი საოცრად მონოტონურია. ძალაუნებურად გახსენდება ერთი ანეკდოტი სვანის დღიურის შესახებ, რომლის ყოველდღიური ჩანაწერები ასე გამოიყურება:
- მოწყენილი ვააარ.
- მოწყენილი ვააარ.
- ჩავუხტით ფარჯიანებს, ამოვწყვიტეთ.
- მოწყენილი ვააარ.
- მოწყენილი ვააარ.
- ჩავუხტით არღვლიანებს, ამოვწყვიტეთ.
- მოწყენილი ვააარ.
- მგონი ჩაჩხიანები მოდიან....
ალბათ იმიტომ, რომ ავტორებისთვის მთავარია ამბავი (ამბები) და არა ადამიანები. ვერც ერთი პერსონაჟი, მიუხედავად მისთვის დათმობილი საეკრანო მცირე თუ შედარებით დიდი დროისა, სისხლსავსე ადამიანად ვერ იქცა. შეიძლება ზოგზე ვთქვათ, რომ ის უფრო ბოროტია, მეორეზე - უფრო სამართლიანი, მესამე - ერთგული და ა.შ. მაგრამ სულ ეს არის. ერთი ნიშნით იწურება პერსონაჟთა დახასიათებები. და ეს ერთი ნიშანიც ისეთი შაბლონური, ხშირად კი ყალბი სიტუაციით, ჟესტით, მიმიკით არის მოწოდებული, რომ გამოცდილი მაყურებლისთვის მასზე თვალის დახუჭვა ძალზე ძნელი ხდება.
ძალაში შედის სტანისლავისკის ცნობილი ფრაზა: ”არ მჯერა”. და ეს ”არ მჯერა” ეხება არა უშუალოდ ამბავს (ალბათ უარესებიც მომხდარა რეალურ ცხოვრებაში), არამედ კონკრეტულ სიტუაციას და მის ხორცშესხმას ეკრანზე - რომ ასე სწრაფად და ცივსისხლიანად შეიძლება გადაწყვიტო საკუთარი შვილის ბედი, ასე უბრალოდ გაიმეტო ადამიანი ხის გულისთვის, რომელიც შემდეგ საერთოდ აღარ ფიგურირებს მოვლენათა მსვლელობაში, ძმის მკვლელობის შემდეგ ჯარს შეაფარო თავი, არც ჯარიდან მობრუნების შემდეგ გაწუხებდეს ეს და სამაგიეროდ ძმადნაფიცის სისხლის აღებაზე იფიქრო და ა.შ.).
მე იმის თქმა მინდა, რომ მაყურებელი შეიძლება დაარწმუნო ყველაფერში, დამაჯერებელი გახადო ყველაზე ალოგიკური საქციელიც კი, მაგრამ ამისთვის მოწოდებულია ხელოვნება და არა ამბის უბრალოდ დაფიქსირება სიტყვაში ან მისი ვიზუალური ილუსტრირება.
ჩანაფიქრით ფილმი აშკარად მოწოდებულია კათარსიზისთვის, მაგრამ სად, ფილმის რომელ ნაწილში ვეძებოთ იგი? ან რამდენი კათარზისი შეიძლება იყოს მხატვრულ ნაწარმოებში? ვფიქრობ ან ერთი, ან არც ერთი - მრავლობითი კათარსიზის პრეცედენტი რაღაც არ მახსენდება.
მაგრამ ქართველმა მაყურებელმა მაინც მოახერხა კათარზისის განცდა. კინოსეანსის შემდეგ ამ განცდების კვალის აღმოჩენა ადვილად შეიძლებოდა მავანთა და მავანთა სახეზე. თუმცა გასაკვირი არაფერია, წარმატება შეიძლება შედგეს სრულიად სხვადასხვა ფაქტორებისგან და მათ შორის ხელოვნების ხარისხს სულაც არ უკავია პირველი ადგილი. ამ შემთხვევაში ფილმში მოყვანილი ამბები იმდენად შოკისმომგვრელია, რომ ამგვარი უმი, გადაუმუშავებელი სახითაც კი ახდენს შთაბეჭდილებას იმ მაყურებელზე, რომლისთვისაც მთავარია ”რა” და არა ”როგორ”.
მით უფრო არ არის გასაკვირი ფილმის წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე. როგორც კინოცენტრის ვებგვერდიდან ვიგებთ, ფილმი კიევის კინოფესტივალზე ”ზოლოტოი ბრიგ” დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით, ხოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი დარეჯან ხარშილაძეს ერგო წილად; ასევე პრიზით ”ოქროს რემი” აღინიშნა იგი ჰიუსტონის 41-ე კინოფესტივალზე World Fest.
როგორც უკვე ვთქვით, ფილმი წინდაწინვე უცხო თვალზე იყო გათვლილი, უცხო თვალისთვის კი გაცილებით ძნელი აღსაქმელია სიყალბე დიალოგში და ინტონაციაში, ცხოვრებისეულ სიტუაციაში და ქცევაში, სამაგიეროდ მისთვის სხვა მხარეები გამოდის წინა პლანზე - ლამაზი ბუნება, ეგზოტიკური გარემო, არაორდინარული ისტორიები...
თანაც, როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო. მე არსებული კინოსურათი მაინც უფრო პროდიუსერებისთვის წარსადგენ სინოფსისად წარმომიდგება, მომავალი ფილმის (უფრო სწორად, ფილმების) ესკიზად, რომელიც ელის სრულყოფილ განხორციელებას. აკი, როგორც ამბობენ, ბოლივუდმა შეიძინა კიდეც ფილმის სცენარი ინდური რიმეიქის გადასაღებად. დაველოდოთ, როგორ გაშლიან მას ინდოელი ოსტატები და მომავალი წარმატებები ვუსურვოთ ფილმს.
19.05.08

და პოპ კორნი? პოპ კორნი არ ვიცი და ამბობენ, მთაში არაყი მიდის კარგადო.

ისე, ბოლივუდიდან არაფერი ისმის?