ქართული ფილმის პრემიერები გაგვიხშირდა. თუმცა ხარისხი უფრო ხშირად შეფასებასაც კი არ ექვემდებარება. ამიტომ ყოველი ქართული ფილმის სანახავად ერთგვარი შიშის გრძნობით მივდივარ. გამონაკლისი არც ლევან თუთბერიძის ახალი კინოსურათი „უშენოდ ალბათ მოვკვდები“ იყო. ფილმი, რომლის სახელწოდებაც აშკარად მელოდრამზე მიგვანიშნებდა, ანონსები კი - კრიმინალური დრამად წარმოგვიდგენენ.
ერთი დადებითი ნიშანი კი უკვე გამოიკვეთა: კარგია, რომ ქართველი რეჟისორები აღარ უკადრისობენ ჟანრულ კინოს; ისიც კარგია, რომ ცდილობენ ჟანრული სინთეზიც მოახდინონ, მაგრამ როცა არ არის ტრადიცია, როცა ფაქტობრივად გამოტოვებული გვაქვს „სუფთა ჟანრის“ საფეხური, სინთეზიც რაღაცნაირად ნაკლოვანი, ორივე ფეხით კოჭლი გამოდის ხოლმე. ასე რომ, საფრთხეები არსებობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო წლების ქართული კინოს ჭირად ქცეულ ყალბ სიტუაციებზე, ყალბ ინტონაციებზე და ყალბ დიალოგებზე.
საბედნიეროდ, მგონი გადავრჩით. ფილმის მოქმედება, რომელიც ორი თბილისელი ახალგაზრდის ერთი, თავიდან ჩვეულებრივად დაწყებული დღის განმავლობაში ვითარდება, ძალდაუტანებლად მიედინება. ეს ახალგაზრდები ერთ ქალაქში, ერთ უბანში ცხოვრობენ, საერთო ნაცნობებიც ჰყავთ, მაგრამ ცხოვრების წესით, მისწრაფებებით სხვადასხვა ორბიტაზე ტრიალებენ. საბოლოოდ კი მათი ცხოვრებისეული გზები საბედისწერო შემთხვევითობის წყალობით იკვეთება.
ფილმის პერსონაჟები ზედმეტი ფსიქოლოგიზმის გარეშე, მაგრამ ცოცხალ სახეებს ქმნიან (ალბათ შორენა ბეგაშვილის პერსონაჟის, ნინაკას გამოკლებით, რომელიც უფრო ფუნქციაა, ვიდრე ხასიათი), მათი გჯერა, მათი თანაგანცდა და თანაგრძნობა შესაძლებელია. თუმცა ისევ გვიჭირს ეკრანული საშუალებებით გრძნობების ისე გადმოცემა, რომ მას დამატებით სიტყვიერი გაშიფვრა არ დასჭირდეს, მაგრამ თუ არჩევანი ვულგარულობას, სიყალბესა და გრძნობების ბუნდოვანებას შორის დგება, ისევ ეს უკანასკნელი სჯობია.
ცუდი მხოლოდ ის არის, რომ მაყურებელი პირველი ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე ხვდება, როგორ დამთავრდება ფილმი. მაგრამ გავიხსენოთ ჰიჩკოკისეული სასპენსის ცნობილი ფორმულა, რომლის მიხედვითაც სასპენსი იქმნება მაშინ, როცა მხოლოდ მაყურებელმა იცის, რა მოუვა პერსონაჟს და არა თავად მოქმედმა პირმა. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად გამოცნობილი ფინალისა, ჰიჩკოკის ფორმულა აქაც მუშაობს დაძაბულობის შექმნაზე.
P.S. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებების ჩანაწერია, პირველ შთაბეჭდილებებს კი დაღვინება სჩვევია.

No comments:
Post a Comment