6 დეკემბერი ყველაზე
ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე დამქანცველი დღე აღმოჩნდა ჩემთვის.

თუმცა ფილმი ნამდვილად ღირდა საბრძოლველად. ხშირად ფილმის
წინმსწრები ქება-დიდება გადაჭარბებულ მოლოდინს გიქმნის და შემდეგ გაბრაზებულს გტოვებს
„უდანაშაულო“ კინოსურათის მიმართ, რომელსაც შენს გონებაში დაბადებული შედევრის ხატზე,
შესაძლოა, პრეტენზია სულაც არ ჰქონდა.

ახლაც - მიუხედავად შემზადებისა, იგივე მეორდება. მაგრამ
მიმოხილვითი ბლოგის ჟანრში რა უნდა ვთქვა ფილმზე, რომელზეც უკვე ბევრი დაიწერა? ალბათ მხოლოდ ის, რომ ქედს ვიხრი რეჟისორის და მისი
მსახიობების (85 წლის იმანუელ რივასა და 82 წლის ჟან-ლუი ტრენტინიანის) პიროვნული და
შემოქმედებითი სიმამაცის წინაშე, აღარაფერს ვამბობ ოსტატობაზე.
ორი საათი წამივით
გაფრინდა ამ საკმაოდ მძიმე და ყოველგვარ გარეგნულ ეფექტებისგან თავისუფალ ფილმზე და იქიდან გამოსული ფიქრობ, რომ წესით
დღე ამით უნდა დაამთავრო და კიდევ რამის ნახვა, მით უმეტეს შეფასება, მკრეხელობაც კია.
მაგრამ რას იზამ, როცა ფესტივალს სხვა კანონები
აქვს. წინ „ამირანისკენ“ - იქ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი
„კატინკას წვეულება“ (ინგლისურად Certain people, ორიგინალური
სახელწოდება Katinkas kalas) მელოდება.
არჩევანი გარდა რეჟისორის ქართული წარმოშობისა, მისმა
შარშან ნაჩვენებმა მოკლემეტაჟიანი ფილმის („ბოლო საქმე“-Last Thing, 2008) მიერ მოხდენილმა
კარგმა შთაბეჭდილებამაც განაპირობა. ვერ ვიტყვი, რომ ფილმი არ მომეწონა - საინტერესო
პერსონაჟები, საინტერესო ურთიერთობები, მაგრამ, მაინც მაგრამ... არის რაღაც, რამაც
თითქოს ძალიან ცოცხალი, ნამდვილი პერსონაჟები და მათი გულისტკივილი ჩემად ვერ გახადა.
ვინ იცის, შეიძლება ეს ჰანეკეს „სიყვარულის“
„დამსახურებაც“ იყო - კინომცოდნეც ადამიანია,
ბოლოს და ბოლოს.
და ისევ შვედური კინო, ისევ უკან „რუსთაველში“, ამჯერად
გაბრიელა პიხლერის ფილმზე „ძილი, ჭამა, სიკვდილი“. არაფერს განსაკუთრებულს არ
ველოდი, მაგრამ ფილმმა მოულოდნელად მშვენიერი
შთაბეჭდილება დატოვა. 16 წლის ალბანელი შვედი გოგონას, რაშას ისტორია შვედური კეთილდღეობის და სამოთხის სრულიად სხვა
მხარეს გვაჩვენებს.

ახალგაზრდა რეჟისორი მშვენივრად ახერხებს ერთმანეთს
შეუთანხმოს დაძაბულობა და სიმსუბუქე, და რაც მთავარია, არა მარტო გვაგრძნობინოს ამ
სიმსუბუქის მიღმა ტკივილი, არამედ კონკრეტული
პრობლემიდანაც გაგვიყვანოს და იმაზეც დაგვაფიქროს, რა ცხოვრებაა ეს, როცა გამომფიტავი, მექნიკური სამუშაოც
კი ცხოვრების აზრად იქცევა. ჭამა, ძილი და ბოლოს სიკვდილი.
ფესტივალის პროგრამა გრძელდება, სიმოვნებით ვნახავდი მოჰსენ
მახმალბაფის ახალ დოკუმენტურ ფილმს „მებაღე“, მაგრამ ისევ „ამირანისკენ“ გაბრუნების პერსპექტივას ჩემი შემართება
აშკარად ვეღარ უძლებს. ამიტომ ფესტივალს ხვალინდელ დღემდე ვემშვიდობები.